დღეს, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, პოეზიის მეფედ წოდებული გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე, 133 წლის იუბილეა.
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს - სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). პოეტი თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.
შესაძლოა, საქართველოში არც დიდი მეფეების ღვაწლის, არც მნიშვნელოვანი რეფორმების, გადამწყვეტი ბრძოლების თუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ იცოდეს ადამიანმა, დიდად არც გეოგრაფიული მდებარეობის არსს წვდებოდეს, მაგრამ გალაკტიონი უყვართ. თავისებურად, მგზნებარედ, სიგიჟემდე, ჩვეულებრივად, ფორმალურად მაგრამ უყვართ.
გალაკტიონის პოეზიამ ჩვენ ადამიანები უკეთესები გაგვხადა.

ამ დიდებული ადამიანის ცხოვრებას კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი და ამჯერად ყურადღება მის პირად ცხოვრებაზე გავამახვილოთ.
ცნობილია, რომ გალაკტიონს არც ცხოვრებაში უმართლებდა და არც - სიყვარულში. 1912 წელს, ქუთაისში, მან და მისმა მომავალმა მეუღლემ, ოლია ოკუჯავამ შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი. ეს ამბავი ასე დაიწყო:
პოეტი და მისი ბიძაშვილი, ტიციანი ქუჩაში მიდიოდნენ, ოლია კი მარტო იყო (იმ წელს გაუცვნია მერი შერვაშიძეც, ისიც ქუჩაში მიმავალი დაუნახავს)... ოლია ამ გაცნობას პირად წერილებში ასე აღწერს: „გალაკტიონი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაჰქცეოდა. იქ გალაკტიონს სულ ვხედავდი. თავისი შარფით განმარტოვებული დადიოდა და სხვებს ნამდვილად არ ჰგავდა".
მოკლედ, დიდი პოეტისა და მისი მომავალი მეუღლის სიყვარულიც მაშინ დაწყებულა...
ოლიასა და გალაკტიონს თავიდან დამალული რომანი ჰქონდათ. ოლიას ოჯახს ყველა კარგად იცნობდა, რადგან მისი ძმები იმდროინდელი პოლიტიკოსები, რევოლუციონერები იყვნენ. მამა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ რომანტიკოსი პოეტი ოჯახის შენახვას ვერ შეძლებდა. ოლიამ წმინდა ნინოს სასწავლებელი რომ დაამთავრა, ჭიათურის სკოლაში მუშაობა მასწავლებლად დაიწყო.

გალაკტიონი კი იქ ოლიას სანახავად ჩადიოდა. ბოლოს ოლიას მამა იძულებული გახდა, ამ ქორწინებას დასთანხმებოდა და 1916 წლის 23 აგვისტოს ოლღა ოკუჯავაზე დაიწერა ჯვარი.
მათი ქორწინება სამოქალაქო წესით 1921 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა.
ამ დროისთვის გალაკტიონი თბილისში, სერგიევის ქუჩაზე, ხელოვნების სასახლეში (დღევანდელ მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლი), ცხოვრობდა, ოლღა ოკუჯავა კი რუსთაველის პროსპექტის #19 ბინაში.
ბოლშევიკური ხელისუფლება ოლღა ოკუჯავას ტროცკისტობის ბრალდებით დევნიდა. ის 1929 წელს დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. მეორედ 1936 წელს დაიჭირეს, 1937 წელს გაასამართლეს და 1941 წელს დახვრიტეს.

„პოეტების მეფემ“ სიცოცხლე 1959 წლის 17 მარტს თვითმკვლელობით დაასრულა.
მიუხედავად ასეთი აღსასრულისა, უდიდესი პოეტის გარდაცვალება ხალხს არ აღუქვამს ტრაგედიად. ამის მიზეზი თავად გარდაცვლილი იყო. უფრო ზუსტად მისი სიდიადე და ძალმოსილება. ვერავის წარმოედგინა და ვერც ვერვინ ბედავდა "ლურჯა ცხენების" ავტორის მიერ გადადგმული ნაბიჯის ჩვეულებრივი, მიწიერი საზომით განსჯას.
თვითმხილველები ჰყვებიან, - კუბოში მწოლიარე თავისი ნამდვილი სახით წარმოგვიდგაო. რაღაც, საოცრად დიდებულად, მეფურად გამოიყურებოდა თურმე.
ამით ხაზს უსვამდნენ, რომ პოეტს მიწიერი ცხოვრების ვნებები ჩრდილავდა, ამძიმებდა. მიწიერ ცხოვრებაში ერთადერთ შვებას თბილისის ქუჩებში ხეტიალი და ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჰგვრიდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით