„მრეკეთ ქალბატონო მარგალიტა რა?“, „ხომ გითხარი გაფრინდებიან-თქო შე გალსტუკიანო პეპელა?“... დიახ, ხუტა პოლიციელი ხომ გახსოვთ ფილმ „შერეკილებიდან“?
სწორედ მასზე გიამბობთ... ცოტამ თუ იცის რომ ხუტა ბატონს რეალურ ცხოვრებაში სიყვარულში არ გაუმართლა და სამწუხაროდ არც გვარის გამგრძელებელი ჰყოლია....
თქვენს წინაშეა გაერთიანება თეატრონის შოუ პროგრამა „ფორტუნა“ – ასე იწყებოდა ყოველი კვირა დღის საღამო მსახიობ ბორის წიფურიასთან ერთად, რომელიც გადაცემაში ახლად დაქორწინებულებს ეპატიჟებოდა და მათ სამახსოვრო საჩუქრებით აჯილდოებდა.
გადასაღები მოედნის მონატრებას მსახიობი გადაცემა „ფორტუნით“ ივსებდა, რომელსაც 6 წლის განმავლობაში უძღვებოდა. მისმა დახურვამ კი ბორის წიფურიას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა.
ბავშვობა
ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო. მისი მეგობრები ხშირად ხუმრობდნენ, ყველა უბედურება ამისგან გვაქვს ნასწავლიო.
თავად ბორის წიფურია იხსენებდა შემთხვევას, რის გამოც „მგლის ბილეთი“ მისცეს და თბილისის სკოლებმა მსახიობის მიღებაზე უარი განაცხადეს:
„ერთხელ თბილისის რკინიგზის მეოთხე საშუალო სკოლა „აფეთქებას“ ძლივს გადაურჩა. რკინიგზაზე ნაპოვნი კარბიტი სკოლაში მივიტანე და ჩემს კლასელებს სამელნეებში ჩავუყარე.
ზარის დარეკვისთანავე სამელნეები გასკდა და მთელი კლასი მელნით დაისვარა. დიდხანს ვერ დაადგინეს ამის ჩამდენის ვინაობა. სამი თვის შემდეგ მეგობარს გავუმხილე სიმართლე. მან კი დედამისს უთხრა, რომელიც მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ეს ამბავი გახმაურდა და სკოლიდან გამრიცხეს. თან „მგლის ბილეთი“ გამატანეს და თბილისში არც ერთმა სკოლამ აღარ მიმიღო.
მშობლები იძულებულები გახდნენ, სასწავლებლად ჩხოროწყუს რაიონში მამის მეგობრის ოჯახში გავეგზავნე. მამა ერთი პერიოდი ჩხოროწყუს რაიონის კომპარტიის რაიკომის მდივანი იყო.
მის იქაურ მეგობარს ყრუ-მუნჯი შვილი ჰყავდა. სასწავლებლად თბილისში, ყრუ-მუნჯთა ინტერნატში ჩამოიყვანა, სადაც უთხრეს, ისწავლოს, მაგრამ დასაწოლი ადგილი არ გვაქვსო.
შეწუხებული მეგობარი მამამ დაამშვიდა, ჩემი შვილი წაიყვანე, შენი ყრუ-მუნჯი შვილი კი დამიტოვე. ამაზე კარგი გარიგება რა გინდაო. ყრუ-მუნჯში გამცვალა მამამ. 14 სკოლა გამოვიცვალე და ძლივს დავამთავრე საშუალო.
სკოლის დამთავრების შემდეგ მსახიობის მამამ თავისი ავტორიტეტი გამოიყენა და შვილს ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარებინა....
მამამ თავისი ავტორიტეტით მომაწყო უმაღლესში. მათემატიკის გამოცდის წინ მითხრა, რომ შეხვალ, სათვალიანი კაცის წინ, გრიშასთან დაჯექიო. რომ შევედი, სათვალე არც ერთს არ ეკეთა.
დავჯექი, ბილეთი ავიღე და შორს დავიჭირე, ვითომ ვერ ვხედავდი. გამომცდელმა მითხრა, რა იყო, ბიჭო, ვერ ხედავო? სათვალე დავკარგე და ვერ ვხედავ-მეთქი. მეორე გამომცდელს მიუბრუნდა და ჰკითხა, გრიშა, შენ ხომ არ გაქვს სათვალეო. ასე აღმოვაჩინე გრიშა და მის წინ გადავჯექი. ჩემი გვარი რომ გაიგო, გაუხარდა და ოთხიანი დამიწერა. მისაღები გამოცდები ჩავაბარე, მაგრამ ვეღარ ვისწავლე. სემესტრის ბოლოს, გამოცდები ვერ ჩავაბარე.
