Digest Logo

„ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს გამოვლილი“ - რა სიურპრიზით გააოგნა ქეთი ჩხაიძე მეუღლემ და როგორია მათი ოჯახის დაუჯერებელი ისტორია

1768903124
ქეთი ჩხაიძე

მუსიკოს ქეთი ჩხაიძისთვის 2025 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა. მან და მისმა ოჯახმა საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. ამასთან დაკავშირებით იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

„2025 წელს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ძვრები და ბევრი კარგი რამ მოხდა, განსაკუთრებით კარიერული კუთხით. ჩემი საესტრადო ვოკალური სტუდია არარეალურადაც კი გაიზარდა. შარშან ორი ფილიალი გვქონდა, წელს უკვე ხუთი გვაქვს და თითქმის ყველა ფილიალში შეწყვეტილი გვაქვს მიღება, რადგან ამ ეტაპზე მეტის მიღება წარმოუდგენელია. იმავდროულად, ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი საზოგადოებისგან. ბევრი ახალი სიმღერა შევქმენი, რომლებიც გაჰიტდა, ძალიან შეიყვარეს და ვფიქრობ, განვითარების ახალ საფეხურზე ავედი, რაც ძალიან მახარებს“, - ამბობს ქეთი ჩხაიძე.

– მთელი ოჯახით შეგიყვარდეს, სოციალურ ქსელში შენ და მეუღლე ხშირად ხუმრობთ ხოლმე იმაზე, რომელი უფრო პოპულარული ხართ და რა გადაწყდა?

– ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ერთი მეორეს გარეშე გამორიცხულია (იცინის). მართლა ვგრძნობ, რომ მთელი ოჯახი შეგვიყვარეს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მომღერალი ვარ. კი, ჩემი სიმღერები ძალიან ბევრს უყვარს, ეს იგრძნობა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩვენი ოჯახური სითბო, სიყვარული და პოზიტივი აღმოჩნდა. ყველა ხაზს უსვამს კომენტარებში, რომ რეალურები, ნამდვილები და უბრალო ადამიანები ვართ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვთამაშობთ. სამწუხაროდ, დღეს თითქოს ყველა და ყველაფერი ხელოვნური გახდა. ბუნებრიობა იშვიათია და ამიტომ, როცა ჩვენს გულწრფელობას ხედავენ, ეს მოსწონთ.

– მეუღლესაც მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– თავიდან ძალიან არ უნდოდა. როცა საჯაროდ გამოჩნდა, კომფორტის ზონიდან გამოვიდა, მაგრამ ნელ-ნელა შეიფერა და ახლა უკვე ძალიანაც მოსწონს (იცინის). არ მეგონა, თუ ასე იქნებოდა, ვნერვიულობდი, რადგან არ მოსწონდა ეკრანზე გამოჩენა, დიდად არც გადაცემაში სტუმრობა უყვარდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

– ძალიან სასიხარულო სიურპრიზი გაგიკეთა – ავტომობილი გაჩუქა. მოულოდნელი იყო შენთვის?

– ათი წლის განმავლობაში მყავდა „ტოიოტა პორტე“, რომელიც საკმაოდ მოძველებული იყო, ჩემამდე კიდევ სხვას ეკუთვნოდა ევროპაში. საერთოდ, მე მახასიათებს ნივთების შეყვარება და მიჭირს მათი ახლით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, არ მინდოდა ამ მანქანის დათმობა. თორემ ვერ ვიტყვი, რომ ფინანსური ბარიერი გვიშლიდა ხელს მის შესაცვლელად. ვერ ვიმეტებდი, მაგრამ ბოლო დროს, ზოგიერთი ადამიანის დაუფიქრებელი საუბრები და კომენტარები ძალიან მომხვდა გულზე. რატომ მოძრაობ ასეთი მანქანითო, უკვირდათ და ამას ვერ ფარავდნენ. აქამდე ამაზე საერთოდ არ გამიმახვილებია ყურადღება, მაგრამ იმდენჯერ გავიგონე და წავიკითხე მსგავსი კომენტარი, რომ ცოტა დავკომპლექსდი. სამწუხაროდ, გინდა თუ არა, თურმე, რაღაც გავლენის ქვეშ, მაინც ექცევი. ბოლოს უკვე ამაზე ვღელავდი და ეს გიორგის არ გამორჩენია. ის დღე არ დამავიწყდება, დამირეკა, ჩამოდი, რაღაც საქმე მაქვსო. რომ ჩავედი და მითხრა, რაც ხდებოდა, ემოციებისგან გავიყინე. იმდენად არარეალური იყო ეს ჩემთვის, ვერ წარმომედგინა, ეჭვიც კი არ მქონდა, რომ მსგავს რამეს აპირებდა, ხმაც ვერ ამოვიღე, საერთოდ გავშეშდი, არადა, მე ძალიან ემოციური და ხმაური ვარ. საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა კომენტარებში დამიწუნა ჩემი რეაქცია... კი არა, ურეაქციობა (იცინის). წერდნენ, ბიჭმა ამხელა საჩუქარი აჩუქა და გოგომ სიხარული საერთოდ არ გამოხატაო. არადა, ისეთ შოკში ვიყავი, მთელი დღე გაოცებული ვიჯექი (იცინის). თან, იცოდა, რომ ძალიან მინდოდა ცოტა უხეში „ჯიპი“. ჩვენ ძალიან გვიყვარს მთელი ოჯახით მთაში ლაშქრობებზე სიარული და ოცნებად გვქონდა, ისეთი მანქანა მყოლოდა, რომ ერთად ყველგან გემრიელად გვევლო.

