Digest Logo

„უნდა მოკლა საკუთარი ცხოვრებაც, რომ თვითონ დაიბადო“ - ბესიკ ხარანაულის პორტრეტი

1662536631
ბესიკ ხარანაული

„მწყინს,ისეთი არ ვიყავ, რომ შენ გყვარებოდი.
სიყვარული შენთვისაც კარგი იქნებოდა, როგორც ყველასთვის,
როცა ვინმე უყვარს.
მაგრამ მე ისეთი არ ვიყავ, რომ შენ გყვარებოდი.
ბევრი რამ შევქმენი: მიწა, მთა, მდინარე
და გზა შევქმენი.
სახლიც კი შევქმენი.
ხალხი, იქით მაცქერალი, აქეთ მოვახედე,
მაგრამ ვერ შევქმენი ჩემი თავი, რომ შენ გყვარებოდი.
ყველა მოტივი იმაზეა, რომ სძლიო რაიმეს,
არსად წერია, რომ იყო ძლეული,
იყო ისეთი, რომ შეუყვარდე.
შენთვისაც კარგი იქნებოდა:
ცარიელი აივსებოდი,
სიცხეში არ გექნებოდა გრილი საძებნი,
სიცივეში-სითბო...
ვისაც უყვარს, დანარჩენი ადვილად უგვარდება.
მწყინს, რომ ამდენი რამ მოგაკელი,
მწყინს, რომ არ ვიყავ ისეთი, რომ შენ გყვარებოდი...“ - წერს პოეტი, ბესიკ ხარანაული.

„ბესო, ბესიკი, ასე მეძახიან... დედა ბესიკის მეძახდა, ბებო ბესოს, შვილი მოუკლეს და მის სახელს მეძახდა...“  - ამბობს პოეტი გადაცემა „დღის კოდთან“ საუბრისას.

პოეტი: „ანუ ღმერთთან მისთვის ლაპარაკობს რომ წარუძღვეს წინა ერსა“

ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პოეტი მერცხალა იყო. დღემდე არავინ იცის ვინ იყო... მერცხალას ეძახდენენო, რადგან გრძელი მოსასხამი ეცვა და ბოლოში იშლებოდაო, ზოგნიც ამბობენ, ბევრს ლექსაობდა და ამიტომო... თურმე ვაჟა-ფშაველაც კი ეკრძალვოდა. ვაჟა ისაა, რაც ქვეყანას სჭირდება, მერცხალა ის იყო, რაც რეალურად იყო ქვეყანაში, პოეტური გენია იყო, 25 წლის ასაკში დაიღუპა.

ქვეყანაზე რომ არ ფიქრობდეს, ის პოეტი ვერ იქნებოდა. პოეზია სამყაროსავითაა.

ბესიკ სილიბისტროს ძე ხარანაული 2010 წლის ოქტომბერში წარადგინეს ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. ის თიანეთში დაიბადა, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

„ეჰ ბესარიან“ ასე ჰქვია კრებულს, რომელიც პოეტმა პანდემიის დროს დაწერა. პოეტი კითხულობს ლექსს – „მე რომ მოვკვდი, ყველა ქალი დაქვრივდა“. ვიდეოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა ავრცელებს.

თავად თავის ნაწარმოებებს „ცხოვრებაში შესატყუებელ წიგნებს“ უწოდებს, სამყაროსაც წიგნს უწოდებს, ადამიანს - „მნიშვნელოვან ნაწარმოებს“ და საკუთარ თავსაც, თითქოს, წიგნივით კითხულობს.

გამოცემა „გზასთან“ საუბრისას პოეტი მშობლიურ მიწა-წყალზე თიანეთზე საუბრობს...

„ჩვენთან, საქართველოში, სოფელი უკან მიჰყვება ქალაქს, ისე ვერ ვითარდება, რომ თქვა, თანამედროვე სოფელიაო. მთელ დედამიწაზე, მაგალითად, თბილისი უფრო ჰგავს სხვა ქალაქებს, ვიდრე ჩვენი სოფელი - სხვა სოფლებს. არა მარტო ცხოვრების პირობებით, არამედ - მეურნეობის მოწყობითაც კი ჩვენში ქალაქსა და სოფელს შორის არც არის დიდი სხვაობა. ახალი მოწყობა სჭირდება ჩვენს სოფლის მეურნეობას. გზები უნდა გამოინახოს, რომ სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა ზედმეტად არ იწვალოს. მაგალითად, ჩემს სოფელში დღეს თითო-ოროლა ბავშვი თუ დარბის. აღარავის გვინდა, ჩვენი ოჯახის ახალგაზრდა სოფელს შემორჩეს. მისთვის მოღუშულ და მოწყენილ ცხოვრებას ხომ ვერ ვისურვებთ? ახალგაზრდას განვითარება სჭირდება. ჩვენი სოფლების მეურნეობაც ისეთია, ვერ უწყობს თანამედროვეობას ფეხს. ამიტომაც ვერ ჩერდებიან იქ ახალგაზრდები და თუ ჩერდებიან - სვამენ. არც არავინაა დამშლელი. გული მტკივა, რომ ვუყურებ, ნაშოვნი ერთი-ორი თეთრით სმას და უსაქმურობას როგორ ამჯობინებენ, არადა, რამდენი საქმეა იქვე, მათ გვერდით.

„უნდა მოკლა საკუთარი ცხოვრებაც, რომ თვითონ დაიბადო“...

„ეს კარგად მითქვამს. თითქოს ხანმოკლეა ცხოვრება, მაგრამ ძალიან გრძელია ამავე დროს. იმდენად, რომ მაგალითად, მაგის გვერდით შეიძლება კიდევ სხვა წიგნი დაიდოს და რომ გაჰყვე ქრონოლოგიურად, კიდევ ერთი წიგნი გამოვა. ასევე, ადამიანის გზა ყოფილა ძალიან რთული და არაერთგვაროვანი იმიტომ, რომ ადამიანი უფრო ნიჭიერია, ეტყობა, ვიდრე - მისი რაიმე აზრი.

ყოველთვის მიკვირდა, როდესაც ადამიანს არ შეეძლო ერთსა და იმავე საგანზე განსხვავებული აზრის თქმა, თუნდაც, რამდენჯერმე მისი განსხვავებულად დანახვა. არადა, ეს ადამიანში არის, იოლად ვემორჩილებით ხოლმე ჩვენ ემოციებს: ვთქვათ, კონკრეტულ ადამიანს დღეს მოვიწონებთ, მერე რაღაც უარყოფითს აღმოვაჩენთ და აზრი გვეცვლება, მერე კვლავ მოგვეწონება... ვფიქრობ, ადამიანის ნიჭში ძალიან ბევრი ფურცელია ერთი და იმავე საგნის, ამბისა და თავგადასავლის შესახებ.

ცხოვრების მოკვლაზე რომ ვლაპარაკობ, თითქოს იქ მოვკალი რაღაც, სიცოცხლისთვის მოვკალი. სულ არ ვნანობ, რომ ეგ წიგნი დავწერე: ჩემი ეგოისტური თვალსაზრისით, ამით რაღაცისგან გავთავისუფლდი. ბავშვობის ერთი ფოტო მაქვს, სადაც ჩაცმულობით განსაკუთრებით ჩანს ჩემი იმდროინდელი სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა, მუხლებზე წიგნი მიდევს და იგრძნობა, რომ კულტურულ გარემოში ვიზრდებოდი, თითქოს ჯოკონდას ღიმილი დამთამაშებს სახეზე... ვფიქრობ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საკუთარი ბავშვობის წინაშე არის პასუხისმგებელი: გვირგვინის დადგმაზე კი არ უნდა იფიქრო, „იმას“ - შენს ბავშვობას არ უნდა გაუმრუდო ცხოვრება, არ უნდა უღალატო, რადგან ის არის ჩვენი სირცხვილიცა და გამარჯვებაც.

სიყვარული და პოეზია...

როცა ორ მიუწვდომელზე ლაპარაკობენ, მათი ღირსებები ერთმანეთში ერევათ. სინამდვილეში მეტი ისაა, რაც მეტად გწყურია. მაინც რა აღმოჩნდა ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი: სიყვარული თუ პოეზია? - პოეზია გამოხატვის საშუალებაა. ჩემთვის ყველაფერი წიგნია: ცაც, ბუნებაც, ადამიანიც. სიყვარული? ქალის და კაცის ურთიერთობა ხომ ჩვენთვის საზღვარია სიყვარულის!

არადა, სიყვარული გაცილებით მეტია და უცნობი, ვიდრე ქალისა და კაცის სიყვარული და ერთად ყოფნაა. დაუკვირდით? საბჭოთა ნაწარმოებების გარდა, სიყვარული არსად შედგა: არც „ლეილმეჯნუნიანში“, არც „რომეო და ჯულიეტაში“... „ვეფხისტყაოსანს“ რაც შეეხება, რუსთაველი ეგრე არ დაამთავრებდა. ქორწილი რაღა არი, რო? ის ეპილოგი მერე მიმატებული მგონია.

ეს ამბავი სივრცეში უნდა გაწყვეტილიყო იმიტომ, რომ სივრცეშია გაწყვეტილი თვითონ რუსთაველის და თამარ მეფის ცხოვრება...

ეტყობა, დასრულებული არაფერი ვარგა... მითქვამს, საინტერესოა, რა იქნებოდა, იმ წუთშივე რომ იწერებოდეს ყოველი განცდა-მეთქი? მგონია, სიცარიელე იქნებოდა. ახლა, მაგალითად, ძალიან ცუდ დღეში ვარ: ქაღალდი და კალამი სულ გვერდით მიდევს. სულ სახიფათო მდგომარეობაა: როგორც ნახირი შედის პატარა გასასვლელში და ერთმანეთს აწყდება, ხანდახან ასეა აზრებიც და უნდა მოვასწრო დაწერა. ნათქვამიც მაქვს: წერისთვის მთავარია, რაც წამოგახტუნებს...

„როცა მოვკვდები, მერეც კარგა მაგრა ვიცოცხლებ, რადგან სიტყვაში ვიქნები და სიტყვა მაცოცხლებს. რადგან ჩემი სიტყვა არაფერს არაა ამოფარებული, არც გმირობას, არც ნაწარმოებს... მარტო საკუთარ თავს ებრძვის და სხვებისთვის დრო აღარ რჩება... ვინ ამწონის მე სამი აბზაცის მერე? მკითხველო, შედი ავტორის გვამში და იხილე იქ დაღლილობა...“ , - ბესიკ ხარანაული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘„თუ ჩემი შვილის ტოლა გოგოების ლანძღვა დავიწყე, რომ დავბერდები, გთხოვთ ინტერნეტი გადამიჭერით“ - რას წერს შორენა ბეგაშვილი

🔘საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც 43 ბინის ძარცვას ედავებიან

🔘🎥 „საქართველოში ახალგაზრდები ისე იქცევიან, თითქოს რუსებს მაგათი ვალი გვქონდეს, ან თითქოს მათი ოჯახის წევრი მოვკალი“ - რუსი ბლოგერი