„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარი, გადაცემა „იმედის დილას” დილის ეთერის წამყვანი, ზურა ბალანჩივაძეა.
რით ხართ ცნობილი... ზოგჯერ სტვენით და ზოგჯერ ტიკტოკით.
ბავშვობის მიზნები... მინდოდა ვყოფილიყავი მეფე, რადგან მომწონდა ისტორია, ფარაონები და კეისრები. თან ძირითადად ეგეთ ლიტერატურას ვკითხულობდი. დოკუმენტურ წიგნებს მეფეებზე და მონარქებზე. აქედან გამომდინარე, მინდოდა ვყოფილიყავი მეფე, მაგრამ მერე გავიგე, რომ ასე მარტივი არაა ეგ ამბავი.
ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... „შენ ხომ არ უსტვენ?"
საჩუქარი, რომელიც ბოლოს გაგიკეთეს... დაბადების დღეზე ერთმა მეგობარმა მაჩუქა სახატავი.
ჩათვალეთ, ვარ ადამიანი, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა არის საქართველო. რას მეტყოდით ბოლო 10 წელიწადში მიმდინარე მოვლენების შესახებ?... რადგანაც გიდი ვარ გეტყოდით, რომ საქართველო არის შავ ზღვაში არსებული პატარა ქვეყანა, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში და ამიტომ არ ჩანდა, თორემ ერთ-ერთი ყველაზე ძველია იმ ქვეყნებს შორის, რაც საბჭოთა კავშირში იყო. ახლა კიდევ ძალიან ვცდილობთ ევროპელობას და ჩამოდი ნახე -მეთქი, გეტყოდი.
სიყვარული არის... სიყვარული არის კომფორტი. ეგოიზმის ერთ-ერთი გამოვლინება, რადგან როცა გიყვარს, პირველ რიგში, შენ ხარ კარგად. მაინც ეგოიზმის ამბავია რა...
თავისუფლება არის... თავისუფლება არის ძალიან რთულად მისაღწევი რამ. კერძოდ, ის აზრი, რასაც შენ აფიქსირებ (თუნდაც ეს, რასაც ახლა ვლაპარაკობ), რეალურად იყოს მართლა შენი და არა სხვის მიერ შენს თავში ჩადებული.
რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს? ... საინტერესო შეკითხვაა, რადგან მორალის თვალსაზრისით იმდენი რამაა, რომ ყველაზე მთავრის ამორჩევა შეუძლებელია (სამშობლო, ღმერთი). ადამიანმა უნდა იცოცხლოს, მთავარი ესაა. ადამიანი ცოცხალია და უნდა იცოცხლოს. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. ადამიანიც ცხოველია და ცხოველიც ცხოველია, მაგრამ სხვადასხვანაირი. ამიტომ, ადამიანი სანამ ცოცხალია, უნდა იცოცხლოს.
რისთვის ღირს ცხოვრება?... ცხოვრება ჩემთვის ღირს, რომ გავიგო ბევრი რაღაც. შემდეგ კი ამ გაგონილს გავუკეთო ისეთი ინტერპრეტაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხალხი დაზიანდეს. შეიძლება ამით ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეგ დროებითია. წამალი მწარეა, მაგრამ გარჩენს.
ღმერთს რომ შეხვდეთ, რას ჰკითხავდით ... თუ მექნება მაგის საშუალება და თუ ისეთ დღეში არ აღმოვჩნდი, რომ არც შემახედა იქით არავინ, ვკითხავ კიდევ თუ აქვს სადმე ჩვენნაირი სამყარო. დავუსვამდი კითხვას „მარტო ვართ?".
ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... პარალელურად სხვადასხვა ნივთი მაქვს. ძირითადად სათვალე და ტელეფონი.
ყავა თუ ჩაი... ყავაც და ჩაიც, გააჩნია განწყობას.
რას იზამთ როდესაც კოვიდ პანდემია დასრულდება? ... ახლაც ვაკეთებ იმას, რასაც პანდემიის დასრულების შემდეგ გავაკეთებ, მოგზაურობა. ბილეთს ვიყიდი სადმე წასასვლელად, ოღონდ შედარებით შორ მანძილზე, ვიდრე მეზობელი ქვეყნებია.
რას ნანობ ყველაზე მეტად ცხოვრებაში ... სხვა ადამიანებთან დაშვებულ შეცდომებს. ამის გარეშე ალბათ, არ არსებობს ადამიანი. ნანობ იმიტომ, რომ მეტი აღარ გააკეთო. თუ მხოლოდ იმისთვის ნანობ, რომ ინანო, ცოტათი „დრამაქვინი“ ხარ და მეტი არაფერი ...
წინა სტუმარმა, საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ პრეზიდენტმა, თამუნა თანდაშვილმა დაგიტოვათ კითხვა: როგორ ფიქრობ, რამდენი სიცოცხლე გაქვს?
... მე მგონია, რომ ერთი სიცოცხლე მაქვს და ყველას ერთი სიცოცხლე აქვს. აქედან გამომდინარე, ძალიან იშვიათად ვინმეს ორი ან მეტი სიცოცხლე ჰქონდეს. ადამიანები ძალიან მოწყვლადები ვართ. ბევრი სიცოცხლე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მაშინ, როცა ტოტალურად ცუდი მდგომარეობა აქვს და იქიდან გადარჩება. ჩვენ 21 საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც რაღაც საბაზისო სიკეთეები განვითარებულია. აქედან გამომდინარე, გაგვიქრა ეს სიცოცხლეები. სიცოცხლეები კი მოდის თვითგადარჩენიდან. კარგმა ცხოვრებამ კი ადამიანები დაგვაზარალა და ეს სიცოცხლეებიც დაგვაკლდა. ორი სიცოცხლე შეიძლება ყველას აქვს, მაგრამ ვერ ასწრებს მის გამოყენებას.
თქვენ რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? ... რომ ყოფილიყო წყალქვეშა ადამიანი, სირინოზი (ქალი ან კაცი. ანუ ქალთევზა ან კაცთევზა) როგორი იქნებოდა მისი ერთი დღე?
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რა აღიზიანებს, როდის ტირის და ნივთი, რის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ილო ბეროშვილთან