იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის გარშემო, 8 ადამიანს ასნებოვნებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელების პიკის მიღწევიდან 4-6 კვირის შემდეგ, როგორც წესი, მათ სამედიცინო დაწესებულებაში მატულობს პოსტკოვიდური გართულებებით შეყვანილი ბავშვების რაოდენობა.
„პაციენტების მიღების თვალსაზრისით, ერთთვიანი პაუზა გვქონდა, რადგან მართლაც შემცირებული იყო ინფიცირებულთა რაოდენობა.
ბოლო დღეებია, პაციენტების ნაკადი კვლავ მატულობს. ველით, რომ მომდევნო 2-3 კვირის შემდეგ, ნაკადი კიდევ უფრო მოიმატებს. ეს თანხვედრაშია იმ მატებასთან, რომელიც საქართველოში 27 ივლისს იყო. ძირითადი ვარიანტია „დელტა“. ის უფრო მეტი სიხშირით ვრცელდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში. მისი კიდევ ერთი თვისებაა, რომ უფრო მეტად მძიმედ მიმდინარეობს და მეტად მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას.
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი კვლევის შედეგი გამოქვეყნდა; ეს შტამი 136%-ით მეტად იწვევს ლეტალობას, გარდაცვალებას, ვიდრე – ჩვენთვის ნაცნობი და ერთ დროს საშიში ბრიტანული შტამი.
ასე რომ, კორონავირუსის ყველა მუტაციას შორის, ეს ყველაზე მძიმე ვარიანტია.
სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ, მათ შორის, „დელტა“ გამორჩეულია. როდესაც თავიდან დავიწყეთ კორონავირუსის ჩინური ვარიანტის შეფასება, მისი რეპროდუქციული ინდექსი (რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია ერთ ინფიცირებულ ადამიანს) 2.5 იყო.
მას ყოველთვის ვადარებდით გრიპს, რომლის შემთხვევაშიც, ეს ინდექსი 1.3-ია. მაშინ, ვამბობდით, რომ კორონავირუსი ძალიან ცუდი ვირუსია, რადგან 2-ჯერ უფრო გადამდებია, ვიდრე – გრიპი. დელტა ვარიანტის შემთხვევაში, ეს ციფრი გახდა 8. ანუ, დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის გარშემო, 8 ადამიანს ასნებოვნებს.
ამ მაჩვენებლით, ის უკვე ჩუტყვავილას გაუტოლდა და წითელას შემდეგ, უკვე მეორე ვირუსია, რომელსაც, ამ მხრივ, გამორჩეული თვისება აქვს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ამ ვარიანტმა დაიწყო ცირკულირება, შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.
მის წინააღმდეგ ბრძოლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს, გარდა – ორჯერადი ვაქცინაციისა“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„აივანზე ციდან მოფრენილი თვითმფრინავი რომ დაგხვდება, საქართველოზე შეყვარებული ტექსტით...“