მამამ იფიქრა, მოდი, ჯარში გავუშვებო და სამხედრო კომისარიატმა ლენინგრადში, მოლოტოვის სახელობის სამხედრო აკადემიაში გამამწესა. ჩემი სამხედროში წასვლა უკვე გადაწყვეტილი იყო, როცა ერთ დღეს რუსთაველის პროსპექტზე მეგობარს შევხვდი. ვკითხე, აქ რა გინდა-მეთქი. მეგობარმა მიპასუხა, აქ ვსაწავლობო და თეატრალური ინსტიტუტისკენ მიმითითა.
იმ დღესვე თეატრალური ინსტიტუტის იმჟამინდელ რექტორ კვესელავასთან მივედი და ვუთხარი, ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობ-მეთქი.
მერე ვინ გიშლის, ჩააბარეო, მითხრა გაკვირვებულმა რექტორმა. მამაა წინააღმდეგი, რომ მსახიობი გავხდე და ჯარში მაგზავნის, ჩემი საბუთები სამხედრო კომისარიატში გადააგზავნა, მხოლოდ ჩათვლის წიგნაკი და სტუდბილეთი მაქვს-მეთქი, ავუხსენი რექტორს და თან გულიანად ავტირდი.
კვესელავამ გამონაკლისი დაუშვა და გამოცდებზე გასვლის უფლება მომცა. მეც მოვემზადე და გავედი გამოცდებზე.
ამბობენ, რომ მისაღებ გამოცდაზე ეტიუდის შესრულებისას ბორის წიფურიას სამსახიობო ნიჭით აღფრთოვანებულ აკაკი ხორავას წამოუძახია: „კმარა, საკმარისია!”
სამსახიობო კარიერა
ბორის წიფურიამ პირველ წოდებად საქართველოს სახალხო არტისტის ტიტული მიიღო...
იმ დღეს სიხარულისგან არ მეძინა. მეორე დღესვე გაზეთი ვიყიდე და საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როცა გაზეთშიც იგივე ამოვიკითხე.
პოპულარობა, ხალხის სიყვარული და ყურადღება დამღლელი არ არის. პირიქით, მსიამოვნებს, მაგრამ ამას დიდი დარდიც ახლავს. ერთი-ორი-სამი წლის შემდეგ ხალხს რომ მიავიწყდები, ძალიან ძნელია. ბევრი შესანიშნავი მსახიობი დაივიწყეს.
სიცოცხლის ბოლოს წლებში კინოში თამაში ენატრებოდა. რაც შეეხება თეატრს, თეატრის მონატრება რუსთაველის თეატრმა და ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა დაუკარგა:
რობერტ სტურუამ თეატრი შემაძულა. სული ამომგლიჯა, უდროოდ გამიშვა თეატრიდან.
შეიძლება, 15-20 წელი ისე იყო თეატრში, რომ რეჟისორმა როლი არ მოგცეს?! ცუდია, როცა ვიღაც განაგებს შენს ბედს. იმ კაცს თუ უნდა, გაგაღმერთებს, თუ უნდა – გაგანადგურებს.
„შერეკილები“
ბორის წიფურიას მიაჩნდა, რომ ბედმა გაუღიმა, როცა ელდარ შენგელაიამ ფილმში „შერეკილები“ გადაიღო. ის სინჯებისთვის სულ სხვა როლზე იყო მიწვეული, მაგრამ რეზო გაბრიაძის სცენარში სულ სხვა როლი აღმოაჩინა.
სამხატვრო საბჭომაც შეცვალა უკვე შერჩეული მსახიობი და ხუტა პოლიციელის როლზე ბორის წიფურია დაამტკიცა. სანამ სამხატვრო საბჭო როლზე დაამტკიცებდა, ბატონი ბორისი ნერვიულობდა, განიცდიდა:
მამამ დედას ჰკითხა, რა სჭირს, რატომ ნერვიულობსო. დედამ უპასუხა, თავი დაანებე, თავისი გაჭირვება ეყოფა, ფილმისთვის სინჯი გადაუღეს და არ იცის, დაამტკიცებენ თუ არაო. რა ფილმიაო, იკითხა მამამ.
„შერეკილებიო”, უპასუხა დედამ. დაამტკიცებენ ამ საცოდავს, აბა, რას იზამენ, რატომ ნერვიულობსო, დაამშვიდა მამამ დედა.
„შერეკილების“ გადაღების პროცესს ელდარ შენგელაია ასე იხსენებს:
„ჩემი კინოში მუშაობის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მსახიობის გამო მიმეტოვებინოს გადასაღები მოედანი.
ეს მოახერხა ბორია წიფურიამ. ერთხელ „შერეკილების” გადაღების დროს იმ მდგომარეობამდე მიმიყვანა, რომ გაცოფებულმა გადაღება მივატოვე. ძალზე რთული იყო მასთან მუშაობა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შედეგით პირადად მე და მგონი, მაყურებელიც, კმაყოფილი ვართ.
ბორიას მოზრდილ თავში უსასრულო ფანტაზია ტრიალებს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც – დასასრული, მაგრამ რეჟისორისათვის აუცილებლად მოიძებნება მის „სისულელეებში” ერთი-ორი კარგი იდეა.
