„ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი“... ხომ გახსოვთ, 13-ზე ამბობენ, საკრალური რიცხვიაო...
დიახ, ვიღაცისთვის „თარსი“ რიცხვია ვიღაცისთვის არა... დუდუ დადიანისთვის 13 ნომრად თამაში, ალბათ სულაც არ იყო თარსი, რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი და „ვითას“ კაპიტანი გახლდათ.
მისი გზა კაპიტნობიდან კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტობამდე რთული და საინტერესო იყო. მან თავად შექმნა იმდროინდელი საკალათბურთო ისტორია და აშშ-დან არეულ სამშობლოში დაბრუნდა.
დიახ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დუდუს შეეძლო კარიერა აეწყო საზღვარგარეთ და დიდი წარმატებისთვისაც მიეღწია, მაგრამ 13-მა ნომერმა საქართველოში ჩამოსვლა და თავის „მკვლელთან პირისპირ“ შეხვედრა ამჯობინა.
ბიოგრაფია
დავით დუდუ დადიანი, რობერტ დადიანისა და გურანდა ტყავაძის ვაჟი, ისტორიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ნიკო დადიანის შთამომავალი პოპულარული კალათბურთელი გახლდათ.
მას ორი დედმამიშვილი ჰყავდა: მაკა და ლევანი. დავითს დედა ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა. ის მამამ და ბებიამ აღზარდეს. მას „დუდუს“ მეტსახელით იცნობდნენ.
„დედაჩემი, გურანდა ტყავაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, თავისი დედა ყველას არაჩვეულებრივი ჰგონია, მაგრამ ის მართლა ასეთი იყო. ულამაზესი, მშვიდი. სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა სიმსივნით.
მე იმ წელს სკოლას ვამთავრებდი, ჩემი მეორე ძმა, ლევანი, მეექვსე კლასში იყო, დუდუ კი სულ პატარა.
დედა თითქმის ვერც დაიმახსოვრა. დედას ოცნება იყო პიანისტი გავმხდარიყავი, კონსერვატორიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი, მაგრამ იმ წელს ისეთი ტრავმა მივიღე, რომ ინსტრუმენტს საერთოდ ვერ ვეკარებოდი.
დუდუს კალათბურთელობაც დედას ოცნება იყო. კალათბურთზე გიჟდებოდა და უნდოდა, მისი შვილი პროფესიონალი კალათბურთელი ყოფილიყო, თანაც მაინცდამაინც დუდუ.
სულ გული მწყდებოდა, რომ დედას არ უნახავს დუდუს თამაში და წარმატებები.
რამდენადაც დედა რბილი იყო და ძალიან გვათამამებდა, იმდენად თავშეკავებულები ვიყავით მამასთან“,- იხსენებდა დუდუს და მაკა დადიანი.
დუდუ ბავშვობიდანვე სპორტით იყო დაინტერესებული. მან თავი ფარიკაობასა და ფეხბურთში მოსინჯა, ყმაწვილკაცობაში ნადირობამაც გაიტაცა.
ნადირობის სიყვარული მას მთელი ცხოვრების მანძილზე არ განელებია. (ერთ-ერთი სანადირო ლაშქრობის დროს დუდუმ და მისმა მეგობრებმა, უნებლიეთ, აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთეს; ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს და რამდენიმე დღე იმამ შამილის ძველ კოშკში ჰყავდათ გამომწყვდეული, სანამ ნათესავებმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტუაცია აუხსნეს.) მაგრამ ყველაზე მეტად მაინც კალათბურთი უყვარდა.
კალათბურთით შეპყრობილი
9 წლის ასაკში ძმის წყალობით დუდუ პირველ საკალათბურთო მატჩს დაესწრო და მაშინვე ამ თამაშის მოტრფიალე გახდა.
მისი პირველი მწვრთნელი, თავადაც ცნობილი კალათბურთელი, მიხეილ ზახალინი გახლდათ.
ზახალინმა შეამჩნია დუდუს ნიჭი და ურჩია, სპეციალიზებულ სკოლაში გადასულიყო, სადაც კალათბურთს უკეთ დაეუფლებოდა.
