Digest Logo

„ყველა დისკომფორტზე წამლის მიღებაც შეცდომაა, როგორც ყოველ კონფლიქტზე ადამიანთან დაშორება...“ - რას წერს ლევან შელეგია

1777960878
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„კარგად გაიაზრე, რომ უფრო ხშირად იგრძნო თავი კარგად.

ჩაფიქრებას, სევდას ისევე აქვთ არსებობის უფლება, როგორც სილაღეს თუ ხალისს.

ხშირად პათოლოგიურ იარლიყს ვაკრავთ ხოლმე მინორულ სენტიმენტებს, ორდღიანი მოწყენილობა დეპრესიაში გვეშლება, ემოციურად მერყევი პერიოდი - ბიპოლარულ აშლილობაში.

არადა ყველა ჩვენგანის ბიო-ფსიქოლოგიურ რეპერტუარში მყარადაა გამჯდარი მეტ-ნაკლებად თანაბრად პოზიტიური და ნეგატიური, მხიარული და სევდიანი, ოპტიმიზმი და პესიმიზმი.

და, რა თქმა უნდა, ამ პოლუსებს შორის მყოფი უთვალავი რუხი ელფერის ემოცია: უაზროდ ყოფნა თუ გაურკვევლობა, რავი, ვარ, რა და დიდი-არაფერი…

ადამიანი დინამიკური და რეაქტიული არსებაა, ანუ ის მუდამ იცვლება და გარემოსთან კომუნიცირებს. შესაბამისად შესაძლებელია და ლოგიკურიც, დღის განმავლობაში განიცადო უამრავი განსხვავებული მდგომარეობა, პალიტრის ყველა ფერით. ამის გამო ნუ დაუსვამ თავს არასტაბილურობის ან მერყეობის დიაგნოზს.

პათოლოგიური პროცესები მაშინ იწყება, როცა ადამიანს გარკვეული მენტალური მოცემულობების გამო თავისუფლება ეზღუდება, ტანჯვა ემატება და ამის გააზრების შედეგად უკეთ ყოფნის სურვილი უჩნდება.
ისიც ფსოქოლოგთან და/ან ფსიქიატრთან ირკვევა საბოლოოდ, არის თუ არა გარკვეული მოცემულობა პათოლოგიური და საერთოდ სამკურნალო.

ყველა დისკომფორტზე წამლის მიღებაც შეცდომაა, როგორც შეცდომაა, ყოველ კონფლიქტზე ადამიანთან დაშორება.

თუ სევდიანი კარგად ხარ, თუ მელანქოლია ხელს არ გიშლის სიხარულში და არც სიხარული მელანქოლიაში, მაშინ გილოცავ - შენ კარგად ხარ!

მე, მაგალითად, სევდიანი მუსიკა კარგ ხასიათზე მაყენებს. ხშირად მარტო ყოფნა უფრო მავსებს, ვიდრე ხალხში. უჟმურ ამინდში შეიძლება უკეთ ვიგრძნო თავი, ვიდრე მზიანი ცის ქვეშ...

და თუ არ ხარ კარგად, მაგასაც აუცილებლად მოევლება! 

მთავარია მოინდომო და სწორი გადაწყვეტილებები(ს) არ დაგეზაროს-შეგეშინდეს.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„გამოიყენე ეს დღე და შექმენი შენი სასურველი რეალობა ...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი „ავატარის წერტილზე“

„არასასურველია ექიმთან ვიზიტი, ქირურგიული ჩარევა...“ - 5 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

სალომე ბაკურაძის და ლაშა ბასლანძის შვილი 10 წლის გახდა - „ყველაზე მაგარ კაცს ვულოცავ“