Digest Logo

უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ნიკა ქაცარიძის უცნობი ამბები

1611336800
ნიკა ქაცარიძე

ნიკა ქაცარიძე რუსთაველის თეატრის მსახიობია. ბევრი სახასიათო როლი აქვს შესრულებული სცენასა თუ ფილმში, თუმცა, კომედიურ სერიალ „შუა ქალაქში“ შესრულებული ხელოსანი ამირანის როლი, მაყურებლისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

ბავშვობა

აუტანელი, ცელქი, მოუსვენარი ბავშვი ვიყავი. დიდი ენერგია სჭირებოდათ ჩემს მშობლებს, როგორმე დავეოკებინე.

სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, მაბამდნენ და ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა რადიატორზე მიბმულმა და პრომეთესავით მიჯაჭვულმა გავატარე.

საბავშვო ბაღის ასაკში რომ მესმოდა, როგორ გარბოდნენ წივილ-კივილით სახანძრო მანქანები ხალხის დასახმარებლად, მეხანძრე მინდოდა გავმხდარიყავი, მაგრამ ჩემგან დამხმარე და გმირი ვერ გამოვიდა.

დედას ხშირად დავყავდი ეკლესიაში და ისე მომწონდა იქაური ატმოსფერო, ვიფიქრე, მღვდელი გამოვალ-მეთქი.

ყოველ სამ საათში ვდგებოდი და ვლოცულობდი. ამანაც გადამიარა. მერე იყო ქუჩა, ძველბიჭობა და ჩხუბები.

თუმცა, მაშინდელი ქუჩა სხვანაირი იყო, დანებით კი არ ვჩხუბობდით, სკოლის „პაპკებს“ ვურტყვამდით ერთმანეთს და ამის გამო დალურჯებული და „დაფანარებული“ დავდიოდი.

ბევრჯერ თუ არ გაილახე, ისე ცხოვრებას ვერ ისწავლი. მოკლედ, ავარა და მოჩხუბარი ბავშვი ვიყავი.

ჩემი საქციელით მასწავლებლებს ნერვებს ვუშლიდი და ამიტომ მაგდებდნენ სკოლიდან, თორემ სწავლა მიყვარდა.

ერთი პერიოდი მწერლობაც ვცადე და დავწერე „მეგობრობა და სიყვარული ვეფხისტყაოსანში“. რომ წაიკითხეს მასწავლებლებმა, იფიქრეს, ეს ან გენიოსია ან მაგარი გიჟიო, მომიშორეს და გამაგდეს სკოლიდან.

– კი მაგრამ, გენიოსობის გამო გამოგაგდეს სკოლიდან?

– მწერლობაზე მქონდა ამბიცია და დავწერე, რანაირი სიყვარულია ახლა ეს, კაცი ლომებს და ვეფხვებს რომ ეომება, ქალის გამო ზის და ტირის, ეს რა კაცის საქციელია-მეთქი.

მოკლედ, ჩემი ჭკუით, ქუჩა გადავიტანე „ვეფხისტყაოსანში“ და გადი კაცო, თავი დაგვანებეო და გამომაპანღურეს.

ატესტატი არ ამიღია, ცხრა კლასის მერე, თეატრალურ კოლეჯში ჩავაბარე. ასე რომ, ატესტატი არ მაქვს, მაგრამ მაქვს ორი დიპლომი და სულ ვხუმრობდი, ორდიპლომიანი უატესტატო სასიძო ვარ-მეთქი.

– იმ დროს ბიჭებს ავტორიტეტები, „კანონიერი ქურდებიც“ ხომ მოსწონდათ?

– კი, როგორ არა. ბევრს უნდოდა „კანონიერი ქურდობა“, რომ ავტორიტეტი ჰქონოდათ, მათთვის დაეკითხათ ჭკუა და ლიდერები ყოფილიყვნენ. თან, გოგონებსაც ასეთი მაგარი ტიპები მოსწონდათ და მეც მინდოდა, თუ გარეგნულად არა, ავტორიტეტის, მაგარი ბიჭობის, დამრტყმელობისა და „კაი როჟობის“ გამო ვყვარებოდი.

ასე რომ, „კანონიერი ქურდობაც“ მინდოდა, მაგრამ ძმაკაცები დამცინოდნენ: რიჟა ქურდი რა უბედურებაა, ღამეც რომ ანათებო. ეს ეტაპიც გავიარე. ისე, ქურდი რომ ვყოფილიყავი, შაკირას სახლს არ „გავიტანდი“, რა უნდა წამეღო იქიდან, მიკროფონი?

თუ ნატვრაა, ნატვრა იყოს – აი, ბანკს გავიტანდი დიდი სიამოვნებით, ჯერ ერთი, კრედიტები მაქვს, ცხოვრებას ავიწყობდი, ზურა ყიფშიძეს ბინას დავუბრუნებდი, ბევრ გაჭირვებულს გავუმართავდი ხელს და ბევრ კარგ საქმეს მოვახმარდი.

– ერთხელ თქვი, ქალი თეატრივითაა – დღეს კომედიაა, ხვალ ტრაგედია, ზეგ, შეიძლება, საერთოდ გასტროლებზე წავიდესო. რამდენი ქალი გაუშვი „გასტროლზე“?

– მე კი არ ვუშვებდი ქალებს „გასტროლებზე“, ისინი მაგზავნიდნენ (იცინის). დიახ, ქალი თეატრივითაა, დღეს კომედიაა, ხვალ ტრაგედია და ზეგ შეიძლება, გასტროლებზე წავიდეს. ქალი ადამიანი არ არის, ის გაცილებით მეტი არსება და ქმნილებაა. ადამიანია კაცი! ჩემი მთავარი და გენიალური ქალი კი, სახლში მყავს – ჩემი ცოლი.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი? ისიც ხელოვანია?

– არა, არქიტექტორია. იტალიურ სახლში ვცხოვრობ, ძველ უბანში, სახლი ჩამონგრევაზე იყო და მივედი, რომ დამხმარებოდა. შევხედე, მომეწონა. მერე სოციალურ ქსელში დავიმატე და მომწერა: შენ მარტო პროექტი არ გაინტერესებსო. ჰოდა, მეც ვუპასუხე: როგორ არა, მე გაცილებით დიდი პროექტები მაქვს, თქვენთან დაკავშირებით-მეთქი (იცინის). ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცრემლი და ტკივილი იყო, მაგრამ მაინც იღბალმა არ მიმატოვა, რა სიგნალიც გავუშვი კოსმოსში, უკან დამიბრუნდა. ანუ, რაც გულით ვინატრე, მომცა ღმერთმა – სიყვარულიც, თეატრიც და შვილიც. სხვათა შორის, დედა ჩემს სპექტალებს ვერ ესწრება. სულ ორჯერ იყო და ისე ინერვიულა, მისი „კაპლის“ სუნი, მთელ თეატრში იდგა და სცენაზეც ვიგრძენი (იცინის). აი, სერიალს კი უყურებს, მდიდარი შვილი მოსწონს. ადრე, სერიალ „შუა ქალაქში“ ხელოსნის, ამირანის, როლს ვთმაშობდი. ორი დღეა მეხვეწება დედაჩემი გადამწვარი ნათურა გამოცვალეო. არ ვიცი და ვერ ვეკარები. ჰოდა, ბრაზდება და მსაყვედურობს: რა ვიცი, ყველას რემონტებს უკეთებდი და სახლში ვერ გამოგიყენეო. ქუჩაში ზოგი ამირანს მეძახის, ზოგიც, ვა, ნახეთ ბარხატაშვილი მოდისო, ვინც თეატრში დადის, ის, სხვა თვალით მიყურებს. ბათუმში რომ ჩავედი, ვერ მიხვდნენ რუსთაველის თეატრის მსახიობი ვიყავი თუ ჩოხატაურის, სამაგიეროდ, სერიალიდან ყველა მცნობდა.


აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵44 წლის ასაკში ნაპოვნი სიყვარული, უბადლო მამა, ხიდან ჩამოვარდნა და სოლს შეწირული სიცოცხლე - გონაშვილის პორტრეტი

🔵VIDEO: შენი დის სისხლს დაგალევინებ - რუსთაველი მანიაკის საქმის დეტალები

🔵თამაზ ნამგალაური - სექსუალური მანიაკის საქმე, რომლის დახვრეტასაც გამსახურდია და შევარდნაძე ეწინააღმდეგებოდნენ

🔵მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა