Digest Logo

„ადამიანს, რომელსაც მართლა ისეთი ეგონები, როგორ როლსაც ასრულებ, რა უნდა უპასუხო?“ - როგორია თამთა ხმალაძის ცხოვრება სერიალს მიღმა

1665505732
თამთა ხმალაძე

თამთა ხმალაძე სერიალში „სიყვარულს მიღმა“ ლაკოს როლს ასრულებს, გოგონასი, რომელიც საკუთარ გარეგნობასა და მამაკაცების მის მიმართ კეთილგანწყობას ბოროტად იყენებს.

მსახიობთან ინტერვიუ „თბილისელებმა“ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს: 

თამთა ხმალაძე: პროდიუსერმა მომწერა ამ როლის შესახებ. მიცნობდა, ადრე სხვა სერიალის კასთინგზე ვიყავი ნამყოფი და ამ როლზე დამირეკეს. მომიყვა პერსონაჟის შესახებ, მაგრამ თავდაპირველი სცენარი ახლანდელისგან ცოტა განსხვავდებოდა. ის, რომ ეს გოგო ორ ბიჭს ერთად ხვდება და ისეთია, როგორიც არის, არ ვიცოდი, სცენარი თანდათან იწერება და ესეც ტრანსფორმირდა (იცინის). მგონი, ამ სერიალში ერთადერთი გმირია, რომელიც ცალსახად უარყოფითია და ვერ ვიტყვი, რომ მასში რამე მომწონს. რა კუთხითაც არ უნდა შევხედო, ვერ გავამართლებ. თუმცა, მგონია, რომ დღევანდელ რეალობას ერთი ერთში ასახავს. იმ ადამიანებიდან, ვინც ლაკოსავით ცხოვრობენ, ზოგი, შეიძლება კარგი შვილი იყოს, ზოგი კარგი მეგობარი. ლაკოსთან მსგავსიც არაფერი ჩანს, მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ გამომძალველია და იყენებს კაცებს. არავინ ადარდებს, გრძნობა არ აქვს, უბრალოდ, ამით ცხოვრობს. ბევრი მსგავსი ისტორია გამიგია და მგონია, რომ ბევრი გოგო ამოიცნობს მასში საკუთარ თავს, ბევრი ბიჭი კი მიხვდება, რომ კასპერას როლშია.

როცა სცენარი ასე განვითარდა, დავიძაბე, ვიფიქრე, მაყურებელი ჩემს როლთან ხომ არ გამაიგივებდა. არ მესიამოვნა ამის წარმოდგენა, მაგრამ რომ დავფიქრდი, ადამიანს, რომელსაც მართლა ისეთი ეგონები, როგორ როლსაც ასრულებ, რა უნდა უპასუხო? როლზე უარი მითქვამს, თუ ჩემთვის რამე მიუღებელი ყოფილა. თამამ სცენებზე, როგორც წესი, უარს ვამბობ. აქ კოცნის სცენაც კი არ ყოფილა. უფრო სწორად, სცენარში იყო, მაგრამ ისე გადავიღეთ, კოცნა არ ყოფილა – თავზე ვაკოცე და ამაზე ძალიან ბევრი ვიცინეთ. თამამ სცენებში მონაწილეობა მე თვითონ არ მინდა, არა იმიტომ, რომ ვინმემ რამე არ თქვას, უბრალოდ, არ მომწონს, მაგრამ კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ამ როლში არაფერი იყო ისეთი, რის გამოც უარი უნდა მეთქვა.

– ლაკოს მიმართ ბიჭებს აგრესია გაუჩნდათ?

– ბუნებრივიცაა, ვერ გაამტყუნებ. სასაცილო ისაა, რომ რეალობაში ვერ ცნობენ ასეთ გოგონებს. ლაკოსაც არ აქვს გაიძვერის გამომეტყველება და როგორც წესი, რეალურ ცხოვრებაშიც ასეა, ასეთი გოგონები ანგელოზის სახით გვევლინებიან. ამიტომ ბიჭები ვერ აღიქვამენ, როცა მსგავსი რამ მათ თავს ხდება. სერიალში რომ უყურებენ, ძალიან ბრაზდებიან და აგრესიას გამოხატავენ. კარგია, ჩემ გარშემო მყოფი რამდენიმე ბიჭიც დაინახავს თავის თავს კასპერაში და გოგოები – ლაკოში.

– ლაკოსთან საერთოს ვერაფერს პოულობ?

– მე ბევრი რამით არ ვგავარ. უფრო სწორად, მხოლოდ გარეგნობით ვგავარ და კიდევ, მანქანა გვყავს ერთნაირი (იცინის). თუმცა, თუ ვინმესთვის მანქანა დამიზიანებია, გამიკეთებია. მე პირიქით ვარ, ვინმე თუ ცდილობს, პატივი მცეს, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს. შეიძლება, ესეც არ არის სწორი, მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, არანაირი მიმღებლობა არ გაგაჩნიაო. მგონი, ასეთი რადიკალურობაც არ შეიძლება, თუმცა, არც ლაკო უნდა იყო. ზომიერება არის საჭირო. საჩუქრებს არავისგან ვიღებ. ადამიანი თუ არ მოგწონს, მისგან საჩუქარიც არ უნდა მიიღო.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ნათია თოდუა დაქორწინდა - ვინ არის მომღერლის რჩეული

🔵„ბოროტი ადამიანების და ცრუ ინფორმატორების საყურადღებოდ...“ - რას წერს ეკო ფანგანი

🔵როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზე - აქამდე უცნობი ისტორია

წყარო: tbiliselebi.ge