Digest Logo

ბიზნესიდან პოლიტიკაში - ბიძინა ივანიშვილი 65 წლის გახდა

1613592689
ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Digest.ge

18 თებერვალს ბიზნესმენის, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.

ის საჩხერის რაიონში, სოფელ ჭორვილაში დაიბადა.

მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატის მაღაროელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა ჩარხმშენებელ ქარხანაში მუშად, უფროს ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად. 1982 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა“.

მოგვიანებით ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მას სოლიდური თანხა დაუგროვდა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.

1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში. 1990 წლისთვის ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსკრედიტი“.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკეტერინე ხვედელიძის ქორწილის უცნობი დეტალები

ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდაო. მისი სიდუხჭირის შესახებ ლეგენდებიც დადის. თავადაც ხშირად უსაუბრია ამ თემაზე. ამბობდა, რომ გამდიდრებამდე ბევრი დაბრკოლება გაიარა და სხვადასხვა დროს სხვადსხვა სამუშაოებს ასრულებდა.

„დაიჯესტი“ ოლიგარქის თანაკლასელის ინტერვუზე დაყრდნობით მის ბავშვობაზე, სკოლაში განვლილ დროსა და ქორწილის შესახებ მოგითხრობთ, მაშ ასე:

ბიძინა ივანიშვილი ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო (გამგებლის) თანაკლასელი იყო. მომღერლის და თინათიან გამგებელი, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა თუ როგორი ურთიერტობა ჰქონდა ბიზნესმენს ბავშვობაში მეგობრებთან.

„გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივართ, თუმცა ღარიბები არ გვეთქმოდა, რადგან რომ ავმღერდებოდით, მეზობლები ჩვენ გარშემო იკრიბებოდნენ და მეტი სიმდიდრე რაღა გვინდოდა?! მამა პედაგოგი გახლდათ, ექვსი და-ძმა ვიყავით და გვიჭირდა, მაგრამ მამამ მუსიკის დიდი ნიჭი თავიდანვე შეამჩნია ნუგზარს და პიანინო უყიდა. მეზობლები დაგვცინოდნენ, რა დროს პიანინო იყო, სახლი თავზე ექცევათო...

სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. ძალიან სუსტი გახლდით მათემატიკაში. პედაგოგი ანა სადუნიშვილი კი ძალიან მკაცრი იყო. ახლაც ცოცხალია, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა... ანა სადუნიშვილმა იცოდა, ბიძინასგან გადაწერილი რომ მქონდა, მაგრამ ოთხიანს ან სამიანს მაინც მიწერდა. ბიძინას ხუთიანზე ნაკლები არასოდეს მიუღია. ბრწყინვალედ სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსაც“, - ჰყვებოდა თინათინ გამგებელი.

„ბიძინა ძალიან დინჯი იყო. შვიდი გოგო ვიყავით კლასში და ყველას ერთნაირად გვექცეოდა. დღესაც ისეთივე პატივს გვცემს შვიდივეს... მეუღლე რომ გარდამეცვალა, საქართველოდან შორს იყო, მაგრამ გვერდით დამიდგა. მისი ქველმოქმედების შესახებ ლეგენდებს რომ ჰყვებიან, ყველაფერი სიმართლეა. ბანკეტი რომ გადავიხადეთ, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ვერ დაესწრო, მაგრამ ბიჭებს მანქანები გამოუგზავნა, გოგოები კი სხვა მხრივ დაგვაჯილდოვა... მეც ძალიან მადლიერი ვარ და ჩემი კლასელებიც. ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო. მე ძალიან ცელქი ვიყავი და როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო... ჭორვილაში რვაწლიანი სკოლა გვქონდა და სწავლის გასაგრძელებლად საირხის სკოლაში რომ გადავედით, ვიღაც უფროსი ბიჭი გადამეკიდა. ბიძინა მისგან მიცავდა, რამდენჯერ შინ მივუცილებივარ. ჩემი დის გაბედნიერებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა. რომ გაიპარა, ბიძინას სთხოვა, ჩემოდანი საჩხერემდე ჩამატანინეო...“ - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილის თანაკლასელი.

თინათინ გამგებელი თანაკლასელის ქორწილის დეტალებსაც იხსენებს:

„ოდნავ გულნატკენი ვარ. მაშინ ბიძინა უკვე მდიდარი ბიჭი იყო. მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის „შლეიფი“ შვიდ ქალს მიჰქონდაო. მეწყინა, ქორწილს რომ ვერ დავესწარით, მაგრამ მისი მაინც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩემი პატარა ოჯახი თუ არსებობს და მომავლის იმედი აქვს, ეს მისი დამსახურებაა. ნახევარი საქართველო მისი წყალობით სულდგმულობს დღესაც. ყოველთვის ძალიან თავშეკავებული იყო, ბავშვობაშიც ბევრ სიკეთეს გვიკეთებდა, მაგრამ გვთხოვდა, არ გამამხილოთო...“

ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს 4 შვილი ჰყავთ.

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

სიღატაკე და ეჭვიანი მეუღლე - რატომ არ აჩენდა შვილს მეღვინეთუხუცესისგან გურანდა გაბუნია

რატომ უთხრა თამრიკო ჭოხონელიძემ გოგი დოლიძეს უარი ცოლობაზე და ვინ იყო მისი შვილების დედინაცვალი

უიღბლო სიყვარული, უშვილობა და სიკვდილი მარტოობაში - „ხუტას“ უცნობი ისტორიები