იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის წარმატების გზაზე, ამასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება.
„თავს ძალიან იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. მჯერა, რომ თუ ღმერთისგან და სამყაროსგან ხელშეწყობა და გამართლება არ გვაქვს, ჩვენ ნამდვილად არ შეგვწევს იმდენი ძალა, რომ დიდი საქმეები ვაკეთოთ. ამაში ყველაზე მეტად მაშინ ვრწმუნდები, როცა სამწუხაროდ, ცუდი რაღაცები ხდება, მაგალითად, ისეთი, როგორიც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებაა. ჩვენ გვგონია, რომ რაღაცები შეგვიძლია, მაგრამ როცა საქმე სიცოცხლის გადარჩენას ეხება, ვხვდებით, რომ ვერაფერს ვცვლით. ასეთ მომენტში ადამიანი აცნობიერებ, რომ წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს რაღაცის ძალა შეგვწევს, მოჩვენებითია.
მხოლოდ პატარ-პატარა საქმეებზე გვყოფნის ჩვენი ძალა, მაგრამ მთავარ საკითხებს, როგორიცაა სიცოცხლე, მშვიდობა და ასე შემდეგ, მხოლოდ უზენაესი ძალები განაგებენ – მე ამის მჯერა. შესაბამისად, მჯერა იმისიც, რომ არა ღმერთისა და უზენაესი ძალების ნება, არაფერი გამოვიდოდა. აქვე მჯერა შემდეგი სიტყვების რეალურობაც – „ხელი გაანძრიე და გეშველება“. ვფიქრობ, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. თუ მართლა გულით გინდა რაღაც, ის აუცილებლად გამოდის. შეიძლება, დღეს და ხვალ არ გამოვიდეს და გეგონოს, რომ ტყუილად იშრომე, მაგრამ დრო რომ გავა, ყველაფერი სხვანაირად დალაგდება და გამოვა. სამწუხაროდ, ადამიანებს არ გვაქვს უნარი, ზოგად სურათში დავინახოთ ჩვენი თავი.
პატარა ადამიანები ვართ, მცირე მასშტაბით ვუყურებთ ცხოვრებას და ვხედავთ, რომ დღეს რაღაც გვინდოდა და არ გამოვიდა. შეიძლება, ხუთი წლის შემდეგ გაირკვეს, რომ ჯობდა, იმ დღეს არ გამოსულიყო. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ისე უნდა იყოს, როგორცაა. ჩვენ კი ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ მიუხედავად იმისა, რომ შედეგს დღეს ვერ ვხედავთ. შრომა აუცილებლად დაფასდება“, - ამბობს მარიკა ბაკურაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გადასარევი დედა ვარ და შემიძლია, ეს კომპლიმენტი ჩემს თავს ყოველდღე ვუთხრა“ - რუსკა მაყაშვილი
⭕ცნობილია სასკოლო ფორმების დიზაინი და ესკიზები - განათლების სამინისტრომ ბაზრის კვლევა გამოაცხადა