
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
ამავე ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ცხადია, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კუთხით რამდენჯერმე გადადგა, უკვე საკმარისი აღარ არის.
შეხვედრაზე იმ ღონისძიებებზე იმსჯელეს, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში შეიძლება გატარდეს.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა დახმარებების მიზნობრიობის უდიდეს მნიშვნელობას ეპიდემიასთან ბრძოლის ამ ეტაპზე, რათა არსებული რესურსი თანაბრად გადანაწილდეს ეკონომიკის ყველა იმ სფეროსა თუ მოქალაქეებზე, ვისაც შექმნილ ვითარებაში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაზე და იმ ღონისძიებების შესრულების ეფექტიანობაზე, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ფაზის ფარგლებში განახორციელა. საუბარი შეეხო მიმდინარე პროგრამების მონიტორინგს და მათ შორის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილს, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისიდან, 4 თვის განმავლობაში, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ფინანსურ სექტორში არსებულ მდგომარეობას და ხაზი გაესვა, რომ დღეის მდგომარეობით, საბანკო პორტფელები ინარჩუნებს ზრდის დინამიკას, გამომდინარე იმ ხელშემწყობი ღონისძიებებიდან, რაც მთავრობამ გაატარა, მათ შორის დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის პროგრამების კუთხით. ასევე აღინიშნა, რომ ეფექტიანად განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ კრიზისთან დაკავშირებული დროებითი საბანკო ზედამხედველობის ღონისძიებები.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
ვინ არის მაიკ პომპეო, რომელიც 17 ნოემბერს საქართველოს ეწვევა?