Digest Logo

„ხატია ჩემნაირი „რიკოშეტია“ - რატომ ეძახა სასამართლო დარბაზში ხატია სიჭინავამ პოლიციელებს შეურაცხმყოფელი სიტყვები

1666776244
ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე

ოლიმპური ჩემპიონი რამაზ ნოზაძე ჟურნალთან „თბილისელები“ მის ცხოვრებაში მომხდარ კონფლიქტურ სიტუაციას იხსენებს და იუმორით ჰყვება მისი მეუღლის ხატია სიჭინავას რეაქციაზე, რომელიც მან სასამართლო დარბაზში გამოავლინა.

„ყველაზე სასტიკი მაშინ ვიყავი, როდესაც ვჭიდაობდი, ყველა შეხვედრაზე. მინდოდა ის სიძულვილი, რომელიც ჩემში სუფევდა, ბოლომდე გადმომენთხია ლეიბზე. ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მეხმარებოდა. მთელ სიძულვილსა და აგრესიას რომ ლეიბზე ვუკეთებდი რეალიზებას, ეს მათავისუფლებდა და გარეთ მშვიდი და ამისგან ბოლომდე გათავისუფლებული გამოვდიოდი. ცხოვრებაში ურთიერთობების ძალიან მოყვარული ადამიანი ვარ, მეგობრული და მეგობრების გარეშე, ჩემი თავის წარმოდგენა არ შემიძლია. ყოფილა სუფრები, სადაც ჩემს მოყვარესთან ერთად, ჩემი მტერიც მიდღეგრძელებია. მტერიც ბევრჯერ დამილოცნია. მე ვინ ვარ? – არავინ. მთავარი ღმერთია და მე რა უფლება მაქვს, ვინმეს შევაგინო ან დავადანაშაულო?! თუმცა, არის მომენტები, როცა ძალიან გაბრაზებენ და ამ დროს არ არის მარტივი თავის შეკავება. ერთხელ, მახსოვს, ნასვამი ვიყავი, გარეთ გამოვედი და ვხედავ, ჩემი მანქანა წაუყვანიათ. მილიციელს დავუწყე ლაპარაკი და ცუდად შემხვდნენ, ძალიან უხეშად და აგრესიულად მომმართეს – „ბიჭო“. ამ „ბიჭოზე“ მეც ისე ვუპასუხე, როგორც პასუხობენ ხოლმე და ადგნენ და მომახტნენ, ოცი კაცი იყო. ყველასთვის შემეძლო ცხვირ-პირის დამტვრევა, მაგრამ ხელი არ გამინძრევია. მაგათ დონეზე არ დავეცემოდი. უბრალოდ, მრცხვენია იმ პატარა ბიჭის გამო, რომელიც პირველი მომახტა ხელზე. შევუთვალე კიდეც, პატარაა ეს ქვეყანა და მიხვდები, რომ სამარცხვინოდ მოიქეცი-მეთქი. დამიჭირეს, ერთი დღე საკანში გავატარე. უცნაური, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. მეორე დღეს გამომიშვეს. სასამართლოა და ჩემი მეუღლეც მოსულია. იქაც არასასიამოვნოდ წარიმართა დიალოგი და ხატიამ მიმართა ამ პოლიციელებს: რომ დამდგარხართ და ამ გამოჩენილ ხალხს დასდევთ სი...-ითო... უცებ სიჩუმე ჩამოვარდა და ეს პოლიციელები, მაშინვე მიუბრუნდნენ მოსამართლეს, ხომ ხედავთ, კიდევ რას გვეუბნებაო. მოსამართლემ ხატიას მიმართა, ვერ გავიგეთ, რა თქვით და გადავახვიოთო? ხატიამ არა, რა გადაახვიოთ, ეგენი არიან, რად უნდა გადახვევაო (იცინის). მთელი დარბაზი სიცილით დაწვა. ხატიამ განა უარყო, ბოლომდე „მიაწვა“, ეგენი არიანო. მერე ამის გამო დამატებით გადაგვახდევინეს ჯარიმა. ეს სასაცილო იყო, თუმცა, შემთხვევა არასასიამოვნო გამოვიდა. მე რომ ასე დამახტნენ თავზე, სხვას უარესს გაუკეთებენ. რა თქმა უნდა, კანონი ყველასთვის კანონია, არავინ არ უნდა დაარღვიოს, მე თუ ვარღვევ, მეც უნდა მომთხოვო პასუხი, მაგრამ მიუდექი, რა, ადამიანურად! მაგრამ ვიღაც ხეპრეები ჰყავთ, ბევრმა ოჯახში არ იცის მოქცევა, გარეთ ბოდიში და საერთოდ არაფერი იციან. საბოლოოდ, დარჩა ასეთი ისტორია, რომელიც ხატიამ დააგვირგვინა. ძალიან სასიამოვნოა, როცა ცოლი ასე გიდგას გვერდით და შენთან ერთად იბრძვის. ჩემნაირი „რიკოშეტია“ (იცინის)“, - ამბობს რამაზ ნოზაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ქალის მთელი ცხოვრება ერთი მოძალადე კაცის გარშემო ტრიალია? ვერ მოგართვით!“ - ბაია პატარაია

🔵რას მოუტანს დღევანდელი მზის დაბნელება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება

🔵„პასუხი ყველას გუშინ არ გასული გადაცემის გამო“ - ია ფარულავას საგანგებო განცხადება

წყარო: tbiliselebi.ge