რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ მაყურებელი მომღერალ ბაბი კირკიტაძეს „ღამის შოუს ბენდში“ ვეღარ იხილავს, გუნდს ახალი წევრი, ნინი ყულეჯიშვილი ჰყავს.
ნინი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს, ერთ-ერთი შეკითხვა იყო:
– რადგან მაყურებელი ბაბის იყო მიჩვეული, ალბათ, მათი ემოციებისა და მოსალოდნელი შედარებების გამოც ნერვიულობდი.
– თავიდანვე შემზადებული ვიყავი. ყველა მაფრთხილებდა, რომ იქნებოდა ორი აზრი: „ბაბი ჩაანაცვლა“, „ბაბი უკეთესი იყო“, „ბაბის გარეშე აღარ ვუყურებ ამ გადაცემას“ და ასე შემდეგ. მსგავსი კომენტარები მოსალოდნელიც იყო, რადგან ამდენი წელია, ერთად მოდიან. მე ბაბის ძალიან დიდ პატივს ვცემ, ულამაზესი და ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა: მე ბაბი არ ჩამინაცვლებია. ვერც მე და ვერც ვერავინ მას ვერ ჩაანაცვლებს. ბაბი იყო თავის ადგილას, მე კი ჩემს ადგილას ვარ. მე ნინი ვარ, ის – ბაბი. მე სულ სხვანაირი ადამიანი ვარ, განსხვავებული ვიზუალითა და ხმის ტემბრით. ბაბი ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია. მაყურებელს სიახლეების მიღება, რა თქმა უნდა, გაუჭირდება, მაგრამ ყველაფერი წინ არის. მეც გამიცნობენ და იმედი მაქვს, ისე შემიყვარებენ, როგორც უყვართ „ღამის შოუს“ თითოეული წევრი.

რაც შეეხება ბაბის წასვლის შემდეგ მიზეზებთან დაკავშირებით გავრცელებულ მოარულ ხმებზე, მომღერალმა განმარტება ერთ-ერთ პოდკასტში გააკეთა:
„ჩემსა და გელას შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა, იყო მხოლოდ, სიყვარული ერთობა და ყველაფერი კარგი.
წამოსვლის მიზეზი კი არის ის, რომ ვაპირებ და ვგეგმავ სოლო კარიერის აწყობას, თუმცა დავიწყე და საკმაოდ რთული პროცესი ყოფილა - არ ვიცი ბენდთან ერთად ვიზამ ამას, თუ ცალკე.
რეალურად ამ ეტაპზე „ღამის შოუს“ ბენდის კონცერტებში მე მაინც ვიღებ მონაწილეობას, სანამ ჩემი პირადი კონცერტები მექნება“, - ამბობს ბაბი კირკიტაძე ბენდიდან წამოსვლის შემდეგ ინტერვიუში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: