Digest Logo

„ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ვიტირე ტკივილისგან... ბედნიერების ცრემლებს რაც შეეხება, ეგ განცდაც წლებია, არ მქონია“ - ნიკოლოზ ხაჩიძე პირადსა და კარიერაზე

1729079503
ნიკოლოზ ხაჩიძე

ჟურნალისტი ნიკოლოზ ხაჩიძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვებს პასუხობს და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– ვინ არის ნიკოლოზ ხაჩიძე?

ნიკოლოზ ხაჩიძე: ყველაზე რთული შეკითხვაა, რაც შეგიძლია, დამისვა, ესაა იმიტომ, რომ ყველაზე ძალიან საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს. მგონია, რომ არაფრით გამორჩეული, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ.

– როგორია შენთვის საოცნებო ცხოვრება?

– მგონია, რომ ჩემთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვის საოცნებოა მშვიდი ცხოვრება. როცა მშვიდად ვარ, მაშინ ვარ ყველაზე კარგად.

– ოდესმე გიკეთებია ისეთი საქმე, რომელიც ძალიან არ გიყვარდა?

 - ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ პროფესიად ისეთი საქმე ავირჩიე, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამ საქმის გარდა არაფერი მიკეთებია. 15 წლიდან ჟურნალისტიკაში ვმუშაობ, ამ გზიდან არასდროს გადამიხვევია და ბედნიერი ვარ ამის გამო. თავის დროზე, როცა ამ პროფესიას ვირჩევდი, ალბათ, ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად სწორ ნაბიჯს ვდგამდი, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

– ბოლოს როდის იტირე ბედნიერებისგან ან ტკივილისგან რეალური ამბების გამო?

– მგონი, ძალიან დიდი ბედნიერებაა ის, რომ ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ვიტირე ტკივილისგან. ბედნიერების ცრემლებს რაც შეეხება, ეგ განცდაც წლებია, არ მქონია.

– გინდა, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ადამიანი იყო, გიოცნებია ამაზე?

– ბავშვობიდან ვოცნებობდი ამაზე, მაგრამ როცა იზრდები, ბევრ რამეს აცნობიერებ და მეც, როცა სერიოზულად დავფიქრდი, მივხვდი, რომ მსოფლიო დონის პოპულარობა 50 პროცენტით ძალიან მაგარია. მეორე 50 პროცენტით კი – ძალიან რთული, რადგან როდესაც ასეთი წარმატებული ხდები, გერთმევა ყველაფერი, რაც მანამდე შენი პირადი იყო და თითქოს, საკუთარი ცხოვრება აღარ გაგაჩნია. არ ვიცი, რამდენად კომფორტულია მუდმივად ყურადღების ცენტრში ცხოვრება და გამჭვირვალე შუშის მიღმა ყოფნა. ამიტომ მიოცონებია, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მინდა ეს რეალობად იქცეს. ალბათ, ჯობს, უფრო ოცნებების სფეროში დავტოვო. უკვე აღვნიშნე, რომ მშვიდი ცხოვრება მიყვარს და ამ მასშტაბის პოპულარობა სიმშვიდეს ნამდვილად წამართმევს.

– რა მიგაჩნია შენს ყველაზე არასწორ საქციელად, რასაც შესაძლოა, სინანულიც უკავშირდება?

– რამდენჯერმე უარი ვთქვი კარგ შემოთავაზებაზე. იმ პერიოდში მიმაჩნდა, რომ დროში ვერ შევუთავსებდი. საქმე სერიალში მონაწილეობას ეხებოდა, მაგრამ მერე დავთანხმდი და ჩემი შეცდომა გამოვასწორე. პირადშიც ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს ვნანობ. ჯობდა, ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა. სხვანაირად რომ ყოფილიყო, არა მგონია, დღეს თავი კომფორტულად გვეგრძნო, ამიტომ არაფერს შევცვლიდი.

