Digest Logo

დედის გარდაცვალება, ოთხი უიღბლო ქორწინება და ნამდვილი სიყვარულის ტრაგიკული დასასრული - თამარ გვერდწითელის პირადი ამბები

1748952060
თამარ გვერდწითელი

ცნობილი ქართველი მომღერალი, საქართველოს, რუსეთის და ინგუშეთის სახალხო არტისტი, კომპოზიტორი თამარ გვერდწითელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს, 63 წლის მომღერალი შესანიშნავ ფორმაშია.  იგი 40 წელზე მეტია, სცენაზე დგას და მუსიკა მისი ცხოვრების აზრად იქცა, თუმცა წაართვა ის, რასაც პირადი ბედნიერება ჰქვია.

თამარი 9 წლის ასაკში საბავშვო ანსამბლის წევრი გახდა და „მზიურთან“ ერთად გასტროლებით არაერთი ქვეყანა მოიარა.

ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის დროს, 19 წლის გოგონა სოჭის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის, „ოქროს ორფეოსის“ გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი „სოპოტისა“ და „სან რემოს“ ფესტივალებზე მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. ამის შემდეგ თამარ გვერდწითელზე, როგორც საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მომღერალზე, ევროპაშიც ალაპარაკდნენ.

ერთხელ ცნობილმა ფრანგმა მომღერალმა და კომპოზიტორმა მიშელ ლეგრანმა თავისი „შერბურული ქოლგების“ გვერდწითელისეული შესრულება მოისმინა და იმდენად მოიხიბლა, რომ მომღერალი პარიზში მიიწვია. იმ დროისთვის ის რეჟისორ გიორგი კახაბრიშვილის ცოლი იყო და შვილი, სანდრო ჰყავდა. თამრიკო ყოველთვის მყარ ოჯახზე ოცნებობდა, რადგან ბავშვობაში მშობლების განქორწინება ძალიან მძიმედ განიცადა. მას შემდეგ ის ყოველთვის ეძებდა საიმედო კაცს, რომელიც მისი მფარველი და მხარდამჭერი გახდებოდა. ალბათ ამიტომაც შეაჩერა ყურადღება 15 წლით უფროს რეჟისორზე.

ქორწილი ძალიან პომპეზური იყო. მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი მარგარეტ ტეტჩერიც კი გახლდათ. ამის ინიციატორი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელმაც მაღალი რანგის სტუმარი თბილისის ქორწინების სახლის გახსნაზე მიიწვია. პოლიტიკოსები ადგილზე სწორედ თამარ გვერდწითელისა და გიორგი კახაბრიშვილის ქორწინების რეგისტრაციის დროს მივიდნენ.

თავიდან მათი ქორწინება ბედნიერი იყო. როგორც ყველა ქართველი ქალი, თამრიკოც ოჯახს დიდ დროს უთმობდა. კახაბრიშვილი თავადაც ხელოვანი იყო, ამიტომ თავიდან ცოლის მუსიკალურ კარიერას არ ეწინააღმდეგებოდა.

„მე კარგი დიასახლისი ვიყავი და თავიდან ყველაფერი კარგად იყო. ჩემი მშობლების განქორწინება ძალიან მტკიცნეულად განვიცადე და ამის გამეორება არ მინდოდა“, – აღიარა მომღერალმა.

თამარ გვერდწითელი მიხვდა, რომ ასეთ პირობებში მუსიკალური კარიერის გაგრძელებას ვერ შეძლებდა და მიშელ ლეგრანის მიწვევას დათანხმდა. ფრანგ კომპოზიტორთან შეხვედრის შემდეგ სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მუსიკა მისი ცხოვრების არჩევანია და აქედან წასვლა არ შეიძლება. „ოლიმპიაში“ ჩატარებული კონცერტის შემდეგ მომღერალს საფრანგეთში ორწლიანი მუშაობის კონტრაქტი შესთავაზეს. ამ ხნის განმავლობაში ის მიშელ ლეგრანთან ერთად სცენაზე გამოდიოდა, შემდეგ კი დაბრუნდა, მაგრამ თბილისის ნაცვლად – მოსკოვში და დედა და შვილიც თან წაიყვანა.

გვერდწითელი რამდენიმე წელი ელოდა, რომ რეჟისორი ქმარი მოსკოვში, ცოლ-შვილთან ჩავიდოდა, მაგრამ იგი უარზე იყო და ამბობდა, რომ სამშობლოსა და თავისი საქმის მიტოვება არ შეუძლია. ბოლოს მომღერალი მიხვდა, რომ ქმარს მისი დაკარგვა არაფრად უღირდა და 1995 წელს განქორწინების შესახებ განაცხადა.

იმავე წელს თამარ გვერდწითელი ამერიკაში, გასტროლებზე გაემგზავრა და იპოვა სიყვარული, რომელსაც დღეს ყველაზე ღრმა და ძლიერ გრძნობას უწოდებს. დმიტრი, ის ქალისგან არ მოითხოვდა კარიერაზე უარის თქმას და მზად იყო მასთან ერთად მსოფლიოს ერთო კუთხიდან მეორეში გასტროლებზე ევლო.

