„ცარიელი საწოლი ერთი საათითაც კი არ გვაქვს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტები არ ეწერებოდნენ კლინიკიდან“, - ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.
ლევან რატიანმა კორონავირუსით გარდაცვალების მზარდ მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ინფიცირებულების დიდი რაოდენობაა.
„დღეს კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს. ცარიელი საწოლი 1 საათითაც კი არ გვაქვს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტები არ ეწერებოდნენ კლინიკიდან. უამრავი მიზეზი არსებობს თუ რატომ არის ლეტალობის ინდექსი მაღალი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს. ინფიცირებულები პირდაპირ კავშირში არიან დამძიმებასთან. ახლა დადგა იმის დროს, რომ ფიზიკურმა დისტანციამ ერთმანეთის სიცოცხლე უნდა იხსნას. სწორედ ეს ნიშნავს ფიზიკურად დაცილებას და არა სულიერად“, - განაცხადა რატიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ამასთან, რატიანმა ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ ვაქცინირებულ პაციენტს ფილტვის დაზიანება არ ჰქონდა.
„ვაქცინაცია არის პროცესი, რომელსაც კაცობრიობის მასიური გადარჩენა შეუძლია. ვაქცინას სარგებელი უფრო მეტი აქვს, ვიდრე საზიანო. არ ვარ ექიმი, რომელიც ოთახში ზის, დღე და ღამე პაციენტებთან დავდივარ. იშვიათად მინახავს ჰოსპიტალიზებული პაციენტი, სადაც ფილტვის დაზიანება არ იყო. ამ ბოლო დროს ინფიცირებული პაციენტები ხვდებიან, რომლებიც აცრილები არიან. საბედნიეროდ, არცერთ ვაქცინირებულ პაციენტს ფილტვის დაზიანება არ ჰქონდა. არ ვიცი ვაქცინის შედეგები რა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ უარყოფითი შედეგები არ ექნება“, - აცხადებს ლევან რატიანი.
ასევე დაგაინტერესებთ👇