Digest Logo

„ყველა სტიმული დაინგრევა, მხოლოდ რწმენაა ის, რაც არასოდეს გატყდება, უხილავი სასწაული, რაც ჩვენს გულებს ანათებს“ - თეო ხაბულიანი

1778656322
დედამიწა და ადამიანი

ხშირად ადამიანებს გვგონია, რომ ტანჯვა მხოლოდ გარედან მომხდარი მოვლენაა, მაგრამ ის არის შინაგანი წინააღმდეგობა რეალობასთან.

როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ ცხოვრება ისეთი იყოს, როგორიც მის გონებას უნდა და არა ისეთი, როგორიც არის, სწორედ იქ იბადება ტანჯვა.

ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ ტკივილს სხვა ადამიანი, მიტოვება, უარყოფა, ღალატი, ფული, სტატუსების დაკარგვა ან მარტოობა ქმნის, მაგრამ სინამდვილეში ეს მოვლენები მხოლოდ ააქტიურებს იმას, რაც უკვე ცხოვრობდა მის ქვეცნობიერში.

ქვეცნობიერად ტანჯვას ბადებს პროგრამები, რომლებიც ადამიანს ბავშვობიდან ეწერება. მე არ ვარ საკმარისი, მე არ ვიმსახურებ სიყვარულს,თუ მიმატოვებენ დავინგრევი, სიყვარული ტკივილია, უსაფრთხო არ არის ვიყო მე ანუ ის ვინც ვარ და ასე შემდეგ.

ეს პროგრამები ადამიანის ენერგეტიკულ და ფსიქიკურ სისტემაში რეალობად იქცევა.შემდეგ ცხოვრება იწყებს იმავე სცენარების გამეორებას, რომ ადამიანმა დაინახოს თავისი დაუმუშავებელი შიდა სამყარო.

ზოგ ადამიანს ბედნიერებაც კი აშინებს, რადგან ტანჯვა მისთვის უფრო ნაცნობი მდგომარეობაა, ვიდრე მშვიდობა.
ცნობიერ დონეზე ტანჯვას ქმნის წინააღმდეგობა აწმყოსთან.გონება მუდმივად ებრძვის იმას, რაც უკვე მოხდა ან ჯერ არ მომხდარა.ადამიანი ან წარსულში ცხოვრობს, ან მომავლის შიშში.

იშვიათად არის აქ და ახლა.და როცა ცნობიერება აწმყოდან გადის იწყება შფოთვა, სიცარიელე და ყველაფერი ის რაც ტანჯვას ქმნის.

ტანჯვას ბადებს მოლოდინიც. როდესაც ადამიანი ამბობს რომ „ასე არ უნდა მომქცეოდა“, „ეს არ უნდა მომხდარიყო“, „მან პირობა მომცა“, „ცხოვრება სხვანაირი უნდა ყოფილიყო“, ის ამ დროს რეალობას ებრძვის და რაც უფრო ძლიერია წინააღმდეგობა, მით უფრო ძლიერია ტანჯვა.

ეგოდან ტანჯვა იბადება იდენტობებისგან. ანუ, ეგო ქმნის როლებს რომ„მე ვარ მიტოვებული“,„მე ვარ მსხვერპლი“,„მე ვარ უარყოფილი“,„მე ვარ შეუმჩნეველი“, „მე ვარ ის, ვისაც უღალატეს“.

შემდეგ ადამიანი ამ ისტორიებს ებღაუჭება, რადგან ეგოსთვის ტკივილიც კი იდენტობის ნაწილია. ძალიან ხშირია როდესაც ადამიანი აღარ ტირის მხოლოდ მოვლენის გამო და ტირის იმ „მე“-ს დაკარგვის გამო, რომელიც ამ ურთიერთობაზე, სტატუსზე ან ადამიანზე ააშენა.

ეგოს არ უყვარს დაშლა, ამიტომ როდესაც ცხოვრება ძველ ილუზიებს ანგრევს, ეგო ამას სიკვდილივით აღიქვამს.
სწორედ ამიტომ ცვლილების პროცესში ადამიანები ხშირად განიცდიან ძლიერ ტკივილს, სიცარიელესა და ქაოსს.
ფსიქოლოგიურად ტანჯვას აძლიერებს ჩახშობილი ემოციები.რაც უფრო დიდხანს გარბის ადამიანი საკუთარი ტკივილისგან, მით უფრო ღრმად ილექება ის სხეულში, ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაში.

დაუტირებელი ცრემლები, უთქმელი სიტყვები, ჩახშობილი ბრაზი, უარყოფილი შიში ეს ყველაფერი შინაგან ტანჯვად იქცევა.

აი, ხომ არის ზოგჯერ ადამიანი ამბობს, „არაფერი ხდება, მაგრამ ცუდად ვარო“. ეს ხდება რადგან სხეულს ახსოვს ყველაფერი, რასაც გონება გაურბოდა. ტანჯვა იბადება მაშინ, როცა ადამიანი საკუთარ თავს სამყაროსგან განცალკევებულ არსებად აღიქვამს. როდესაც მას ჰგონია, რომ მარტოა, მოწყვეტილია სიცოცხლეს, სიყვარულს, ღმერთს, მთლიანობას აი მაშინ ჩნდება ეგზისტენციალური სიცარიელე.