სკოლაში დუდუს მწვრთნელი შოთა იანქოშვილიც აღფრთოვანებული იყო ბიჭუნას მონაცემებით და მასთან პერსონალურ ვარჯიშს დიდ დროს უთმობდა.
შედეგად, დუდუს შესაძლებლობა მიეცა, ახალგაზრდულ გუნდ „მართვეში“ ეთამაშა. ეს გუნდი საუკეთესო სტარტად მიიჩნეოდა ნორჩი კალათბურთელებისათვის.
როდესაც დუდუ 15 წლის გახდა, იგი თბილისის 58-ე სპორტსკოლაში გადაიყვანეს, სადაც კალათბურთის გაკვეთილები სასწავლო პროგრამაში შედიოდა.
სამი წლის შემდეგ, როდესაც დუდუ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, უკვე საქართველოს საუკეთესო საკალათბურთო კლუბ „დინამოში“ თამაშობდა. სკოლის დამთავრებისთანავე ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. ინსტიტუტში სწავლის პერიოდში იგი პროფესიონალ კალათბურთელად ჩამოყალიბდა.
შემდეგ დუდუ გუნდ „ვითაში“ გადავიდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონის სახელი მოიპოვა. საქართველოში მოპოვებულმა წარმატებამ „ვითას“ საშუალება მისცა, უცხოურ, მათ შორის საბერძნეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის, გუნდებს შეხვედროდა.
1995 წელს დუდუ საქართველოს ეროვნულ ნაკრების წევრი და „ვითას“ კაპიტანიც გახდა.
13 ნომერი ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, „ვითას“ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
მთელი კარიერის განმავლობაში დუდუმ სახელი აგრესიული, უხეში, თამაშის სტილით გაითქვა, მაგრამ გულის სიღრმეში იგი ჭეშმარიტი სპორტსმენი იყო.
მაგალითად, 1996 წელს, საბერძნეთთან მატჩის დროს დუდუს ძალისმიერმა სტილმა მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშესთან ხელჩართულ ბრძოლამდე მიიყვანა.
მაგრამ თამაშის შემდეგ მან ულამაზესი ქართული ხალიჩა იყიდა და ბერძენ მოთამაშეს სამშობლოში გამგზავრებამდე აეროპორტში საჩუქრად გადასცა.
დუდუს როგორც პროფესიონალი კალათბურთელის კარიერა ზენიტში იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის დაცემამ საქართველოში უმწვავესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.
დუდუმ რამდენიმე თვე შეერთებულ შტატებში გაატარა და შეეცადა, თავისი კარიერის აგება ამ მოვლენებისაგან შორს გაეგრძელებინა. თუმცა, მალე საქართველოში დაბრუნდა, რადგან თვლიდა, რომ სამშობლოში ყოფნა აუცილებელი იყო.
კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტობა
30 წლის ასაკში დუდუმ კალათბურთის თამაშს თავი დაანება და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა;
მას ეს თანამდებობა გარდაცვალებამდე, 2002 წლამდე, ეკავა. ფიზიკურად დუდუს კიდევ შეეძლო თამაში, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ახალ ამპლუაში დახმარებოდა ქართულ სპორტს.
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, მან რამდენიმე პროექტი განახორციელა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთა კალათბურთის პროგრამების ხელშეწყობა იყო.
აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ კალათბურთის ტექნიკისა და საფუძვლების შესწავლას ფართო მეცნიერული პერსპექტივიდან მიუდგა და რელიგიისა და ფილოსოფიის საკითხებსაც ჩაუღრმავდა;
მას განსაკუთრებით ბუდისტური ლიტერატურა იზიდავდა. განათლებული კოსმოპოლიტი დუდუ ფლობდა ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.
ინტერვიუს ფრაგმენტი დუდუ დადიანის დასთან, მაკა დადიანთან:
ჩვენ ოჯახში კატეგორიულად იკრძალებოდა კარტის თამაში და, საერთოდ, ყველანაირი აზარტული თამაში, ნარდიც კი.
- დადიანებში ნარდის თამაში რატომ იყო აკრძალული?
- ზუსტად დადიანობის გამო. ცოტა შორიდან დავიწყებ. მამაჩემის მშობლები, დედაც და მამაც, ორივენი დადიანები იყვნენ, ოღონდ სრულიად სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები, არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ, მარტო მოგვარეები იყვნენ.
ორივეს ოჯახი ძალიან მდიდარი იყო. მე ბაბუა არ მახსოვს, ბებიაჩემი კატია დადიანი კი ნამდვილი თავადის ქალი იყო. თავის ახალგაზრდობას რომ იხსენებდა, სიამაყით გვიყვებოდა, როგორ დადიოდნენ პირადად მასთან იუველირები, ვაჭრები, დაჰქონდათ არაჩვეულებრივი ქსოვილები, როგორი კაბები ეცვა. მე კაბების ამბები მაინტერესებდა, ჩემს ძმებს ცხენებისა და თოფ-იარაღის. მონუსხულები ვუსმენდით მის მონაყოლს, განსაკუთრებით დუდუ.
მგონი, ამ დროიდან შეუყვარდა ასე ცხენები და საერთოდ, თავადური რომანტიკა. მისთვის დადიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სულ მინდოდა, იმ ულამაზესი ნივთებიდან, რომლებსაც ბებიაჩემი იგონებდა, თუნდაც ერთი მაინც საკუთარი თვალით მენახა, მაგრამ ჩვენ არაფერი გვქონდა, საერთოდ არაფერი. თითქოს, რასაც ბებია ჰყვებოდა, მხოლოდ ზღაპარი იყო, ან სიზმარი, რომელიც გაქრა... რომ არა დღემდე ჩემს სახლში შენახული, ბებიას შეგროვილი მე-19 საუკუნის პეტერბურგში გამოცემული ჟურნალ-გაზეთების უზარმაზარი კოლექციისა, რომლებშიც ზოგჯერ ჩვენი ოჯახის შესახებაც წერდნენ, კატია დადიანის მოთხრობილი ამბები მართლა სიზმარი მეგონებოდა, მაგრამ ბებია ამ ამბებს რატომღაც მხოლოდ მაშინ გვიყვებოდა, როდესაც მარტონი ვრჩებოდით. მამაჩემის თანდასწრებით ის თავიანთი ოჯახის ძველ დიდებას და სიმდიდრეს არასდროს ახსენებდა.
- ალბათ, გასაბჭოების შემდეგ ჩამოართვეს დადიანების მთელი ქონება...
- საქმეც მაგაშია, რომ არაფერი ჩამოურთმევიათ. ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა მანამდე წააგეს კარტში ყველაფერი, რაც გააჩნდათ.
სრულიად უსახსროდ დარჩნენ. მამაჩემმა ბავშვობა საშინელ გაჭირვებაში გაატარა, ბებია ამბობდა, რად მინდოდა ის ქონება, მაინც მოვიდოდნენ კომუნისტები, ყველაფერს წაიღებდნენ და ძალიანაც კარგი ვქენი, როგორც მინდოდა ისე რომ გავფლანგეო. საერთოდ, ძალიან უდარდელი იყო, მართალია, არაფერი გააჩნდა და მისი თავადობა და დადიანობაც არავის აინტერესებდა, მაგრამ მბრძანებლური ხასიათი ბოლომდე შერჩა, ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებდა.
ერთი ეს იყო, მამაჩემის თანდასწრებით კარტის და ნარდის თამაშს ვერ ბედავდა. ჩვენც კატეგორიულად გვეკრძალებოდა თამაში, მე დიდი სურვილი არც მქონდა, მაგრამ ბებია მიიჩნევდა, რომ კარგად აღზრდილი ადამიანი კარტს აუცილებლად უნდა თამაშობდეს და თანაც ფულზე.
ფული არ ჰქონდა ხოლმე და პენსიას ელოდებოდა, რომ ჩვენთან ფულზე ეთამაშა. ყველაზე მეტად დუდუ აქტიურობდა.
მთელი დღე კატიასთან ერთად იყო და თუ თამაშის პერიოდი იყო, ანუ თუ ბებიას პენსია ჰქონდა აღებული, სახლიდან არ გადიოდა, დილიდან საღამოს 7:00 საათამდე, მამაჩემის სამსახურიდან დაბრუნებამდე, თამაშობდნენ.
ერთ დღეს ძალიან შეჰყვნენ თამაშს და მამას მოსვლა გამოეპარათ, მოულოდნელად მოვიდა და რას ხედავს, დედამისი და თავისი შვილი ისეთი გატაცებით თამაშობენ, ვერაფერს ამჩნევენ. მაშინ ვნახე პირველად, როგორ დაიყვირა მამამ ბებიას თანდასწრებით და როგორ დასაჯა დუდუ, რომელიც ყოველთვის მისი ფავორიტი იყო.
- ის, რომ 90-იანი წლების თბილისის ყველაზე ლამაზი და პოპულარული ბიჭი გახდა, მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა იყო?
- არა, დუდუ საოცრად თავმდაბალი იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ძმაა, არც იმიტომ, რომ თავმდაბლობა კარგი ტონია, უბრალოდ ასე იყო, მორცხვიც კი იყო. რაც შეეხება პოპულარობას, ჩემთვის იყო ბუნებრივი, რომ ის ასე მოსწონდათ, იმიტომ რომ რეალურად ვაფასებდი მას, თვითონ კი ვერც იგებდა, რა მოსწონდათ მისი, მაშინ მობილურები არ იყო და სახლში ტელეფონი არ ჩერდებოდა, სულ უცხო გოგოები რეკავდნენ, მოსვენება დაკარგული გვქონდა.
დის მოგონება
...ის დღეც ისე მახსოვს, თითქოს გუშინ იყო. მაკა ზუსტად ტელევიზიის უკან კორპუსში ცხოვრობდა და საღამოს სამსახურის შემდეგ მასთან ავედით რამდენიმე ადამიანი, დუდუ წინა დღეს ნადირობიდან დაბრუნდა და ირმის მწვადებზე გვეპატიჟებოდა. ძალიან, ძალიან კარგი დღე იყო, რაღაცნაირად ძველებური და დადიანური. ვისხედით მაკას დიდ სასტუმრო ოთახში, მისი არაჩვეულებრივი ნახატების გარემოცვაში, მივირთმევდით დუდუ დადიანის მონადირებულ ირმის მწვადს და ვსაუბრობდით არა ყოფითზე, არა თბილისურ ამბებსა და ჭორებზე, არა დამთრგუნველ პოლიტიკაზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნებასა და ლიტერატურაზე; სამხრეთ ამერიკელებზე ბორხესზე, მარკესზე, დუდუს საყვარელ კორტასარზე.
სულ კითხულობდა ყველა სიტუაციაში, იმ დილითაც, როდესაც ჩემი სახლიდან უკანასკნელად გავიდა და სამზარეულოდან მის ოთახში შევედი, საწოლთან გადაშლილი კორტასარი ედო. წიგნის გარეშე არ შეეძლო, ყველაფერს, რასაც კითხულობდა ჩვენც გვიზიარებდა, მერე კი სულ იმ ახალ შთაბეჭდილებებზე ლაპარაკობდა.
საერთოდ, მაქსიმალისტი იყო. რასაც აკეთებდა, ბოლომდე იყო იმით მოცული.
აქტიური კალათბურთიდან წასვლის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი იყო და მთელი დატვირთვით მუშაობდა.
ბოლო თვე საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა, იმიტომ რომ მარტო უჭირდა რაღაც-რაღაცებთან გამკლავება.
დუდუს პირველი სიყვარული
ბავშვურ გატაცებებს თუ არ ჩავთვლი, პირველი სერიოზული სიყვარული, რომელიც ვიცი, ერთი ძალიან ლამაზი გოგო, მსახიობი იყო. ეს გოგო მაშინ ნახევარ თბილისს უყვარდა და ძალიან პოპულარული იყო, დუდუ კი სულ პატარა ბიჭი, ლამაზი, მაგრამ მაშინ არანაირი სტატუსი არ ჰქონდა, დამწყები კალათბურთელი იყო, მეტი არაფერი.
მოკლედ, ამ გოგოს თავი ვერაფრით მოაწონა, მგონი რიგითი თაყვანისმცემლების სიაშიც ვერ ჩაეწერა და ეს რომ შეამჩნია, ძალიან ეწყინა და მისკენ აღარც გაუხედავს.
მერე, ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაუწყო დევნა, არა, ზედმეტი ნამდვილად არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია, უკომპლექსო, მხიარული და ხმამაღლა ამბობდა: ეს რა დამემართა, რა ბიჭი გავუშვი ხელიდანო. დუდუსაც ეცინებოდა, მაგრამ მისთვის, როგორც ქალისთვის, აღარასდროს შეუხედავს.
