
რეჟისორ ლეო ესაკიას სრული სახელი ლეონარდი იყო, მაგრამ ასე არავინ მიმართავდა. ის კინოში, იმ კინორეჟისორების თაობასთან ერთად მოვიდა, როგორებიც იყვნენ: კოტე მიქაბერიძე, მიხეილ ჭიაურელი, ნიკოლოზ შენგელაია და სხვა.
ლეოს სახელთან ბევრი სიახლეა დაკავშირებული. ის პირველი ქართული ხმოვანი მხატვრული ფილმების ავტორია: „შაქირი“, „ფრთოსანი მღებავი“ (პირველი ქართული ფილმია ქართველ ავიატორთა ცხოვრებაზე), „აბესალომ და ეთერი“ - პირველი ნიმუშია ქართული ფილმი-ოპერისა, ხოლო „ბაში-აჩუკი“ აკაკი წერეთლის ნაწარმოების პირველი ეკრანიზაცია გახლდათ.
ლიტერატორის ახდენილი ოცნება
ლეო ესაკია სენაკში, 1890 წლის 27 თებერვალს დაიბადა. ბავშვობიდან ოცნებობდა თბილისში ჩამოტანილი კინოფირები ენახა. მას მხატვრობა იტაცებდა და მასწავლებელთან ემზადებოდა კიდეც, მაგრამ I მსოფლიო ომი დაიწყო და სხვებთან ერთად, ისიც საომრად გაიწვიეს.
ომიდან მშვიდობით დაბრუნებული უმაღლესი განათლების მისაღებად, თბილისში ჩამოვიდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლისას, აქტიურად იყო ჩაბმული მემარცხენე ლიტერატორთა მოძრაობაში, გამოდიოდა მანიფესტებითა და დეკლარაციებით. თანამშრომლობდა ქართულ ლიტერატურულ ორგანოებსა და მაიაკოვსკის ჟურნალში „ნოვი ლევი“.
სწორედ იმ პერიოდში, თბილისში რეჟისორი ლევ კულეშოვი ჩამოვიდა. მაშინ ლეო ესაკია უკვე სცენარებს წერდა, სასცენარო განყოფილების გამგედ და სამხატვრო საბჭოს წევრად მუშაობდა. კულეშოვმა ესაკია თანაშემწედ აიყვანა. მალე მან დამოუკიდებლად მუშაობის უფლებაც მოიპოვა და ესაკიას კინორეჟისორული დებიუტი 1928 წელს შედგა, ფილმით - „ჰოლტზე“. მისი მომდევნო ფილმი გახლდათ „ამერიკანკა“, თუმცა, ამ „რომანტიკულმა“ სათაურმა არ დაგაბნით, ფილმი რეჟისორმა 1905 წლის რევოლუციის 25 წლისთავს მიუძღვნა; „ამერიკანკა“ კი საბეჭდი მანქანის ფირმის სახელწოდებაა, რომელზეც მოსკოვის ბოლშევიკური ორგანიზაციის წევრი რევოლუციონერები პროკლამაციებს ხილის დუქნის სარდაფში მოწყობილ, არარეგალურ სტამბაში ბეჭდავდნენ.
თანამდებობები და პოპულარული ფილმები
ლეო ესაკიამ 1945-1955 წლებში რეჟისორული მოღვაწეობა შეწყვიტა და კინოორგანიზატორულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ისეთ თანამდებობებზე, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს და შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი გაოცებასაც კი იწვევდეს.
ლეო ესაკია მუშაობდა: საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ხელოვნების სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ, რადიოკომიტეტის თავმჯდომარედ, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კინემატოგრაფიის მინისტრის პირველ მოადგილედ და ამავე დროს, კინოსტუდიის დირექტორად. საქართველოს სსრ პოლიტიკური და მეცნიერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის პირველ მოადგილედ და კინოფიკაციის მთავარი სამმართველოს უფროსად.
რაც შეეხება რეჟისორულ საქმიანობას, მან თავისი ცნობილი ფილმები: „ბაში-აჩუკი“, „ნინო“, „გლახის ნაამბობი“ 50-იანი წლების შემდეგ შექმნა, მერე კი კინოოპერის - „აბესალომ და ეთერი“ გადაღებების დაწყება დააანონსა.
