მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა ცხოვრებაში ბევრი ტკივილი გადაიტანა და რამდენიმეჯერ მოუწია ცხოვრების თავიდან დაწყება. ბოლო დროს, სიმღერებიც ჩაწერა, კლიპიც გადაიღო, დიჯეობასაც დაეუფლა.
ნეკა მისი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
– რამდენჯერ მოგიწია ცხოვრების თავიდან დაწყება და როდის მიხვდი რომ, ძალიან ძლიერი ქალი ხარ?
– სამჯერ მომიწია ცხოვრების ნულიდან დაწყება. პირველად, როცა 29 წლის ასაკში დავემხე ნულზე ყველანაირად – პირადშიც, ფინანსურადაც, კარიერულადაც; მეორედ – 31-32 წლის ასაკში და წელიწად-ნახევრის წინაც ასე მოხდა, თუმცა, კარიერულად ვიყავი წელში გამართული, მორალურად კი – განადგურებული. ცხოვრების მესამედ თავიდან დაწყება რომ მიმიწია, მერე მივხვდი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. ადრე თუ მეგონა, კარიერულად „მოხოდილი“ ქალი რომ დაეცემა, მარტივია თავიდან ყველაფრის დაწყება და მე იმიტომ ვარ ასეთი, არაფერში მიმართლებს-მეთქი, ასე არ ყოფილა. ფული და კარიერა არაფერ შუაშია, თუ ადამიანი მორალურად დასუსტდი, მაშინაა მძიმე. ანუ, როცა ყველაფერი გაქვს, მაგრამ არ გაქვს ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდება. ამ დროს მაქვს სულიერი შიმშილი და ეს ყველაზე რთული და ცუდია.
სამჯერ რომ დავძლიე სულიერი შიმშილი და ცხოვრება თავიდან დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ ძლიერი ვარ. გამოცდილებებმა ხელი მომკიდა და აღარ დამაშვებინა იგივე შეცდომები, ასე ვთქვათ, მარტივად გამოვძვერი. გამოცდილმა ნეკამ ის დრამატული ნეკა ხელში აიყვანა და აღარ აცადა, დამხობილიყო. რეალურად, ფიზიკურად არ მემჩნეოდა რა გზას გავდიოდი იმ პერიოდში და არც არავინ იცოდა, ახლა პირველად ვამბობ.

– შეგიძლია, ტკივილი დამალო, სახეზე ღიმილი დაგთამაშებდეს და უახლოესი ადამიანები შენს განცდებს ვერ ჩასწვდნენ?
– კი, შემიძლია, ტკივილი დავმალო, ვიღიმოდე და ვერავინ მიხვდეს, რა რთულ გზას გავდივარ. რასაკვირველია, თავს არ შევადარებ, მაგრამ ამას წინათ ვუყურე „ნეთფლიქსზე“ მერლინ მონროზე გადაღებულ ფილმს, რომელსაც ეს მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ სცენაზე მაინც ღიმილით უნდა გამოსულიყო. ყველას ასეთი ღიმილიანი ახსოვს, მაგრამ საკმაოდ დრამატული ცხოვრება ჰქონდა. რეალურად, მე შევძელი და არავის გავაგებინე ჩემი სულიერი ტკივილი, მარტომ გადავიტანე და დღემდე მოვედი. ჩემ გარშემო მყოფმა ადამიანებმა მართლა არავინ იცის და ვერც ვერავინ დაიჯერებს რა გადავიტანე. აი, მაშინ მივხვდი, რომ მართლა ძლიერი ვარ და არ მაქვს უკან ყურების უფლება, წინ-წინ უნდა ვიარო და ვიბრძოლო ჩემი ბედნიერებისთვის.
– ამბობ, დრამატული ცხოვრება წარსულს ჩავაბარეო და ახლა ცხოვრების რა ეტაპი გიდგას?
– 34 წლის ვარ და იმ დრამატული ცხოვრების წარსულში ჩაბარების მერე, ეტაპი მაქვს, როცა სულიერად ვგრძნობ, ჩემი ცხოვრების დრამა რაც უნდა გამევლო, გავიარე და მუსიკაში უნდა შემექმნა კომპოზიციები. ამას წელს მივხვდი. ეს მუსიკალური ალბომი ჩემი ავტოპორტრეტია. მისი სახელწოდებაც ამას გამოხატავს – „ნეკა ჩემთვის“. მე, აღარ ვქმნი იმისთვის, რომ ვინმეს მოლოდინები გავამართლო, ვიღაცამ თქვას: რა კარგად წერს და მღერისო. თითქოს პირველად ვქმნი საკუთარ თავს და საკუთარი თავისთვის. ჩემი ალბომი საერთაშორისო სცენისთვის არის მომზადებული. გარდა საცეკვაო მუსიკისა, ვამზადებ ელექტრული ჟღერადობის პოპს ცოცხალი ინსტრუმენტებით, იქნება ინტიმურ-ემოციური სიმღერები. ვამზადებ ორ ალბომს. ერთი იქნება ჩემი, როგორც დიჯეის მუსიკა, სადაც მე ვარ შემსრულებელი და მეორე – მუსიკა ელექტრონული ჟღერადობით. და, ორივე იქნება პოპი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა საფრანგეთში გრძელდება - მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს
⭕„ფინანსური ჯეკპოტის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 8 სექტემბრის ენერგიებზე
წყარო: tbiliselebi.ge