პაციენტს, რომელსაც თანხმლები დაავადება აქვს, კორონავირუსის მკურნალობა ურთულდება.
ხშირად თანხმლები დაავადებები იწვევს ვირუსის გართულებას და შემთხვევა ლეტალურად სრულდება.
საინტერესოა, შედის თუ არა ალერგია ქრონიკული დაავადებების სიაში და როგორ უნდა მოიქცეს ალეგიული ადამიანი, იმ შემთხვევაში თუ კოვიდ-19 დაუდასტურდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით „დაიჯესტი“ ალერგოლოგ-იმუნოლოგ, მედიცინის დოქტორს, ნინო ლომიძეს ესაუბრა.
🔘 ალერგია და კოვიდ-19 - არიან თუ არა რისკჯგუფში ალერგიული პაციენტები?
ალერგია თანამედროვე სამყაროს გლობალური პრობლემაა. მას 21-ე საუკუნის დაავადებასაც უწოდებენ. მხოლოდ ბრონქული ასთმითა და ალერგიული რინიტით მსოფლიოში 400 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. კანისა და სასუნთქი გზების ალერგია ხშირად ქრონიკული მიმდინარეობის, მაგრამ კარგად მართვადი დაავადებებია.
🔘 რამდენად საშიშია ალერგიული ადამიანისთვის კოვიდი?
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი ალერგიულ ადამიანებს უფრო მეტად არ ემართებათ და არ არიან რისკჯგუფში.
თუმცა, საყურადღებონი არიან ალერგიული ასთმის მქონე ადამიანები. ამერიკის ასთმის, ალერგიისა და იმუნოლოგიის კოლეჯის რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ასთმის მქონე პაციენტმა თვითნებურად, ექიმის გარეშე არ შეწყვიტოს მისთვის დანიშნული ინჰალატორის გამოყენება, რადგან თუ მათი ასთმა მედიკამენტის ფონზე კარგად კონტროლირებულია, ასეთ დროს კორონავირუსული ინფექცია ნაკლებ ზეგავლენას იქონიებს პაციენტზე.
🔘 თუკი ქრონიკული ჭინჭრის ციება აქვს პაციენტს, შესაძლებელია, თუ არა კოვიდის გართულება?
ჭინჭრის ციება შეიძლება იყოს კოვიდ-19-ის ერთ-ერთი სიმპტომიც. ის ვითარდება კორონავირუსული ინფექციით დაავადებულთა, დაახლოებით, 15-20 %-ში, როგორც დაავადების დასაწყისში ასევე, ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.
ქრონიკული ჭინჭრის ციების არსებობა კორონავირუსული დაავადების მიმდინარეობაზე ზეგავლენას არ ახდენს, თუმცა, კოვიდის დროს ქრონიკული ჭინჭრის ციება შესაძლოა გაამწვაოს სიცხის დამწევმა და ტკივილგამაყუჩებელმა პრეპარატებმა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ალერგოლოგის კონსულტაცია და მისი მეთალყურეობა.
🔘 არის თუ არა აუცილებლობა საავადმყოფოში გადავიყვანოთ ინფიცირებული, რომელსაც ჭინჭრის ციება აქვს?
ქრონიკული ჭინჭრის ციება არ განეკუთვნება კორონავირუსული ინფექციის განვითარების რისკჯგუფს. კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობისას თავისუფლად შესაძლებელია მართვა ბინაზე ან კოვიდ სასტუმროში, ხოლო თუ ასეთ პაცეინტს გაუმწვავდა ჭინჭრის ციება ანტიალერგიული მედიკამენტების დოზა ურტიკარიის სიმძიმის მიხედვით შესაძლებელია დაენიშნოს ალერგოლოგის კოსნულტაციის საფუძველზე, ხშირ შემთხვევაში ურტიკარიის გამწვავების გამო კლინიკაში გადაყვანა არ არის საჭირო.
🔘 სახლის პირობებში რა პრეპარატის მიღებას ურჩევთ ინფიცირებულ პაციენტს და რეკომენდებულია თუ არა თვითნებური მკურნალობა დექსამეტაზონით?
თვითნებური მკურნალობა, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. იმ პაციენტებს, რომელთან კორონავირუსული ინფექციის პარალელურად აღენიშნებად ჭინჭრის ციება, რეკომენდებულია მიიღონ ახალი თაობის არასედაციული ანტიალერგიული პრეპარატები ექიმის მიერ შერჩეული სწორი დოზირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში საკმარისია დაავადების სამართავად.
სტეროიდის (მაგ, დექსამეტაზონის) გამოყენება ჭინჭრის ციების გამწვავების დროს კი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ალერგოლოგთან.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
ყველაფერი ჭინჭრის ციების შესახებ - რჩევები ალერგოლოგისგან
სასუნთქი სისტემის პრობლემის მქონე ადამიანებმა ფეიხოა მიირთვით - ექიმის რჩევები