„პადლეცი აბესალომი“
„აბესალომ და ეთერი“ ქართული მუსიკის „ვეფხისტყაოსანია“. იგი საერთო სახალხო სიყვარულითა და აღიარებით სარგებლობს და ამიტომ აუცილებლად მივიჩნიე მისი შემდგომი პოპულარიზაცია ყველაზე მასობრივი ხელოვნების - კინოს საშუალებით. ამ კინოოპერის შექმნა ჯერ კიდევ 1937 წელს დავაპირე, დავიწყე კიდეც. იდგმებოდა გამოჩენილი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის რედაქციით. გარემოებათა გამო, შევწყვიტეთ მუშაობა“... - წერდა ლეო ესაკია.
ფილმის გადაღების შეწყვეტის კონკრეტულ მიზეზებზე არ ლაპარაკობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ და არცთუ უსაფუძვლოდ: ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ევგენი მიქელაძე 1937 წლების რეპრესიებს შეეწირა ან ცენზურას თემა, სცენა, ან ფრაზა არ მოეწონა და პროექტი შეაჩერა. საფრთხის წინაშე ფილმი მოგვიანებითაც აღმოჩნდა.
აკაკი ბაქრაძე წიგნში - „ცამეტი წელიწადი კინოში“ ერთ ასეთ ამბავს იხსენებს:
„ოპერა „აბესალომ და ეთერის“ კინოვარიანტის შექმნა გადაწყდა. ეს საქმე ლეო ესაკიას დაევალა... სარეჟისორო სცენარიც დაიწერა, აქტიორებიც შეირჩა და დღე დღეზე, გადაღებაც უნდა დაწყებულიყო, რომ კინოსტუდიის მაშინდელმა დირექტორმა დამიძახა... აღელვებული დამხვდა. მაგიდაზე გადაშლილი ედო „აბესალომ და ეთერის“ სარეჟისორო სცენარი. რა არის ეს? - მკითხა და სცენარს თითი დაადო. კითხვის აზრს ვერ მივხვდი. სანამ ვუპასუხებდი, სცენარს დავხედე და დავინახე: ლეგენდისა და ოპერის კულმინაციურ ადგილას, როცა შეკრებილ სამეფო კარს მიმართავს აბესალომი: „ვის გინდათ ქალი ეთერი“ წითელი ხაზი ჰქონდა გასმული და გვერდზე მიწერილი იყო: „აბესალომ პადლეც!“ - რა არის ეს? - ისევ იკითხა დირექტორმა. გულუბრყვილოდ ვუპასუხე: სწორად არის დაბეჭდილი, აქ შეცდომა არ გახლავთ. - მეც ვიცი, რომ შეცდომა არ არის, - მითხრა მან, ჩემს პასუხს აღარ დაუცადა და გააგრძელა: რას ნიშნავს, „ვის გინდათ ქალი ეთერი?“ კაცს რომ ცოლი ავად გაუხდება, ეს უნდა თქვას, თუ ექიმს დაუძახოს, საავადმყოფოში დააწვინოს, უმკურნალოს, მოუაროს, უპატრონს? რა ჰქვია იმ ქმარს, რომელიც სნეულ ცოლს სხვას აძლევს? ამის მერე გინდათ დამიმტკიცოთ, რომ აბესალომი დადებითი პერსონაჟია? - გულწრფელად იყო აღელვებული და გაბრაზებული დირექტორი, - ჩვენ საზოგადოებას მაღალზნეობრივი ფილმები უნდა მივაწოდოთ... ეს ადგილი უნდა შეიცვალოს!“
მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება გაიცა, ფილმში მეფისწული აბესალომის ეს ფრაზა მაინც დარჩა და მის არიაში ჟღერს სიტყვები - „ვის გინდათ ქალი ეთერი?“ ეს რომ არა, მაშინ მთლიანად უნდა შეცვლილიყო კინოოპერის შინაარსი და აღარც მურმანი იარსებებდა...
რეჟისორს ამ ფილმმა აღიარება მოუტანა. ლამაზი სანახაობისა და დადგმითი სცენების გარდა, ფილმისთვის ვოკალურ არიებს ასრულებდნენ: ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ ზეინკლიშვილი და ნათელა ტუღუში. ხოლო მსახიობებად მიწვეული იყვნენ: არჩილ მეტონიძე, ლალი ხაბაზაშვილი, ნუგზარ შარია და ნანა ყიფიანი.
აკაკი წერეთლად ქცეული რეჟისორი
ყველასათვის ცნობილია, რომ ქართული კინოს ერთ-ერთმა ლამაზმა წყვილმა, ლია ელიავამ და ოთარ კობერიძემ ერთმანეთი „ბაში-აჩუკის“ გადაღებებზე გაიცნეს და მალე შეუღლდნენ კიდეც. ამ მსახიობებთან ერთად, ფილმში მონაწილეობდნენ: დოდო აბაშიძე, მედეა ჩახავა, დოდო ჭიჭინაძე, კოტე დაუშვილი და სხვები. ფილმის მუსიკის ავტორი სულხან ცინცაძეა, რომლის ნამუშევრებმა ამ სურათის პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი. „ბაში-აჩუკი“ 1956 წლიდან დღემდე, ქართულ ფილმებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ყურებად“ ფილმად ითვლება.
აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმზე, რომელიც XVII საუკუნის კახეთის აჯანყების შესახებ მოგვითხრობს, კვლავ აკაკი ბაქრაძის მოგონებას მივუბრუნდები:
„რეჟისორმა ლეო ესაკიამ „ბაში-აჩუკი“ გადაიღო. ფილმის სანახავად სტუდიაში მაღალი თანამდებობის მოხელე მოვიდა. ასეთ ვითარებაში, ჩვეულებრივ, „ქართული ფილმის“ დირექტორი სტუმრებს ესაუბრებოდა, აცნობდა, რა გაკეთდა და როგორ. ამჯერად, ასე არ მომხდარა. მაშინდელმა დირექტორმა ალბათ, „ბაში-აჩუკზე“ ბევრი ლაპარაკი საჭიროდ არ მიიჩნია და მოკლედ აუწყა: აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“ გადავიღეთ. დრო რომ არ წაგართვათ და არ დაგღალოთ, თქვენ თავად ნახავთ, რაც შევძელითო. ყურადღებით უყურეს ფილმს. „ბაში-აჩუკი“ მოხელეს უზომოდ მოეწონა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. კმაყოფილმა აღარ იცოდა, რა ეთქვა. მიმოიხედა, ყველა აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა, აშკარად ვიღაცას ეძებდა. ბოლოს, დირექტორს სთხოვა, - აკაკი წერეთელი გამაცანითო. დარბაზში ყველა გახევდა. რა უნდა უთხრა, რით უნდა დააღწიო თავი ამ უხერხულ მდგომარეობას? როგორ გინდა აკადრო, - აკაკი წერეთელი კარგა ხნის მკვდარია და მისი გაცნობა ვერ მოხერხდებაო? ყველა წამი აახლოებს სკანდალს. ალბათ, ასეთ წუთებში ღმერთი ეხმარება ადამიანს და დირექტორმა რაღაცნაირად მოძებნა იმ სიტუაციისთვის ყველაზე შესაფერისი პასუხი: მან ხელი მოჰკიდა ლეო ესაკიას, მოხელეს წარუდგინა და უთხრა, - ეს გახლავთ ფილმის ავტორიო. მოხელე მოეხვია ლეოს, გულში ჩაიკრა, მერე მხარზე გადახვია ხელი და ასე საუბარ-საუბრით გავიდნენ დარბაზიდან. რაზე ლაპარაკობდნენ, ეს ჩვენ უკვე აღარ გვესმოდა...“
„აბესალომ და ეთერი“ ლეო ესაკიას ბოლო რეჟისორული ნამუშევარი იყო. ის რამდენიმე წელიწადში, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ბელა დამესიზმრა, ჩვენ ორმა ვეებერთელა ტალღებზე გადავიარეთ, საოცრად მშვიდად… - კახი კავსაძე