ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის სპეციალისტის ლია სალაყაიას გარდაცვალებას ქართული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ეხმაურება. რაჭველი სალაყაიას ცოცხალ წმინდანს უწოდებს და მადლიერებით აღნიშნავს, რომ მასთან ურთიერთობის ბედნიერება გამოცდა.
„უსაზღვროდ ვწუხვარ და განვიცდი ლია სალაყაიას გარდაცვალებას.
სასულიერო მუსიკის წრემ კარგად იცის მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ქალბატონი ლიას უსაზღვრო თავმდაბლობის გამო ფართო საზოგადოებამ შესაძლოა ნაკლებად.
ერთი წინადადებით შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ის იყო მოსიარულე წმინდანი!
ისე როგორც ლია სალაყაია ქართულ გალობას, ახალგაზრდობას, სამშობლოს და ქრისტიანობას ემსახურა, არც კი ვიცი ჩვენს ეპოქაში მოიძებნებიან თუ არა მსგავსნი...
უდიდეს სევდასთან ერთად განსაკუთრებული მადლიერებით ვარ სავსე, რომ ბევრი საუკეთესო მოგონება მაკავშირებს მასთან, სწორედ მისი დამსახურებით გავაცნობიერე რა დიდი მუსიკალური მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ღირსეულმა წინაპრებმა, გენიოსებმა, ვინც ქმნიდნენ დედამიწის მასშტაბის შედევრებს - ქართულ საგალობლებს...
ლია სალაყაია სამოთხის სამოთხეში დაიმკვიდრებს სასუფეველს და ახლა მას ვავედრებ ჩვენს სულებსა და ჩვენს სამშობლოს. და ესეც კორონას მორიგი დარტყმა...“ - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ცნობილი მგალობელი კორონავირუსით გარდაიცვალა