ახალგაზრდა ექიმი, გიორგი ღოღობერიძე „პალიტრანიუსთან" საუბრისას საზოგადოებას 4 მარტივ რჩევას აძლევს, თუ როგორ ვებრძოლოთ გაუსაძლის სიცხეებს. ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურის მიმართ ძალიან მგრძნობიარენი არიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. ასეთები შეიძლება იყვნენ დიაბეტის მქონე პირები, ვისაც აწუხებს გულის უკმარისობა, დაბალი წნევა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და ასევე ისინი, ვინც არიან ასაკით უფრო დიდები.
გიორგის განმარტებით, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია, სხეულს მასთან ბრძოლა უწევს ოფლიანობის ხარჯზე. ოფლის აორთქლებით, სხეულიდან სითხე იკარგება და სისხლის სიბლანტე იზრდება. ეს კიდევ უამრავ გართულებას იწვევს სხეულში.
1. მიიღეთ ბევრი სითხე
„ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატული ტემპერატურის პირობებში მიიღოთ ბევრი სითხე. სითხეების მიღება გულისხმობს იმას, რომ ზრდასრულმა ადამიანმა დღე-ღამეში უნდა მიიღოს მინიმუმ 2-2.5 ლიტრა წყალი. ასევე ისეთი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს. მაგ: საზამთრო, კიტრი და ნესვი. სასურველია ეს სითხე არ იყოს ალკოჰოლის, კოფეინისა და შაქრის შემცველი, რადგან სამივეს შემთხვევაში ეს ხელს უწყობს, სხეულიდან სითხის გამოძევებას თავიანთი შარდმდენი ეფექტებიდან გამომდინარე",- ამბობს გიორგი.
2. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას
„სიცხის პირობებში ფიზიკური აქტივობა უფრო მეტ წყალს აორთქლებს, კიდევ უფრო უწყობს ხელს გამოშრობას ჩვენი სხეულისას და თავის მხრივ გართულებების განვითარებას".
3. ჩაიცვით ღია ფერის ტანის სამოსი
„ტანის სამოსი უნდა გვეცვას რაც შეიძლება ღია, რომ მოხდეს სიცხის გამოტანა ჩვენი სხეულიდან. აუცილებელია ტანის სამოსი იყოს ბამბის, რადგან ის უკეთ იწოვს სითხეს. როდესაც ადამიანს მუქი ფერის ტანსაცმელი აცვია, ეს ხელს უწყობს გადახურებას".
4. ზომიერი საკვების მიღება
„ძალიან მნიშვნელოვანია საკვები მიიღოთ ზომიერად, რადგან როცა გამოხატული სიცხეა და ადამიანი იღებს დიდი რაოდენობით საკვებს, ამ შემთხვევაში ხდება სისხლის გადანაწილება ნაწლავებისაკენ. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტემპერატურის პირობებში, სისხლძარღვები ისედაც განიერია და ამ ორი ფაქტორის კომბინაციით, ადამიანმა შეიძლება ძალიან მარტივად დაკარგოს გონება. ამ დღეებში ძალიან ბევრი მწერს, წამოვდექი და თავბრუ დამეხვა, ან წამოვდექი და ყურებში შუილი განმივითარდაო. ეს ყველაფერი ცნობილია, როგორც თერმული სინკოპედა. მასთან ბრძოლის კარგი იარაღი ის რეკომენდაციებია, რომლებიც უკვე ჩამოვთვალე",- აცხადებს გიორგი ღოღობერიძე.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🔴„არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ წყალში თაკარა სიცხეში“ - ანზორ მელია რჩევები
🔴„სიცხეში პირბადის ტარებისას, ზუსტად ასე, ხორბალივით ხარობენ ბაქტერიები ჩვენს ორგანიზმში“
🔴სოდიანი წყალი, სიცხის წამალი და თუ სიცხე „გაჯიუტდა“ - ახალი რეკომენდაციები რატიანისგან