– მაგრამ გაქვთ ამის დრო?

– არ ვმალავ, რომ ძალიან რთული ცხოვრება გვაქვს გამოვლილი მატერიალური თვალსაზრისით. მაშინ, როცა საჭირო ფინანსები არ გვქონდა, უფრო მეტი დრო იყო. უფრო ვახერხებდით ქალაქგარეთ პიკნიკების მოწყობას. ახლა ჩემი და გიორგის გრაფიკიდან გამომდინარე, ეს რთულია. გიორგი ჩემი სტუდიის ფინანსური დირექტორია, ფინანსური საკითხები სრულად მან გადაიბარა და დროის სიმწირის გამო, ისეთი ინტენსივობით ვეღარ ვახერხებთ, მაგრამ ვცდილობთ, თვეში ერთხელ მაინც გავიდეთ ქალაქგარეთ. ბუნებასთან სიახლოვე მთელ ოჯახს ძალიან გვიყვარს და ემოციები დიდხანს მიგვყვება.

– სამსახურში რომ უფროსი ცოლი ჰყავს, ამ ამბავს გიორგი როგორ ეგუება?

– მხოლოდ ფორმალურად მქვია უფროსი, სინამდვილეში გიორგი აღმოჩნდა უფროსი (იცინის). ყველაფერი ფინანსებია და ეს სადავეები რომ მან აიღო ხელში, მე უუფლებო დავრჩი (იცინის). მე პედაგოგი ვარ და გაკვეთილებს ვატარებ, დანარჩენს ის განაგებს.

– ოჯახში ვინ იღებს ფინანსებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს?

– მე ამ საკითხში ძალიან სუსტი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეკონომიური მხარჯველი ვარ, შეიძლება, ისე უკონტროლოდ შევიძინო, მაგალითად, საოჯახო ნივთები, ლამაზი დეკორაციები, რომ ყველაფერი მავიწყდება, შემიძლია, მთელი მაღაზია გამოვზიდო (იცინის). ჩემი სუსტი წერტილია გემრიელად ჭამა, გურმანი ვარ და როცა ანგარიშზე თანხა მაქვს, როგორც ქალების უმეტესობა, შოპინგზე არ ვფიქრობ, რა გამოვიძახო, რა მივირთვა – ეს არის ჩემი ფიქრები (იცინის). აქედან გამომდინარე, მე ფული გამეფლანგებოდა (იცინის). გიორგი ყველაფერს ძალიან კარგად ანაწილებს. სერიოზულად რომ ვთქვათ, ორივეს ერთი მიზანი გვაქვს. ხომ არიან მეუღლეები, ცოლს რომ ერთი მიზანი აქვს, ქმარს – სხვა, სხვადასხვა რაღაცები რომ ახარებთ და აბედნიერებთ, ჩვენი ერთი მიზნისკენ მივდივართ და ჩვენს შემოსავლებს შეხმატკბილებულად ვანაწილებთ. საერთოდ, საკუთარი შრომით მოპოვებული ფულის ყადრი ვიცით და მფლანგველები არ ვართ.

– როგორც ვიცი, დიდი და ლამაზი სახლი გინდათ თქვენი დიდი ოჯახისთვის.

– ასეა. საკმაოდ პატარა სახლში ვცხოვრობთ, თუმცა ამაზე პატარაშიც გვიცხოვრია. ძალიან გვინდა, ნაკვეთი ვიყიდოთ, სახლი ჩვენი პროექტით ავაშენოთ და ჩვენს გემოზე მოვაწყოთ, რომ ყველა შვილისთვის და მომავალში უკვე შვილიშვილებისთვის საკუთარი ოთახები გვქონდეს. ძალიან გვინდა, შაბათ-კვირას ჩვენი დიდი ოჯახი ამ სახლში იკრიბებოდეს, შვილები, მათი მეუღლეები, შვილიშვილები – ასე წარმოგვიდგენია ბედნიერი სიბერე.