„შერეკილებში” ხუტას როლზე (როგორც ეს საერთოდ მიღებულია კინოში) არაერთი ცნობილი მსახიობი “ისინჯებოდა”.
სასინჯ გადაღებებზე მოსულ მსახიობებს ჩვენ ვაცმევდით იმ კოსტიუმს, რომელიც მხატვრის მიერ იყო არჩეული. ბორიას კოსტიუმი არ მოეწონა, შეიგინა და თქვა, მე თვითონ მოვნახავ ჩემთვის კოსტიუმსო.
გაბრაზებული გავარდა სტუდიის გარდერობში. გავიდა თითქმის ოთხი საათი. უცბად გაიღო სარეჟისოროს კარი და ჩვენ წინ იდგა ჩვენი ფილმის მომავალი გმირი, ზუსტად ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. კოსტიუმიც ხომ მონახა ძალიან სახოვანი ფაფახით, საგრიმიოროშიც გაუვლია და გრიმიც გაუკეთებია, ულვაშები და ბაკენბარდებიც თავისივე ფანტაზიით მოურგია. შემოვიდა თუ არა, მივარდა ფანჯარას და დაიწყო ყვირილი:
ხომ გითხარით, გაფრინდებიან-მეთქი, ხომ გითხარით!
ჩავატარეთ სასინჯი გადაღება და სამხატვრო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ბორია როლზე.
უიღბლო სიყვარული
პირველი სიყვარული ჩხოროწყუში სწავლისას ეწვია. ულამაზესი გოგონა შეუყვარდა...
ჭკვიანი, გონიერი ქალები მიყვარს, დიდ პატივს ვცემ მათ. თუ ქალში არ ვიგრძენი სინაზე, სითბო და პატიოსნება, მასთან არათუ ურთიერთობა, საუბარიც კი არ მსურს.
თეთრი სახის ქალები მომწონს. გურამ ფირცხალავამ მირჩია, თეთრი სახის ქალი, ნაზი, ფუმფულა, კარგად მოქმედებს მამაკაცზეო…
სიყვარულში ბედმა არ გაუღიმა. ქალმა, რომელიც ძალიან უყვარდა, იმედები არ გაუმართლა და ბევრი ტკივილიც მიაყენა.
პირველი მეუღლე
მომავალი მეუღლე თეატრში გაიცნო. იმ დღეს „მზიან ღამეში“ თამაშობდა. პირველ რიგში ულამაზესი გოგონა შენიშნა.
42 წლის იყო, როდესაც 15 წლით უმცროს ქალზე დაქორწინდა. იამზე გოთუა ხელოვნებათმცოდნე იყო. ბორია იხსენებდა, რომ ის 10 წელი მოსწონდა, მერე კი იქორწინეს. ერთხელ იამზე მოსკოვში იყო, ბორიამ ჩააკითხა და უცებ გადაწყვიტეს შეუღლება.
ერთად 5 წელი იცხოვრეს. იამზე ძალიან კარგი ქალია, მაგრამ რატომღაც მათი ოჯახი ვერ აეწყო, არც ბავშვი შეეძინათ. ყველას ძალიან დაგვწყდა გული, როდესაც ისინი დაშორდნენ.
ვიცი, რომ ბორიას იამზე სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა, ალბათ ამიტომაც აღარ შეირთო სხვა. ამას ხმამაღლა არ ამბობდა, მაგრამ აშკარად იგრძნობოდა მისი დამოკიდებულება ყოფილი ცოლის მიმართ.
ძალიან განვიცდი, შვილი რომ არ მყავს. მარტოხელა კაცი ცოდვაა. შეიძლება, არც სარეცხის გარეცხვის პრობლემა შეექმნას, არც საჭმლის მომზადების, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი…
სიკვდილთან შეხვედრა
ხშირად, როდესაც ცუდად ვიყავი, ხელებს გულზე ვიწყობდი და ისე ვიძინებდი, თუ მოვკვდები, გასასწორებელი არ გავხდე-მეთქი.
სიკვდილს მარტო შეხვდა, მის გვერდით არავინ იყო....
ბორისს ბოლო წლებში გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ექიმებმა შუნტირების გაკეთება ურჩიეს, მაგრამ შეეშინდა, მხოლოდ სტენტირება გაიკეთა ამერიკაში. წლების შემდეგ გულზე ისევ ცუდი მდგომარეობა შეექმნა. ამასთანავე, სიგარეტს ეწეოდა, თავს ვერ ანებებდა და ასთმური პრობლემებიც დაეწყო. სუნთქვის უკმარისობა ემართებოდა და ცუდად ხდებოდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
დანგრეული ოჯახი, ორი ქორწინება, გარდაცვლილი შვილი - მარინე თბილელის უცნობი ისტორიები
შვილის ცხედარი მამისეული სახლის აივანზე აღმოაჩინეს - ცნობილი რეჟისორის ტრაგიკული ისტორია