დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა თეიმურაზ ქორიძე 20 აგვისტოს გარდაიცვალა.
სასულიერო პირის მოულოდნელ გარდაცვალებას ჟურნალ „კარიბჭისა“ და „ლიტერატურული პალიტრის” მთავარი რედაქტორი, რადიო პალიტრის გადაცემის „რადიომკურნალის“ ავტორი თამარ მამაცაშვილი გამოეხმაურა, რომელიც გარდაცვლილს სოციალურ ქსელში ემოციურად დაემშვიდობა.
„ზუსტად 10 თვით დააბრუნა უფალმა ამქვეყნიური ღვაწლის გასაგრძელებლად...
დააბრუნა, რომ კიდევ ერთხელ ექადაგა ყველაზე დიდი და შინაარსიანი - ორსიტყვიანი ქადაგება: „ძალიან მიყვარხართო!“.
დააბრუნა, რომ ვენუგეშებინეთ... რომ ჩვენთვისაც ეამბა, რას გრძნობდა სიკვდილის სარეცელზე მყოფი...
ყოველი წამი ფუჭიაო უსიყვარულოდ, მხოლოდ სიყვარული გაგვყვებაო იმქვეყნად - სხვა ყველაფერი გაქრება და დაიკარგება, ყველაფერი ამაოებააო...
ღმერთმა მასაც და ჩვენც ერთმანეთის მადლიერების 10 თვე გვაჩუქა...
სიკვდილი არ არსებობს, როცა გიყვარსო - გვითხრა კიდევ ერთხელ და მოეფარა ჩვენს ამქვეყნიურ თვალს...
იმისთვის, რომ ჩვენც იმ სიყვარულის ძებნა დავიწყოთ, მისი თვალებიდან რომ იფრქვეოდა ქადაგებისას...
მისმა გულმა რომ ვეღარ დაიტია...
ნუ ტირი, სოფელო!
ნუ ტირი, მრევლო!
შენმა მოძღვარმა დიდი სიყვარულით აღვსილმა გადაინაცვლა მარადისობაში.
სასუფეველი გქონოდეს, მამაო...“, - წერს თამარ მამაცაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: