Digest Logo

ქორწინება 17 წლის ასაკში, 9 წლით უფროსი ეჭვიანი მეუღლე, მამის გარდაცვალება და დაპატიმრებული შვილი - „ეკას“ პორტრეტი

1707995040
ეკა

15 თებერვალს გარდაიცვალა მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე.

„ახლა კი მოისმინეთ სიმღერა, რა კარგი ხარ სიყვარულო, ტექსტის და მუსიკის ავტორია, ეკა ბერიძე“.... - ალბათ, კომედიური ჟანრის ქართული ფილმი „მხიარული რომანი“ გაგახსენდათ...

„მოიტაცეს თამარ ქალი“, „მხიარული რომანი“ – ამ არაჩვეულებრივ ფილმებში გაიელვა მსახიობმა, ხათუნა კოტრიკაძემ და მისი სამსახიობო კარიერაც დამთავრდა. მაშინ ითქვა, რომ კინოში სათამაშოდ ქმარმა არ გაუშვა, მაგრამ, როგორც გავიგეთ, კინო არც მისთვის ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ მშვენიერი ქალის შესახებ საზოგადოებამ ნაკლებად თუ იცის რამე.

ჰოდა, დღეს სწორედ მის პორტრეტს დაგიხატავთ.

ხათუნა კოტრიკაძე ცნობილი ფეხბურთელის, ალიოშა კოტრიკაძის ქალიშვილი იყო. ხათუნას დედამ, ნანული ნიშნიანიძემ მაშინ გაიცნო მომავალი მეუღლე, როცა ალიოშა ვარაზისხევში, მათ მეზობლად დასახლდა.

ცოლ-ქმარს ქალ-ვაჟი შეეძინა. ხათუნა 17 წლის იყო, როდესაც თბილისის „დინამოს” მეკარეს, დავით გოგიას, ცოლად გაჰყვა.

ხათუნა კოტრიკაძის დედა, ნანული ნიშნიანიძე:

– ხათუნა თბილისში 1955 წელს დაიბადა. ბავშვობიდანვე ნიჭიერი იყო. 4 წლისამ ასოების ცნობა და ანგარიში ისწავლა. დედაჩემმა და ჩემმა ძმამ გაზარდეს. ორივე განათლებული ადამიანი იყო. ხუთებზე სწავლობდა. პრინციპული ადამიანია და, რაც სწამდა, იმას აკეთებდა. მსახიობობა ბავშვობიდანვე უნდოდა, მაგრამ, როდესაც ეს შესაძლებლობა მიეცა, აღარ ისურვა.

სამ ფილმში გადაიღეს და მისი კარიერა ამით შეწყდა. ეს იმანაც განაპირობა, რომ ქმარი ძალიან ეჭვიანი იყო, კატეგორიულად აუკრძალა კინო. მამამისი 69 წლის ასაკში ყელის სიმსივნით გარდაიცვალა. ხათუნას განსაკუთრებულად უყვარდა იგი და მამასაც გამორჩეულად უყვარდა.

– რაში ამჟღავნებდა ხათუნა პრინციპულობას?

– თუ იტყოდა, ამა და ამ ადგილას მინდა წასვლაო და უარს ვეტყოდით, აღარასოდეს დაგველაპარაკებოდა ამ თემაზე, არ შეგვაწუხებდა. ერთადერთი უნებართვო ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, დათო გოგიაზე გათხოვება იყო. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩვენ არ გვინდოდა დათო, უბრალოდ, ჯერ არ იყო მისი გათხოვების დრო. თითქოს დამჯერი იყო, მაგრამ მაინც გვეწინააღმდეგებოდა, თუ რამე არ უნდოდა.

სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, ვეუბნებოდით, ჯერ უმაღლესში ჩააბარე და მერე გათხოვდი-თქო, მაგრამ მაინც გაჰყვა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ამ კაცთან უბედურია.

– დათოს მანამდე იცნობდით?

– ჩემი მეუღლის მოწაფე იყო და ყოველთვის მოდიოდა ჩვენ ოჯახში. ხათუნას ძალიან დიდი ეჩვენებოდა და უყურებდა, როგორც თავისზე ძალიან უფროს კაცს. დათო მასზე 9 წლით უფროსია. ხათუნა ჩემთან ყველაფერს ლაპარაკობდა, მისი ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.

– დათოზე გეუბნებოდათ რამეს?

– ვიცოდი, რომ მოსწონდა, იმიტომ, რომ დათო ჩამოყალიბებული კაცი იყო. თავისი ტოლი ბიჭები მაინცდამაინც არ მოსწონდა. თვითონაც ყოველთვის სერიოზული გოგო იყო.

– თავად დათომ თუ გითხრათ, რომ თქვენი ქალიშვილი შეუყვარდა?

– რა თქმა უნდა, აბა, როგორ გაბედავდა თავისი მწვრთნელის თავზე გადახტომას? ოფიციალურად მოვიდა თავისი მშობლებით და ხათუნას ხელი გვთხოვა.

– როგორ მოხვდა კინოში?

– 15 წლის იყო, პირველად რეჟისორმა სოსო ჩხაიძემ რომ გადაიღო ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული”. მან უთხრა, ხათო, შენ აუცილებლად იქნები ვარსკვლავიო. მერე ლეილა გორდელაძემ გადაიღო ფილმში „მოიტაცეს თამარ ქალი“ და ბოლოს ლერიკო ხოტივარმა – „მხიარულ რომანში“.

უამრავმა რეჟისორმა შესთავაზა მერე გადაღება, მაგრამ არ ქნა. არ უნდოდა, თორემ აუცილებლად გააგრძელებდა. ხათუნა პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდა. სოსო ჩხაიძე მივიდა სკოლაში და ხათუნა აარჩია. ხათუნას ევროპული სახე აქვს. რომ აარჩიეს, ყველას გაუკვირდა, ისეთი ლამაზი გოგოები იყვნენ მის კლასში. იმდენად გახსნილი იყო, რომ ძალიან მოეწონათ, ძალიან ბუნებრივი გამოვიდა. ალბათ ჰქონდა რაღაც ხათუნას, მასზე ყოველთვის დიდი ბუმი იყო.

შვილის დაპატიმრება

2019 წელს პოლიციამ მსახიობ ხათუნა კოტრიკაძის და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილი, გოგა გოგია დააკავა. საქმე პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ბრალდებით დააკავეს.

გოგა გოგია სააკაშვილის ხელისუფლების დროს საკრებულოს კანცელარიის უფროსი იყო.

2015 წელს მან საკვალიფიკაციო ტესტირება ვერ გაიარა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ევროპაში კინოცენტრის საერთაშორისო წარმომადგენლად სოფია ბაბლუანი დაინიშნა

⭕წვიმა, თოვლი და ტემპერატურის ვარდნა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

🎥 „არაფერია სიყვარულის ფასი, როცა გინდა ცხოვრების ყველა წამი შეირგო საყვარელ ადამიანთან ერთად“ - თათია შარანგია ქმართან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს