გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაიღუპა ყველა, ვინც ვერტმფრენში იმყოფებოდა და სამაშველო ოპერაციის განსახორციელებლად მიდიოდა. ვერტმფრენს 35-წლიანი გამოცდილების მქონე მფრინავი – ზაზა ლორია მართავდა.
– ანი, როგორი იყო მამას დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი?
ანი ლორია (ზაზა ლორიას შვილი): როგორც თვითონ ამბობდა, თუკი ამ პროფესიით „დაავადდი“, ძნელია განკურნება. თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო, სხვაგვარად წარმოუდგენელიც არის, 35 წელი ერთ საქმეს ემსახურო. ყოველთვის ედარდებოდა ავიაციის ბედი და საკუთარი შვილებივით ზრდიდა მომავალ თაობას. ამაყად წავალ, ჩემს შემდეგ ჩემი ბიჭები განაგრძობენ გზასო.
– როგორ დაიწყო მისი, როგორც მფრინავის, კარიერა და რა გზა გაიარა აქამდე?
– 1989 წელს დაამთავრა საავიაციო სასწავლებელი რუსეთში, სადაც გამანადგურებლებით დაფრინავდა. საქართველოში დაბრუნებისთანავე აფხაზეთის ომში მოუწია ფრენა – ჰუმანიტარული დახმარება ჩაჰქონდა, დაჭრილი და გარდაცვლილი ჯარისკაცები გადმოჰყავდა. იქიდან მოყოლებული, მთელი თავისი ცხოვრება ემსახურა საქართველოს. ასრულებდა სამაშველო და სახანძრო ოპერაციებს. იყო შემთხვევები, როცა დღეში რამდენიმე მსგავსი ოპერაციის შესრულებაც უწევდა, ასევე, სამოქალაქო ფრენები მთიან რეგიონში, ჩარჩენილი მოსახლეობის ტრანსპორტირების ან გადაუდებელი დახმარების დროს. იყო ყველგან, სადაც მის დახმარებას საჭიროებდნენ.
– როგორი იყო თქვენი ოჯახური ცხოვრება? ალბათ, მამის საქმიანობის გამო დაძაბული იყო, იმის შიშით, რომ რამე არ დამართოდა...
– არა, ასე ნამდვილად არ იყო. ჩვენი და ნებისმიერი მფრინავის ოჯახში ფრენა ყოველდრიურობასთან ასოცირდება. მეტსაც გეტყვით, მთელი ბავშვობა მოუთმენლად ველოდი ხოლმე ცაზე მის გამოჩენას. დაგვირეკავდა: მოვფრინავ და გულის ფანცქალით, ხელგაშლილი მივრბოდი მის დასახვედრად. დაბალზე იცოდა გადმოფრენა, ვერტმფრენის გუგუნი და ეს ენით აღუწერელი ემოციები უდიდეს სიამაყესა და სიხარულს მგვრიდა, რომელიც შემდეგ ჩემმა შვილმა, საბამ გადაიბარა. დღემდე მისთვის ყველა ვერტმფრენი ბაბუასთან ასოცირდება.
– ბოლოს როდის გქონდათ მასთან შეხვედრისა და საუბრის საშუალება?
– ბოლოს ტრაგედიის დილას ვისაუბრეთ, შვილიშვილებთან ერთად ისაუზმა და შევთანხმდით, რომ საღამოს აეროპორტში შევხვდებოდით. ბავშვებთან ერთად ვერტმფრენში ფოტოების გადაღება გვქონდა დაგეგმილი.
– როგორ გაიგეთ მომხდარის შესახებ?
– როგორც გვქონდა დაგეგმილი, საღამოს გავემზადეთ, დედასთან და ბავშვებთან ერთად აეროპორტის გზას დავადექით, რა დროსაც მობილურზე ატყდა განგაში, შეტყობინებები: „ხომ მშვიდობაა?“ თავიდან ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, შემდეგ ჩემი ძმის ზარი: „მამა სად არის?“ ვუპასუხე, რომ ყაზბეგში გაფრინდა, მისი რეაქციით მივხვდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, გავხსენი სოციალური ქსელი და მას შემდეგ დღემდე ჭიდილში ვარ, ტვინი არ უშვებს იმ ფაქტს, რაც მოხდა.
– რას ნიშნავს, იყო ასეთი ადამიანის შვილი?
– მამაჩემი სიცოცხლეშივე იყო ჩემი გმირი და ბედნიერი ვარ, რომ ეს არაერთხელ მოუსმენია ჩემგან. ზღაპარში გვაცხოვრა, რომელსაც სიკვდილითაც არ მისცა დასრულების ნება. დღეს იმაზე ამაყი ვარ, ვიდრე ოდესმე...
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ბორჯომში მაშველების მიერ გადარჩენილი პატარა ცხოველი“ - უსაყვარლესი ვიდეო
🎥 „შევეგებოთ გამარჯვებულ მეფე ნარიმანს!“ - ახალი კადრები მდუმარე ბერის სახლიდან
წყარო: tbiliselebi.ge