„ჩემი გულისთვის ყველაფრისთვის მზად იყო. იმაზეც კი, რომ ბოსტონი დაეტოვებინა და მოსკოვში ეცხოვრა. უარი ვთქვი მისთვის შვილის გაჩენაზე და ამაშიც გამიგო. სიყვარულის გამო ყველაფრისთვის მზად იყო“, – ამბობს მომღერალი.

ერთად ორი წელი გაატარეს, მაგრამ ლამაზი სიყვარულის ამბავი მოულოდნელად და ტრაგიკულად დასრულდა – გვერდწითელი მოსკოვში იყო, როცა შუაღამეს ამერიკიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ დმიტრი გულის შეტევით გარდაიცვალა. სასოწარკვეთილი ქალისთვის მუსიკა ერთადერთ შვებად იქცა.

„მუსიკა ჩემთვის ერთადერთი შვებაა, როცა ძალიან მტკივა“, – აღნიშნა გვერდწითელმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

წლების შემდეგ გვერდწითელმა ოჯახის შექმნა კიდევ ერთხელ სცადა და ცოლად კარდიოქირურგს, სერგეი ამბატიელოს გაჰყვა, მაგრამ ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და წყვილი 2005 წელს ერთმანეთს დასცილდა. მომღერალი მომხდარის მიზეზებზე არასოდეს საუბრობს, მაგრამ აღიარებს, რომ ეს ქორწინება შეცდომა იყო.

მოგვიანებით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თამარ გვერდწითელი მეოთხედაც გათხოვდა და ბედი „პრარაბს” დაუკავშირა, რომელიც მომღერლის სახლის გარემონტებას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ პრესაში გამოქვეყნდა, რის შემდეგაც ბიზნესმენს ოჯახი დაენგრა. თუმცა, ეს დეზინფორმაცია აღმოჩნდა და გამოცემამ მომღერალს ბოდიშიც კი მოუხადა. როგორც აღმოჩნდა, მომღერალი „პრარაბ” ნოდართან ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა და პაპარაცებმა ფოტოები სწორედ ამ დროს გადაუღეს, რაც მოგვიანებით ჭორების საფუძველი გახდა.

თამარა გვერდწითელს ჰყავს ერთადერთი ვაჟი, ალექსანდრე.

რამდენიმე თვის წინ მომღერალს დედა გარდაეცვალა, რომელმაც ის მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

„ის დედასთან განუყოფელი მთლიანობა იყო. ის ძალიან ავად არის, მაგრამ არ ვიცი როგორ დავეხმარო, ტირის გაუჩერებლად. სცენაზე მისი დაბრუნების შესახებ, სამწუხაროდ, ჯერ ვერაფერს ვამბობ. კატასტროფული, საშინელი სიტუაცია აქვს. მას არ შეუძლია უდედოდ ცხოვრება. ხომ არის შემთხვევები, როცა დედა-შვილი ვერ ძლებს უერთმანეთოდ? ეს ის შემთხვევაა. ძალიან ცუდად არის და არ ვიცი, რით დავეხმარო...“, - ამბობდა მომღერლის პროდიუსერი.

ამ ტრაგედიის შესახებ თამარ გვერდწითელი ერთ-ერთ გადაცემაშიც საუბრობდა: 

„სულ ჩამესმის დედის ხმა, როგორ მლოცავდა ყოველთვის სცენაზე გასვლის წინ. დედის ხმა და დედის სითბო ისეთი ენერგეტიკული პროცესია, რომ არ წყდება არასდროს. არ ვიცოდი, მექნებოდა თუ არა ძალა ამ დაბრკოლებების გადასალახად.ძალიან დიდი ძალა მომცა ხალხმა“ - ამბობს მომღერალი იმედის დღისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მიუზიკლი „სანსეტ ბულვარი“ პირველი პროექტი იყო, რომელზეც დედის სიკვდილის შემდეგ მუშაობა განაგრძო. ამიტომ სპექტაკლის სწორედ მას მიუძღვნა. „გადავწყვიტეთ,დარბაზში ერთი თავისუფალი სავარძელი ყოფილიყო თაიგულით - იქ, სადაც ის აუცილებლად იჯდებოდა“, - ამბობს თამარ გვერდწითელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შოკი მივიღეთ მის დანახვაზე და ეს შესრულება, რომელიც დაუჯერებლად შენიღბული იყო“ - მაკა ზამბახიძე თამარ გვერდწითელზე, რომელსაც „ღრუბლის“ ფორმა ჰქონდა მორგებული

🎥 „გაუჭირდათ ჩემი დათანხმება“ - თამარ გვერდწითელის შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ მონაწილეობაზე

⭕„სოროებში არიან, ეძებენ მეძებარი ძაღლები“ - ოთარ ტატიშვილი „კვარას“ კრიტიკოსებზე