Digest Logo

„ფრთები, თეთრეული და შოუ, რომელიც გადაიქცა ნამდვილ სანახაობად“ - Victoria’s Secret-ის „ანგელოზთა“ ბრენდის ისტორია

1760609290
როი რეიმონდი

1970-იან წლებში სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი როი რეიმონდი თავისი მეუღლისთვის საჩუქრის, ქალის თეთრეულის კომპლექტის შეძენას აპირებდა. თუმცა, როდესაც ის მაღაზიაში მივიდა, ვერაფერი საინტერესო მოძებნა — არც ასორტიმენტი, არც გარემო, სადაც მამაკაცს, რომელიც ქალის თეთრეულს ყიდულობს, აშკარად უხერხულად აგრძნობინებდნენ თავს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა საკუთარი ბრენდის შექმნა.

ბრენდისთვის მან აირჩია სახელწოდება Victoria’s Secret — ინგლისის დედოფალ ვიქტორიას საპატივცემულოდ, რომელსაც კორსეტები განსაკუთრებულად უყვარდა. პირველი მაღაზიის ვიტრინები დეკორირებული იყო ვიქტორიანული ეპოქის ბუდუარის სტილში. პირველი მაღაზია 1977 წელს გაიხსნა და მალევე მოიპოვა წარმატება. როგორც ასორტიმენტი, ისე პერსონალი — ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ მყიდველს მაქსიმალური კომფორტი ეგრძნო.

ხუთი წლის შემდეგ, როცა რეიმონდს უკვე ექვსი ფილიალი ჰქონდა, საქმე ისე კარგად აღარ მიდიოდა და მან კომპანია ბიზნესმენს, ლესლი ვექსნერს მიჰყიდა. ახალი მფლობელის ხელმძღვანელობით Victoria’s Secret სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა — ჩვეულებრივი თეთრეულის მაღაზიიდან ის გადაიქცა ბრენდად, რომელიც წარმოადგენდა ელეგანტურ კოლექციებსა და გრანდიოზულ შოუებს.

ვექსნერმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ასორტიმენტი — ბრენდს დაემატა სუნამოები, ფეხსაცმელი, პიჟამოები და საცურაო კოსტიუმები, რამაც შემოსავლები საგრძნობლად გაზარდა. მოგვიანებით მან სცადა ტანსაცმლის ხაზის დამატება, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ბრენდის მთავარი ძალა მაინც თეთრეული იყო და ეს მიმართულება დახურა.

1995 წელს ჩატარდა პირველი Victoria's Secret Fashion Show, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცა მასშტაბურ, გლამურულ და სექსუალურ ღონისძიებად, სადაც გამოდიოდნენ ცნობილი მოდელები, ე.წ. „ანგელოზები" (Angels).

1998 წელს პოდიუმზე პირველად გამოვიდნენ „Victoria’s Secret-ის ანგელოზები“ — ბრენდის საუკეთესო მოდელები, რომლებიც შოუს დროს ფრთებით გამოჩნდნენ. პირველ ანგელოზებად ითვლებიან ტაირა ბენქსი, სტეფანი სეიმური და ჰელენა კრისტენსენი. სწორედ მათ შემდეგ შოუ თეთრეულის ჩვენებიდან გადაიქცა ნამდვილ სანახაობად. 2004 წელს ანგელოზები ამერიკის ტურნეში გაემგზავრნენ — ნიუ-იორკში, ლას-ვეგასში, მაიამიში და ლოს-ანჯელესში გამართულ შოუებზე მათ ახალი კოლექცია წარადგინეს.

1996 წელს ბრენდის დიზაინერებმა შექმნეს განსაკუთრებული კომპლექტი Very Sexy Fantasy Bra, მორთული ძვირფასი ქვებით — ამით დაიწყო Victoria’s Secret-ის ტრადიცია ყოველ წელს წარმოედგინა უნიკალური და უძვირფასესი ბიუსტჰალტერი. ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი შეიქმნა 2000 წელს — მისი ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ ბიუსტჰალტერში პოდიუმზე გამოვიდა ცნობილი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი, რომელიც, ალესანდრა ამბროსიოსთან, ადრიანა ლიმასთან, ტეილორ ჰილთან და კენდის სვეინპოლთან ერთად, ბრენდის ყველაზე სახელგანთქმულ ანგელოზებს შორის არის.

დღეს Victoria’s Secret-ის შოუ მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა. თითოეულ ჩვენებაზე იკრიბებიან ცნობილი მომღერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები, მილიარდერები და დიზაინერები. კოლექციების პრეზენტაცია თეატრალური სპექტაკლის მსგავსად ტარდება — მოდელების ფრთები და აქსესუარები ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო შოუს მუსიკალურად ამშვენებენ ყველაზე პოპულარული არტისტები: სხვადასხვა წლებში სცენაზე გამოსულან რიანა, ლეიდი გაგა, კანიე უესტი, ჯეი ზი, ბრუნო მარსი, სელენა გომესი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და The Weeknd.

ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული შოუ 2017 წლის 28 ნოემბერს შანხაიში, „Mercedes-Benz Arena“-ზე გაიმართა. პოდიუმი ყველაზე დიდი იყო Victoria’s Secret-ის ისტორიაში — 3000 სტუმარი, 55 მოდელი და 88 ლუქი.

შოუსთვის აქსესუარები შექმნა დიზაინერმა ოლივიე რუსტენმა, Balmain-თან კოლაბორაციაში — მან 38 წყვილი ფრთა წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მოდელმა ლაის რიბეირომ, რომელმაც წარმოადგინა Champagne Nights Fantasy Bra, მორთული ბრილიანტებით, ყვითელი საფირონებით და ცისფერი ტოპაზებით. კომპლექტის ღირებულება 2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

Victoria's Secret-ის ისტორია აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთი იდეა გადაიზარდოს გლობალურ ბრენდად, მაგრამ ასევე — როგორ აუცილებელია დროის და საზოგადოების ცვლად მოთხოვნებთან ადაპტაცია.

2025 წლის, ნიუ-იორკში Victoria's Secret-ის ტრადიციული შოუ გაიმართა. პოდიუმზე ბრენდის ანგელოზებმა და მოდელებმა გაიარეს. მათ შორის იყვნენ ადრიანა ლიმა, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, პალომა ელსესერი, ქართველი მატილდა გვარლიან.

მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია, რო­მე­ლმაც Victoria's secret-ის შო­უ­ში მი­იღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შოუ ნიუ-იორკში გა­ი­მარ­თა.  პირველად ის შოუზე გასულ წელს გამოვიდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 ორსული მოდელი, ქალი სპორტსმენების დებიუტი და ლეგენდების დაბრუნება - როგორი იყო Victoria's Secret-ის 2025 წლის ჩვენება

⭕„მოაწერეთ ხელშეკრულებებს ხელი, დაქორწინდით და გადადით ახალ სახლში“ - დღის პროგნოზი მეტაფიზიკოსისგან

🎥 რატომ გვაკლდება ასაკის მატებასთან ერთად მეგობრების რაოდენობა?! - ფსიქოლოგის რჩევები