
მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს და როგორც იგი ჰყვება, ახლა თავს კარგად გრძნობს და ყველაფერი აქვს რაზეც კი უოცნებია.
„ყველაფრის მადლიერი ვარ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. ცუდისაც კი, რომელიც იმ მომენტში მეგონა, ძალიან ცუდი იყო და განცდა და ტკივილი მქონდა, დღეს ამ ყველაფრის მადლიერი ვარ. ზოგადად, ძალიან მადლიერი ვარ, რადგან იმდენად ყველაფერში გამიმართლა, რომ ვერ ვიტყვი, გაუმართლებელი ცხოვრება მქონდა და მაქვს-მეთქი“, - ამბობს ცისანა სეფიაშვილი.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– ულამაზესი სახელი გქვიათ. ვინ დაგარქვათ?
– ბებიას, დედაჩემის დედას ერქვა ცისანა და მისი სახელი დამარქვეს. ძალიან მიყვარდა, საოცარი ქალი იყო. ფიზიკურადაც მამსგავსებენ და მოწესრიგებულობასა და გაპრანჭვაშიც მას ვგავარ. სულ ფორმაში იყო, მუდმივად გაპრანჭული და მოწესრიგებული, საყურეც კი სამოსის ფერი ეკეთა. სულ მასწავლიდა: ქალი ნაგვის გადასაყრელად რომ გადის ქუჩაში, მაშინაც კი ფორმაში უნდა იყოს, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვისო. ძალიან უხაროდა და ამაყი იყო მის სახელს რომ ვატარებდი. უკვე 24 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და დღემდე ჩემთვის მოუნელებელი ტკივილია. ძალიან მენატრება, სულ მინდა, რაღაცები მოვუყვე.
– ცისანა, განებივრებული გოგო კი იყავით და სურვილებსაც გისრულებდნენ, მაგრამ გქონდა ოცნება, რომელიც არ აგიხდა?
– ჩემი ოცნება, რომელიც არ ამიხდა, იყო ის, რომ მინდოდა მოლარე ვყოფილიყავი (იცინის). ჩემს ბავშვობაში ძალიან ხმაურიანი სალაროები იყო და სულ მინდოდა იქ ვმჯდარიყავი და ღილაკებზე ხელი დამეჭირა. ეს ოცნება არ ამისრულდა, დანარჩენი – ყველაფერი. ზოგადად, შენს ოცნებებში უნდა იყო მართალი და როცა ასეა, ყოველთვის გისრულდება. ასე რომ, ჩემი ყველა ოცნება და სურვილი შემისრულდა.
– შორიდან გათამამებული და ამპარტავანი ჩანხარ. თუმცა, ვინც ახლოს გიცნობს, ყველა აღნიშნავს, რომ საკმაოდ თბილი, ერთგული, უშუალო და თავმდაბალი ხართ. ალბათ, ბევრს უთქვამს, ახლოს რომ გაგიცანი, სულ სხვანაირი ხარო...
– მართლა ძალიან ბევრს უთქვამს, ვიდრე გაგიცნობდი, ცხვირაწეული და სხვანაირი მეგონეო (იცინის). ხანდახან მწყენია კიდეც, რატომ გეგონეთ სხვანაირი-მეთქი (იცინის). ჩვენში შინაგანი ბავშვი არ უნდა ჩავკლათ. წყენაზე და კბენაზე ადვილი არაფერია. ღვარძლითა და განცდით ცხოვრება ძალიან რთულია. როცა ეს ყველაფერი „გაშვებული“ გაქვს და ფიქრობ იმაზე, როგორ დატკბე ცხოვრებით და გარშემო მყოფი ადამიანები როგორ გააბედნიერო, ყოველი დილა ბედნიერად იწყება და ძალიან მარტივია ცხოვრება. ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს საკუთარი თავი, რომ სხვაც შეიყვაროს. მართალია, მე გვიან შევიყვარე ჩემი თავი, მაგრამ მთავარია, შევიყვარე.
– ახლა ის პერიოდი დგას შენს ცხოვრებაში, როცა ყოველი დღის გათენება გიხარია? ვისი და რისი დამსახურებაა ეს?
– დიდი ხანია, ჩემს ცხოვრებაში დგას პერიოდი, როცა ყოველი დღის გათენება მიხარია. დღეს მე მაქვს ყველაფერი, რაზეც შეიძლება, იოცნებოს ნებისმიერმა ქალმა. ვარ გადაცემის – „რა გვსურს ქალებს“ – ერთ-ერთი წამყვანი, ანუ მაქვს საყვარელი საქმე, არაჩვეულებრივი, მეგობრული, საოცარი და ჯანმრთელი მშობლები და შვილები, უსაყვარლესი, ჩემი მეგობარი რძალი – თათულიკო, ორი არაჩვეულებრივი შვილიშვილი, ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი, ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი, ჩემი გვერდით მდგომი, ჩემი სიმშვიდე, ჩემი ყოველდღიურობა და ბედნიერება – ჩემი მეუღლე, რომელმაც საერთოდ შემცვალა მეც და ჩემ გარშემოც ყველაფერი გაალამაზა, დააბალანსა და დაამშვიდა. და, როგორ შეიძლება, არ მიხაროდეს ყოველი დილის გათენება. ასე რომ, ის, რაც მსურდა და რაზეც მიოცნებია, მე დღეს ეს ყველაფერი მაქვს.