ადამიანი იწყებს გარეთ ძიებას იმის, რაც შიგნით დაკარგა.ამიტომ ებღაუჭება ადამიანებს, ნივთებს, სტატუსებს, აღიარებას, რადგან ჰგონია, რომ ისინი შეავსებენ მის შიდა სიცარიელეს, მაგრამ რაც გარედან მოდის დროებითია.
და როდესაც დროებითი ქრება, ადამიანი ისევ თავის თავში დაუნახავ სიცარიელეს აწყდება.

ტანჯვის ყველაზე დიდი ფესვი კი არის დავიწყება. დავიწყება იმისა, თუ ვინ არის ადამიანი სინამდვილეში.
როდესაც ადამიანი მთლიანად ხდება გონება, ისტორია, ტრავმა, როლი, იდენტობა ის კარგავს კავშირს საკუთარ არსთან და რაც უფრო შორდება ნამდვილ ბუნებას, მით უფრო იზრდება შინაგანი ტკივილი, მაგრამ ტანჯვას აქვს მეორე მხარეც.

ხშირად სწორედ ტკივილი აღვიძებს ადამიანს, ანგრევს ილუზიებს, ამსხვრევს ყალბ იდენტობებს, აიძულებს საკუთარ თავში ჩასვლას. რადგან ზოგჯერ ადამიანი მხოლოდ მაშინ იწყებს საკუთარი თავის ძიებას, როცა ყველაფერი, რასაც ეყრდნობოდა, ინგრევა.

ამიტომ ტანჯვა ყოველთვის დასასრული არ არის. ხშირად ის გადასასვლელია. ძველი ცნობიერებიდან ახალში.
ეგოდან არსში, ილუზიიდან სიმართლეში და როცა ადამიანი იწყებს საკუთარი ტკივილის დანახვას არა როგორც სასჯელს, არამედ როგორც გზას საკუთარი თავისკენ სწორედ იქ იწყება ნამდვილი განთავისუფლება.

ჩვენ მსოფლიო სისტემები ბავშვობიდან გვინერგავდნენ რომ მსხვერპლი ვართ, რადგან ადამიანი რომელსაც ჰგონია რომ მსხვერპლია , ტანჯვაშია და ტანჯვაში მყოფი საზოგადოება ადვილი სამართავია.

ჩვენი მშობლებიც ამ პროგრამებს ატარებდნენ და იმათი მშობლებიც, რეალურად კი ღვთის მიერ ქმნილი სამყარო სამსხვერპლო არ არის ის მარადიულობაა.

წარმოიდგინეთ ტვინში ჩამჯდარი ეშმაკი, რომელიც არ გაცდის დაინახო არსებობის სილამაზე, რომელიც გამუდმებით მწუხარებას უკმაყოფილებას, უმადურებასა და ამპარტავნებაში გამყოფებს, რომელსაც უნდა დაგაჯეროს, რომ ღმერთი უსამართლოა, როგორც კი შენს მაგ ნაწილს დაინახავ გონებაში და გარდაქმნი მას ცნობიერად მაშინვე გაქრება ის ეგოსმიერი ბუნება, რომელიც ღმერთს გაშორებდა და წინ უსასრულო სიმშვიდე გადაგეშლება..

არ უსმინო შენში იმ ნაწილს, რომელიც გეუბნება, რომ მსხვერპლი ხარ. მიიღე შენი ცხოვრების ყოველი ტკივილი როგორც გამოცდილება, რომელიც ღვთის ნებით მოგევლინა და არ შეიტანო ეჭვი, რომ ეს ასე იყო საჭირო და ნახავ რამხელა სიმშვიდეს პოვებს შენი სული...

ადამსა და ევას ყველაფერი მისცა ღმერთმა, თუმცა არ იკმარეს, ასე ვართ სიმბოლურად ადამიანებიც, ღმერთმა მთავარი მოგვცა მარადიულობა ჩვენ კი ყოველდღიურ პრობლემებს ისე ვყავართ შეყოლიებული, რომ მადლობაც კი არ გვემეტება ღმერთისთვის, რომ ვარსებობთ. 

ყველა სტიმული დაინგრევა, მხოლოდ რწმენაა ის, რაც არასოდეს გატყდება...

რწმენაა ის უხილავი სასწაული, რაც ჩვენს გულებს ანათებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მოემზადეთ! 7-წლიანი რევოლუცია, ფინანსური და სულიერი ტრანსფორმაცია...“ - ასტროლოგიური პროგნოზი მორიელის ნიშნისთვის

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც 2026 წლის ზაფხულში ცხოვრების რადიკალურად შეცვლას შეძლებენ

„ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება გაჭიანურდეს, შეიცვალოს მიმართულება ან საერთოდ გაჩერდეს...“ - უკურსო მთვარის დღეები მაისში