„ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, შევცვალოთ გეზი, დავსახოთ მიზნები და იქვე დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები. ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი დავით ნიბლაძე წერს. ის საზოგადოებას ამცნობს, თუ რა შეიცვლება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნისთვის ახალმთვარეობაზე.
„5 ნოემბერს ახალი მთვარეა (პიკი - 01:15სთ). ახალი მთვარე ამჯერად მარსთან ერთად მორიელშია.
► ყოველი ახალი მთვარე ახალი შანსია, შევცვალოთ გეზი, დავსახოთ მიზნები და იქვე დავგეგმოთ მათ მისაღწევად საჭირო მოქმედებები. ეს არ არის დღე, როდესაც უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან განვახორციელოთ დიდი ფინანსური ოპერაციები. ამ დღის ენერგიის გამოყენება შეგვიძლია, ისევ და ისევ, მხოლოდ გეგმების შესადგენად და გონების ახალ, პოზიტიურ და ოპტიმისტურ განწყობაზე გადასართავად.
ამ დროს რეკომენდებულია ხალხის მასებთან ურთიერთობისგან თავის შეკავება და მარტო დარჩენა. განსაკუთრებით სასიკეთოა ბუნებასთან კონტაქტი. ახალი მთვარის დღეს ნაკლებად სასურველია კამათი და საქმის გარჩევა. ჯობია, ენერგია დავზოგოთ და მხოლოდ პოზიტიურისკენ მივმართოთ ჩვენო გონება.
წლის განმავლობაში, როგორც წესი, 12 ახალი მთვარე გვაქვს, 12 სხვადასხვა ნიშანში. თითოეული ნიშანი თავისი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და ჩვენს ჰოროსკოპებშიც აუცილებლად ააქტიურებენ რომელიღაც სფეროს ან სფეროებს, კონკრეტულ საკითხებს და გვინდა თუ არა, ჩვენი ყურადღებაც სწორედ ამ თემებზე გადადის.
ახალი მთვარის გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როდესაც ის ჩვენს რომელიმე პლანეტასთან ან/და კუთხოვან სახლებთან ქმნის ასპექტებს. მართალია, ახალი მთვარე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ინარჩუნებს თავის გავლენას, მაგრამ ამ დროის განმავლობაში პლანეტარული ენერგიის სწორად გამოყენების შემთხვევაში, შეგვიძლია, ისეთი საქმეები შევასრულოთ, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. მით უფრო, რომ წელს მორიელის ზონა დაბნელებების სეზონის გახსნას ემთხვევა (შემდეგი სავსე მთვარე უკვე დაბნელებაა კურო/მორიელის ღერძზე).
ახალი მთვარე ამჯერად მორიელის მე-13 გრადუსზეა.
► ახალი მთვარის დროს მზისა და მთვარის გარდა მორიელშია მარსიც, რომელსაც მალე მერკურიც შეუერთდება. შესაბამისად, მორიელის პოზიტიური თვისებებისა და მიდგომების სწორად გამოყენების შემთხვევაში, მომდევნო დღეები ბევრი საჭირო ცვლილებისა და სიახლის მომტანი იქნება.
► მორიელის მმართველი პლანეტა ქვესკნელის ღმერთად წოდებული პლუტონია, რომელიც ასტროლოგიაში ტრანსფორმაციასა და ქვეცნობიერის უმაღლეს ძალას უკავშირდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ის მართავს ყველაფერს, რაც ზედაპირის მიღმა, სიღრმეშია დამალული. პლუტონი ყველაზე ახლოსაა განახლებისა და ხელახლა დაბადების თემასთან. მისთვის ყველაზე მეტადაა მისაღები ნგრევისა და განადგურების იდეა, როგორც ახლის შექმნის წინაპირობა.
მორიელი სწორედ ის ნიშანია, რომელიც არ უშინდება სიღრმეებსა და ყველაზე მტკივნეულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ის მზადაა ჩაძვრეს სულის სიღრმეებში, გააცნობიეროს შიშები და ბოლომდე გაათავისუფლოს საკუთარი თავი იმ შეზღუდვებისგან, რომელიც განვითარებაში უშლის ხელს (ეს, რა თქმა უნდა, კარგ შემთხვევაში). გვეშინია სიახლეების, ცვლილებების, სიყვარულის, პასუხისმგებლობის, ერთგულებისაც კი… და ამ დროს ბედნიერება არ არის კომფორტის ზონაში. ზრდისა და განვითარების შანსი ყოველთვის კომფორტის ზონის მიღმაა. ასეთი ნაბიჯების გადადგმა კი გამბედაობას, საკუთარი თავის რწმენასა და მიზანდასახულობას მოითხოვს. მორიელს შეუძლია, იყოს უბრალოდ მორიელი, თავდაცვის დროს გამოჩნდეს, უკბინოს და მოშხამოს თავდასხმის ობიექტი ან იყოს ფენიქსი, რომელსაც შეუძლია საკუთარი ფერფლისგან ხელახლა დაბადება და ყველაფრის თავიდან დაწყება. ამ ნიშანს უკავშირდება არწივიც, რომელიც სიმბოლურად ყველაფერზე მაღლაა, ხედავს და აფასებს მთლიან სურათს, აანალიზებს, აკვირდება და ყველა შესაძლებლობას ჭკვიანურად და სტრატეგიულად იყენებს. არჩევანი არის ჩვენზე: დავრჩეთ უბრალო შხამიან მორიელად თუ ავიდეთ არწივის სიმაღლეზე.