მინდა, ჩემს მშობლებს უდიდესი მადლობა ვუთხრა იმისთვის, როგორიც ვარ. იმისთვის, რომ სულ ჩემ გვერდით არიან. ბევრჯერ ვანერვიულე და გული ვატკინე, მაგრამ მე ხომ ეს არ მინდოდა?! ადვილია, ინტერნეტსივრცეში ადამიანის დაბულინგება და „გადავლა“. მეც მინდოდა, ერთხელ შემექმნა ოჯახი და დღემდე იმ ოჯახში ვყოფილიყავი, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ნურავინ ნურავის განსჯის, რადგან არავინ იცის, ვინ რა ეკლიანი გზა გაიარა, ვის რა ეტკინა და რა მოხდა. რადგან არ გამოგვაქვს რაღაცები სააშკარაოზე, ეს არ ნიშნავს, რომ ადვილი გზა გავიარეთ და თავზეხელაღებულად გვიცხოვრია. ყველას ჩვენი წარსული გვაქვს, რამაც მტკივნეული მომენტები გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ის გზა გავლილია, აღარ ვიხსენებ და მე დღეს ვარ ბედნიერი.
– ყოველთვის ფორმაში ხარ და მოწესრიგებული. როდიდან დაიწყე თავის სერიოზული მოვლა?
– ბავშვობიდან პრანჭია ვიყავი, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ ჩემი თავისთვის-მეთქი, არა. არ ვარ ის კატეგორია და არც დრო მაქვს, რომ დილიდან საღამომდე ფიტნესდარბაზში, კოსმეტოლოგთან ან სალონში ვიჯდე, თორემ დიდი სიამოვნებით ვიჯდებოდი (იცინის). ბებია, ვისი სახელიც მქვია, სულ გაპრანჭული იყო, დედაც სულ ფორმაშია და ალბათ, ეს ჩემზეც გადმოვიდა (იცინის).
არაერთხელ ამის გამოც ვიყავი განკითხვის საგანი, ამბობდნენ: ალბათ, ქუსლიანი ფეხსაცმლით სძინავს ღამეო... არა, ძვირფასებო, არც ქუსლიანი ფეხსაცმლით და არც წითელი ტუჩსაცხით არ მძინავს ღამე. მე იმას ვამბობ, რომ ქალი დღეც, ღამეც, სახლშიც და გარეთაც მუდმივად ფორმაში უნდა იყოს. ჩემი დილა იწყება თავის მოწესრიგებით, უნდა მეცვას სახლის ლამაზი სამოსი და უნდა მეკეთოს მსუბუქი მაკიაჟი. ეს ჩემი ყოველდღიურობაა. ცუდად გავხდები, მოწესრიგებული რომ არ ვიყო, თუნდაც, სახლში. სამშობიაროშიც კი, როცა მეოთხე შვილს ვაჩენდი და მძიმე, საკეისრო კვეთა ჩამიტარდა, რეალურად ჩემს გადარჩენაზე იყო საუბარი და ზაზა სინაურიძემ მეც და ბავშვიც გადაგვარჩინა. ინტენსიურში ვიწექი და მეორე დღეს წამოსაყენებლად რომ შემოვიდნენ, დედაჩემს ვუთხარი: დედა, ჩქარა სპორტულები, ბოტასები, თმის საშრობი და მაკიაჟის ჩანთა მომაწოდე-მეთქი, ექთნები გადაირივნენ: არ შეიძლება, თქვენთვის მკვეთრი დატვირთვაო. დედამ კი უპასუხა: მოკვდება, ეს რომ აქ გააკეთოსო (იცინის). არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, მაქვს სახის, თვალის ირგვლივ კანისა და ტანის დამატენიანებელი საცხები და გელები. მიყვარს მსუბუქი მაკიაჟი, რასაც ყოველდღიურად ვიკეთებ. მიყვარს ბუნებრივობასთან მიახლოებული მაკიაჟი და არც ფილტრს ვხმარობ ფოტოსურათებზე. არც წლოვანებას ვმალავ, ნოემბერში 52 წლის ვხდები.
– ყოველთვის გემოვნებით გაცვია. გყავს სტილისტი და დიზაინერი, თუ ესეც შენი გემოვნების მიხედვით ხდება?
– მე თავად ვარჩევ, რა ჩავიცვა და ბევრს უთქვამს, შენი სტილი მოგვწონსო. დიზაინერთანაც რომ მივდივარ, იქაც კი ჩემი შტრიხები შემაქვს, როგორ შემიკერონ სამოსი. ავთო ცქვიტინიძე ხუმრობდა: ცისანური სამოსი გამაკეთებინაო (იცინის). სხვათა შორის, ხატვა და კერვა არ მეხერხება, მაგრამ სარკესთან ვდგები და მუნჯურად ვუხსნი მკერავს თუ დიზაინერს, რა მინდა (იცინის). ყოველთვის ფერადი და ჰაეროვანი სამოსი მიყვარდა და დღემდე მიყვარს.
– წლების წინ ჯანმრთელობის პრობლემები გქონდა. ახლა როგორ ხარ?
– ჩემი ანევრიზმა არსად წასულა, არის თავის ადგილას და არის ჭკვიანად და მშვიდად, არ მაწუხებს. მოვრიგდით ერთმანეთში. პერიოდულად, რასაკვირველია, ვიკეთებ სამედიცინო გამოკვლევას. არ მიყვარს გართულება და ვცდილობ, მარტივად შევხედო რაღაცებს. ცხოვრებამაც მასწავლა, რომ ნერვიულობას ცუდის მეტი არაფერი მოაქვს, მოვლენებს მარტივად უნდა შეხედო და ამიტომ ცუდზე არ ვფიქრობ. ყველაფერი ღვთის ნებაა და მადლობა მას ყველაფრისთვის!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მუცლის ტკივილის ტოპ 7 მიზეზი - კოტე თოდუას რჩევები!
⭕„სილამაზის ფორმულა“ - თათია თექთურმანიძე დუბაიდან ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს
წყარო: tbiliselebi.ge