აზერბაიჯანში, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი.
მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა:
„ყველას უნდა ოქროს მედალი, მაგრამ არავინ ხედავს იმ ტკივილს, რომელიც მის მიღმა დგას… 🥋
სპორტი მხოლოდ გამარჯვება არ არის. ეს არის წლები შრომის, მსხვერპლის, იმედების და ემოციების, რომელთა გადმოცემაც ზოგჯერ სიტყვებით შეუძლებელია.
ვერცხლიც გამარჯვებაა, მაგრამ როცა იცი, რამდენი იშრომე ოქროსთვის, გული სხვანაირად გტკივა. ეს ტკივილი კი უფრო ძლიერი დაბრუნების მოტივაციად უნდა აქციო“, - წერს ეთერ ლიპარტელიანი.
57 კგ. წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ჯერ ურუგვაელი მაია ლეოპოლდი და შემდეგ ბრაზილიელი სარა სოუზა დაამარცხა იპონით, მეოთხედფინალში ხორვატ ვიქტორია ანა პულიუზს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში დამატებით დროში გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია.
ფინალში ეთერის მეტოქე იაპონელი აკარი ომორი იყო, რომელთანაც უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს ორი შიდოც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ იაპონელმა მოიგო, რომელმაც ეთერი შებოჭვაზე დაიჭირა.
ცნობისთვის, შეხვედრა 6 წუთს გაგრძელდა და ფინალის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. მოგეხსენებათ, ლიპარტელიანი ბაქოში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით გამოდიოდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გურამ თუშიშვილმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა მოიგო
⭕რა დიზაინი გააძლიერებს სიუხვის ნაკადს და ფრჩხილის რომელი ფორმა უნდა აირჩიოთ ოქტომბერში