მორიელი წყლის ნიშანია, თავისი დიდი ემოციური სამყაროთი, რომელიც კირჩხიბისა და თევზებისგან განსხვავებით ნაკლებად ექსპრესიულია და ემოციებს შიგნით, საკუთარ თავში ატრიალებს. მორიელს შეუძლია ჩაძვრეს გონებისა და სულის სიღრმეებში, დააკვირდეს ფიქრებსა და შეგრძნებებს და გაითავისუფლოს კიდევაც თავი ზედმეტისგან. სწორედ ახლა იდეალური დროა სულ ცოტა ხნით მაინც დავრჩეთ მარტო საკუთარ თავთან, დავაკვირდეთ რეალობას, რომელშიც გვიწევს ყოფნა, მივიღოთ ფიქრები და ემოციები განსჯის გარეშე და ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი ფიქრები და განცდები. მორიელის თემა სწორედ გათავისუფლებაა ყველაფერი იმისგან, რაც არის ძველი, დრომოჭმული, ხელის შემშლელი. რაც უფრო გულწრფელია ჩვენი დამოკიდებულება, მით უკეთ შევძლებთ, ამ პროცესს ნაყოფიერად მივყვეთ ბოლომდე.
ახალ მთვარეს ზუსტი ოპოზიცია აქვს ურანთან, რაც ერთი მხრივ ზრდის ნევროზულობას, მოუთმენლობას, კონფლიქტებსა და დაუგეგმავი მოვლენების ალბათობას, თუმცა მეორე მხრივ, შანსს გვაძლევს, არსებულ პრობლემებს ახლებურად, ორიგინალურად და განსხვავებულად შევხედოთ. მათ შორის უნდა გამოვყოთ ჩვენი დამოკიდებულებები და ხედვებიც. იმდენად მარტივი იქნება ნებისმიერი ჩიხიდან გამოსვლა, რამდენადაც შევძლებთ ძველი პატერნებისგან გათავისუფლებას და ახლებური დამოკიდებულებების გათავისებას.
მორიელი (განსაკუთრებით მარსი) ცდილობს, არ დათმოს და საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს ყველა. მისთვის არსებობს უკვე გაკეთებული დასკვნები და საკუთარ თავთან აღიარებული ჭეშმარიტება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ თმობს. ურანი კი პირიქით, მოგვიწოდებს, რომ ყველაფერს ახლებურად შევხედოთ, გადავხედოთ ძველ, დრომოჭმულ ხედვებს, მოვუსმინოთ ერთმანეთს, მაშინაც კი თუ მოსაუბრის აზრები სიგიჟედ მიგვაჩნია და მივიღოთ ახალი, უცხო. მინიმუმ, დაფიქრების დონეზე მაინც. თუ ამ ყველაფერში ბალანსის პოვნას შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ასპექტი საკმაოდ დადებით როლს შეასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ურანი ასტიმულირებს იდეალურის სურვილს. შესაბამისად, არსებული გარემოებები და პირობები შეიძლება, მოსაწყენი და უინტერესო მოგვეჩვენოს.
ურანისთვის ლოდინი და მოთმინება ნამდვილად უცხო ხილია, რამაც შესაძლოა, უცბად აღმოგვაჩინოს ქაოსში. მართალია, ყველაფრის საწყისი ქაოსია, მაგრამ სწორედ აქ გვმართებს მოთმინება და მორიელის სტრატეგიული აზროვნება. ხმაურიანი აჯანყებების ნაცვლად, უმჯობესი იქნება, მშვიდად და ჭკვიანურად ვიმოძრაოთ მიზნისკენ.
წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი დაბნელებები და სხვა ტრანზიტები გველოდება, რაზედაც მოგვიანებით ვრცლად მოგიყვებით.
აღნიშნული ტენდენციები მეტ-ნაკლებად ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება, თუმცა თუ შენს რუკაში პირადი პლანეტები ან კუთხოვანი სახლები ფიქსირებულ ნიშნებში გაქვს (კურო/მორიელი, ლომი/მერწყული), სხვებთან შედარებით მეტად იგრძნობ ახალი მთვარისა და მორიელში პლანეტების ტრანზიტების ენერგიას თავისი ასპექტებით.
ინდივიდუალურ დონეზე ტენდენციების შეფასებას უკვე პირადი რუკის შედგენა და მისი სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. მშვიდობიან და წარმატებულ ნოემბერს გისურვებთ!“, - წერს დავით ნიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მზად ვარ დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ „იავნანას" ადგილობრივი ორგანიზაცია“ - პაატა ბურჭულაძე
🔵VIDEO: „აუ, სიხარულით ნეტა არ გავაფრინო დღეს“ - ნანუკა გულუა იუბილარია
🔵„თეოს ვერავინ შეცვლის, მაგრამ მარტოობამ დამღალა” – გელა დაიაურმა 11 წლის შემდეგ ცოლი მოიყვანა
🔵„გააჩერეთ მანქანები ერთი-ორი დღე, არ იყიდოთ საწვავი, არ შეიძლება? “ - ცირა მესხიშვილი