– მახსოვს, ერთხელ ნამცხვრის ფოტო გედო და წერდი, წლების წინ თვითონ ვაცხობდი სახლში, სადაც ამის პირობები საერთოდ არ მქონდა, მაგრამ ხალისი არ დამიკარგავსო. როგორ ახერხებდი ამას?

– ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი, ოცნებებში დავფარფატებდი. ზღაპრულად წამრომედგინა ხოლმე მომავალი. ცხოვრება ასეთი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემში მეოცნებე სული ისევ ცოცხლობს. რამდენიმე წლის წინ, როცა ჩვენ ძალიან გვიჭირდა და მე და ჩემი მეუღლე, სრულიად მარტოები, უდიდესი პრობლემების წინაშე ვიდექით, ოთხი შვილი გვყავდა და იპოთეკით შევიძინეთ 32 კვადრატული ბინა. აქედან ორი კვადრატული აივანს ეკავა. უპატარავესი ბინა იყო ექვსი ადამიანისთვის და არც სამზარეულო გვქონდა. პატარა სკამი მედო, ზედ პატარა ქურა, რომელზეც მხოლოდ ერთი ტაფა და ქვაბი ეტეოდა. არც ღუმელი მქონდა რამის გამოსაცხობად და არც სხვა პირობა საიმისოდ, რომ ქალს ედიასახლისა. ამის მიუხედავად, ძალიან ხშირად ვაცხობდი და „ფეისბუქზეც“ ვდებდი ხოლმე ფოტოებს. იმდენი დადებითი კომენტარი მოდიოდა და ეს იმხელა ძალას მაძლევდა, თითქოს, ჩემს რთულ ყოფას მიმსუბუქებდა. შავბნელი პერიოდი იყო ჩვენთვის ფინანსური კუთხით, მაგრამ მაშინაც კი არ ვაძლევდი თავს უფლებას, სასოწარკვეთაში ჩავვარდნილიყავი. არავის გაუგია, როგორ გამოვიარეთ ჩვენ ის წლები. ხალხი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივს იღებდა ჩემგან. ასეთ დროს კაცები ცოტა უფრო სუსტები არიან. გიორგი იტყოდა ხოლმე, მორჩა, ყველაფერი დამთავრდაო, თითქოს, ფარ-ხმალს დაყრიდა ხოლმე, ამ დროს ჩემში საოცარი ძალა იღვიძებდა და ვცდილობდი, ფეხზე წამომეყენებინა, გამეძლიერებინა. რას ჰქვია დამთავრდა, ყველაფერს მივაღწევთ და ყველაფერი გამოგვივა-მეთქი, ვუმტკიცებდი. ყოველთვის ვამბობ, რომ რასაც ფიქრობ, რასაც კოსმოსში აგზავნი, ის გიბრუნდება და ის იქცევა შენს რეალობად. მით უმეტეს, თუ ჯიუტად ცდილობ მიზნების მიღწევას. რაც წარმომედგინა, ის მოხდა, ოთხი შვილის გაჩენის შემდეგ მე კვლავ დავდექი სცენაზე, რაც არსებული პირობების გათვალისწინებით, არარეალური ჩანდა. გამიცნო და შემიყვარა საზოგადოებამ ჩემს ოჯახთან ერთად. ვიგრძენი, რომ შემდგარი ადამიანი ვარ და მივხვდი, რომ თუკი მეოცნებე პატარა გოგოს არ დაკარგავ საკუთარ თავში, შენთან წარმატება აუცილებლად მოვა. ადამიანი ვერასდროს შემამჩნევს, როდის რა პრობლემა მაქვს, მე ყოველთვის ვიღიმი და როგორ რთულ მდგომარეობაშიც უნდა ვიყო, მჯერა, რომ გადავრჩები და რომ წინ უკეთესი დღეები მელოდება. ზუსტად ასე ხდება და ამისთვის უფლის ძალიან მადლიერი ვარ. როცა წარსულს ვიხსენებ, ღმერთს მუდმივად მადლობას ვეუბნები და ვფიქრობ, სამყაროს უყვარს მადლიერი ადამიანები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნათლისღების შემდეგ დღე მართლაც მაგიური, რბილი, მაგრამ ძალიან ძლიერი გამოდის“ - თაკო მელიქიშვილი 20 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე

⭕„იმოქმედეთ სწრაფად, ფიქრისთვის დრო ცოტაა“ - 20 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზი

🎥 დღის რა მონაკვეთში და რამდენი ხნით უნდა გავიყვანოთ ბავშვი თოვლში - პედიატრის რჩევები!

წყარო: tbiliselebi.ge