ადამიანთა უმეტესობისთვის ფრაზა „აკუნა მატატა“ (Hakuna Matata) უოლტ დისნეის სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმთან „მეფე ლომთან“ იგივდება. ფილმში მოქმედება აფრიკაში, ლომების სამეფოში მიმდინარეობს, სადაც ტიმონისა და პუმბას მხიარული სიმღერა და უდარდელობა აჩენს შეგრძნებას, რომ ამქვეყნად არანაირი პრობლემა არ არსებობს.
ფრედი მერკურის სამშობლოში, ზანზიბარში „აკუნა მატატა“ ადგილობრივებისთვის ცხოვრების ნამდვილი სტილია. ტროპიკულ არქიპელაგზე ამ ფრაზას ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაიგებთ — ქუჩებში, პლაჟებზე, ბაზრებში, რესტორნებში, მეთევზეებისგან, გამყიდველებისგან და უბრალო გამვლელებისგან. ხანდახან ისეთი განცდა ჩნდება, თითქოს „აკუნა მატატა“ კუნძულის ოფიციალური საუნდტრეკია.
სუაჰილის ენიდან „აკუნა მატატა“ ითარგმნება, როგორც No Problems (No trouble, No Worries) და ზედმიწევნით ასახავს ამ საოცარ კუნძულზე არსებულ ატმოსფეროს.
ადგილობრივები ამ სიტყვებს იმდენად ხშირად იყენებენ, რომ თავდაპირველად ეს ცოტათი გაღიზიანებთ კიდეც. გეჩვენებათ, რომ ტურისტებს „სამოთხის კუნძულის“ ლამაზ სურათებს უხატავენ, თუმცა, რაც უფრო დიდხანს რჩები ზანზიბარზე, მით უკეთ ხვდები, რომ ამ სიტყვების მიღმა გაცილებით მეტი რამ იმალება.
საქმე ისაა, რომ „აკუნა მატატა“ პრობლემების არარსებობას კი არა, მათ მიმართ დამოკიდებულებას ნიშნავს!
ეს არის უნარი, წვრილმანებზე არ ინერვიულო, არ გაბრაზდე, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ ხდება
და არ ეცადო, ცხოვრება იდეალური გახადო, უბრალოდ აწმყოთი იცხოვრო და ყველაფერი ისე მიიღო, როგორცაა.
ალბათ სწორედ ამიტომ ხიბლავს ზანზიბარი ადამიანებს ასე ძლიერად. ის იდეალური არ არის, პირიქით, ხანდახან ქაოსური და ხმაურიანია, მაგრამ მისი ნამდვილი ხიბლი და ატმოსფერო სწორედ ამ უდარდელობაში იმალება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ
⭕„ჩემს ბიჭებთან ერთად“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად თურქეთში ისვენებს
⭕წვიმა, ქარი და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
წყარო: funtime.ge