საერთოდ, ახლა რასაც ვიხსენებ, მაინც მგონია, რომ სიყვარულში არ უმართლებდა. ბედი არ ჰქონდა. მის ირგვლივ უამრავი შეყვარებული ქალი იყო, ნაცნობი თუ უცნობი, ქმრიანი და უქმრო, მასზე უფროსი თუ უმცროსი, ყველას რა დაიმახსოვრებდა. შეიძლება დონ-ჟუანის რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ ეს მისგან დამოუკიდებლად უფრო ხდებოდა.
დუდუ და მაკა ასათიანი
როგორც წესი მაკა ასათიანი ამ თემაზე არასდროს საუბრობს. მათი სასიყვარულო ისტორია მალევე დამთავრდა, რადგან დუდუს ბოროტმოქმედებმა სიცოცხლე მოუსწრაფეს.
როგორც დუდუს ძმა, ლევან დადიანი ამბობს, მაკა პირველ ქმართან, მერაბ ჟორდანიასთან, ფაქტობრივად, გაცილებული იყო, როცა დუდუს ხვდებოდა.
უხერხული მომენტი
უხერხული სიტუაციებიც იყო: მაგალითად, ერთ დღეს მისი ერთი მეგობარი ქალბატონი გამაცნო, დუდუზე უფროსი იყო. დუდუ ამტკიცებდა, ჩემი მეგობარია და მეტი არაფერიო, მაგრამ იმ ქალს აშკარად ეტყობოდა, რომ მთლად მეგობრული გრძნობები არ ამოძრავებდა ჩემი ძმისადმი, სულ მალე გავიგე, რომ მთელ თბილისს მოსდო მისი და დუდუს რომანის ამბავი.
ასეთი ჭორები დუდუს რეპუტაციაზე ცუდად მოქმედებდა, თუმცა თვითონ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ როდესაც ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული გაჩნდა, წინა ვითომდა რომანმა საკმაოდ არასასიამოვნო ფონი შექმნა.
მკვლელობა
დუდუ დადიანი 2002 წლის იანვარში, დღისით, თბილისში სპორტის დეპარტამენტის შენობაში მოკლეს. ამ ბოროტმოქმედებას რამდენიმე თვითმხილველი შეესწრო, მაგრამ მკვლელი მიიმალა და ვინაობა დღემდე დაუდგენელია.
ოფიციალურმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ მკვლელობა დუდუსა და უცნობ მკვლელს შორის შელაპარაკების შემდეგ მოხდა. თუმცა ამ ინციდენტის გარშემო უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. გავრცელდა ჭორები, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. ხოლო მოტივი დუდუსა და გათხოვილ ქალს შორის გაჩაღებული რომანი იყო.
მკვლელობის შესაძლო მოტივები
„დუდუ მოთამაშე არ ყოფილა, გასართობად იშვიათად თუ დაატრიალებდა „რულეტკას“
„უნდოდათ, ეს საქმე გახსნილად გამოეცხადებინათ და ვიღაც დაეჭირათ...“
დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა.
მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.
დუდუს ძმა, ლევან დადიანი მკვლელობასთან დაკავშირებით:
ათასი ჭორი გავრცელდა: კაზინოში ფული წააგოო, რაღაც წილებს ემსხვერპლაო... ეს ვერსიები გამაღიზიანებელი სიცრუე და ჭორია. ჭორაობას ვერ დავიწყებ, ვერც ვერსიებით და ვარაუდებით ვილაპარაკებ. როგორც მკვლელობის პირველ დღეს არაფერი იყო ნათელი, დღესაც ასევეა.
ამბობენ, საქმეში ტყვიის მასრები და ქუდი იყოო, ესეც არ ვიცოდით. ოჯახის წევრებს პოლიცია გვაწვდიდა ინფორმაციას... მკვლელობის მეორე დღეს ტელევიზიით გამოვიდა მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსი, კახა ბაკურაძე და თქვა, „ყველაფერი ვიცით, ნივთმტკიცებები გვაქვს, მოწმეები გვყავს. დანაშაულის გახსნა ჩვენი პრესტიჟის საქმეაო“. მაგრამ რა?
ვისი მოგონილი იყო და რატომ, ან ვინ ბლოკავდა ამ საქმეს, ჩემთვის უცნობია...
2010 წელს, როდესაც „ნაციონალებმა“ ხელახალი გამოძიება დაიწყეს, პროკურატურაში დაკითხვაზე დამიბარეს, საქმე გაგვახსნევინეთო.
წყალწაღებულებს დახმარებას გვთხოვდნენ. მაშინ უბრალოდ გამოგვკითხეს... გაგვიხარდა, საქმე დაიძრაო.
გამომძიებელმა, კახა მაჭავარიანმა გვითხრა, იმედი გვაქვს, გვერდში დაგვიდგებითო. ამის შემდეგ გაგიგიათ რამე?
მე საგაზეთო ჭორების გარდა, არაფერი მსმენია. იმ მომენტში ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა (ზეწოლა შემდეგ დაიწყო).
დაკითხვის დროს აბსურდულ რაღაცებს მეკითხებოდნენ, იმ სულელურ ვერსიებს ვერც გავიმეორებ. მათ მიერ შეთხზული სცენარი ასეთი იყო: თითქოს ვატო ყიფიანმა მოკლა კახი ასათიანი, რადგან კახიმ თავის დროზე შვილის, მაკა ასათიანის გამო იძია შური და მოაკვლევინა დუდუ... ეს იმდენად აბსურდულია, ლაპარაკი არც მინდა. სანამ დამიჭერდნენ, მანამდე პრესით გავრცელდა ეს სულელური ვერსია...
კალათბურთის ფედერაციის მეორე სართულზე შემთხვევით, შელაპარაკების საფუძველზე რომ არ მოხდებოდა მკვლელობა, თანაც მაყუჩიანი იარაღით, ამას ბავშვიც მიხვდება.
მკვლელი პროფესიონალი იყო და დუდუს მოკვლა განზრახული ჰქონდა. საიდან მოიტანეს, თითქოს ვიღაც ბიჭი შეესწრო მკვლელობას და მერე ის კიკვიძის ბაღში მოკლესო?
ჩვენც ვეძებდით მკვლელს, ყველა ვნახეთ და გამოვკითხეთ, ვისზეც კი რამე ითქვა - მავანს იარაღიანი მკვლელი შეეფეთაო, ვიღაცამ წაქცეული ნახაო... ვიღაცებმა მართლაც დაინახეს გაქცეული კაცი, მაგრამ მკვლელობას ვინმე შესწრებოდა, ასეთი არც პოლიციას და არც ჩვენ არ გვინახავს... მოკლედ, ვერანაირ კვალზე ვერ გავედით.
ერთ-ერთი ვერსიით, დუდუ თავისი საყვარელი ქალის, მაკა ასათიანის, პირველი მეუღლის მერაბ ჟორდანიას დაკვეთით მოკლეს. რასაც დუდუს ძმა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„მაკა ასათიანი ჟორდანიასთან, ფაქტობრივად, გაცილებული იყო, როცა დუდუს ხვდებოდა. მაკა ერთხელ მოვიდა პანაშვიდზე, მას შემდეგ აღარ შევხვედრივართ“,- ამბობდა ლევანი.
„დუდუ დადიანის თასი“
დუდუს ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სპორტულმა საზოგადოებამ „დუდუ დადიანის თასი“ დააწესა, ხოლო ქართველმა მოქანდაკემ ლევან ვარდოსანიძემ დუდუს ქანდაკება შექმნა.
ქანდაკებაში დუდუ კალათბურთელის ფორმაშია გამოსახული და ნომერი „13“, რომლითაც ყველა გუნდში თამაშობდა, ქანდაკებასაც ამშვენებს.
დუდუს სპორტული ჯილდოები დადიანის სასახლე-მუზეუმს გადაეცა, ხოლო „დადიანების სასახლეების ფონდმა“ მოაწყო გამოფენა, სადაც დუდუს კოლექციიდან ამოკრეფილი მედლები, ფოტოები, პირადი ნივთები და ნახატები წარმოადგინეს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები
რეპრესირებული ოჯახი, მამის დახვრეტა, ცხოვრება ინტერნატში, და ინცესტი - ლეილა აბაშიძის პორტრეტი