– შეცდომის აღიარება შეგიძლია?

– კი. თუ აფექტურ მდგომარეობაში ვარ, როგორც კი დავმშვიდდები, მაშინვე შემიძლია, ჩემი შეცდომა ვაღიარო. მაქსიმუმ, 10 წუთი მჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ შეცდომა დავუშვი და ბოდიში უნდა მოვიხადო. შეიძლება, სიტყვიერად „ბოდიში“ არ ვთქვა, მაგრამ ჩემს ყველა საქციელში ჩანდეს, რომ ვნანობ იმას, რაც ვთქვი ან გავაკეთე.

– ოდესმე რამე მოგიპარავს?

– კი, ბავშვობაში სოფელში მეზობელს ქათმის კვერცხები მოვპარე. სახლში ძალიან ბევრი კვერცხი გვქონდა, ანუ მოპარვის საჭიროება არ იყო, მაგრამ რატომღაც ასე გადავწყვიტე (იცინის). მერე ამ კვერცხით გოგლი-მოგლი მოვამზადე და ძალიან ბედნიერად მივირთვი. არც სინდისს შევუწუხებივარ და მეზობელიც ვერაფერს მიხვდა. პირდაპირ საქათმიდან ავიღე ის კვერცხი და ალბათ, საერთოდ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ (იცინის). დღემდე ვერ ვხსნი, საერთოდ რატომ გავაკეთე ეს (იცინის). კიდევ ბიბლიოთეკიდან მომიპარავს წიგნი, უფრო სწორად, წამომიღია და აღარ დამიბრუნებია. ჟურნალისტიკის შესახებ იყო წიგნი, რამე განსაკუთრებული ღირებულების არა (იცინის).

– როდის განიცადე ყველაზე დიდი შიში?

– როდესაც პირველად დავჯექი პირდაპირ ეთერში. ძალიან მეშინოდა, ხელები სულ ოფლიანი მქონდა. საეთერო მაკიაჟი მეკეთა, მაგრამ ალბათ, სახეზე სულ გავთეთრდი. ძალიან პატარა ვიყავი, ბოლო წამებში იმასაც ვფიქრობდი, შეცდომა ხომ არ დავუშვი, აქ რომ ვარ-მეთქი. მინდოდა, გავქცეულიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამის გამომჟღავნება ზედმეტად ბავშვური და ცუდი საქციელი იქნებოდა. ზოგადად, როცა რაღაც ისეთი ხდება ჩემს ცხოვრებაში, რაც შიშს იწვევს, არ ვიბნევი, უკან არ ვიხევ, მირჩევნია, შიშს თვალებში ჩავხედო, რა სახისაც არ უნდა იყოს; ვიცი, რომ უკან თუ დავიხევ, ეს შიში გადამთელავს.

– ყველაზე დიდი ტკივილი როდის განიცადე?

– ყველაზე დიდი ტკივილის მიზეზი იყო ჩემი კლასელის გარდაცვალება 16 წლის ასაკში. ეს იყო ყველაზე დიდი და პირველი ტკივილი. როცა სიკვდილი ჯერ კიდევ ძალიან შორს არის შენგან, გგონია, რომ მხოლოდ მოხუცები მიდიან და უცებ, ის ადამიანი გარდაიცვლება, ვისთან ერთადაც სკოლაში ერთ მერხთან იჯექი. თავბრუ მეხვეოდა და ვერ ვხვდებოდი, რაც ხდებოდა სიზმარი იყო თუ რეალობა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕🎥 „ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, გვიანობამდე არ დამეძინა“ – მატილდა გვარლიანის შთამბეჭდავი გამოსვლა Victoria's Secret-ის შოუზე

⭕წვიმა, თოვლი და ძლიერი ქარი - ამინდი უარესდება

🎥 რატომ დუმს ჯასტინ ბიბერი P Diddy-ს სკანდალზე და რას წერს მსოფლიო მედია