თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამის პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ის ადამიანები, რომლებიც სტიქიას გადაურჩნენ, თუმცა, ღია ცის ქვეშ დარჩნენ.
👉რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ მიწისძვრის დროს? - რეკომენდაციები
ადგილობრივი გამოცემა Sözcü Gazetesi მალათიაში, მოხუცთა თავშესაფრის მიმდებარედ გადაღებულ მძიმე კადრებს ავრცელებს. კადრებში ჩანს, როგორ უწევთ ღია ცის ქვეშ, ყინვაში ყოფნა თავშესაფრიდან ევაკუირებულ მოხუცებსა და შშმ პირებს.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში. ამის შემდეგ, თურქეთში განმეორებითი 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
6 თებერვლის საღამოს მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2000-მდე გაიზარდა.
თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად.
აზერბაიჯანი მიწისძვრის გამო თურქეთში 370-კაციან სამაშველო გუნდს გზავნის.
ასევე, თურქეთის დასახმარებლად ამერიკაც მზად არის. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაავალა შეაფასოს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს თურქეთის დახმარება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რუსკა ქარქაშაძის და მისი შეყვარებულის კოცნა სოცქსელში განხილვის საგანი გახდა
🔵რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ მიწისძვრის დროს? - რეკომენდაციები