ქართული საახალწლო სუფრა, კერძების სიუხვითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. საზეიმო განწყობას ლამაზად გაწყობილი სუფრა ახალისებს - გემრიელი კერძები, ტკბილეული და ალკოჰოლური სასმელები, თუმცა, ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.
სადღესასწაულო პერიოდში ხშირია როგორც კვებითი, ისე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დღეებში რომ ე.წ. პოსტსადღესასწაულო პერიოდში არც ჭარბმა წონამ შეგაწუხოთ და არც ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ - აღნიშნული კითხვებით „დაიჯესტმა“ ენდოკრინოლოგ შოთა ჯანჯღავას მიმართა.
- ბატონო შოთა, ახალ წელს თან ახლავს, დარღვეული დიეტები, გამონაკლისები და ჭარბად მიღებული, ალკოჰოლი, კერძები და ტკბილეული. რას ურჩევდით ადამიანებს, როგორ უნდა დაიცვან თავი „პოსტსადღესასწაულო“ უკუჩვენებებისგან?
- მოგეხსენებათ, ჩვენი სუფრა მრავალფეროვანია, მრავალფეროვნება კი წონაზეც და ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება. პირველ რიგში, რაც ზიანდება ეს არის ნაღვლის ბუშტი, აქედან გამომდინარე სასურველია, რომ საკვები პროდუქტი იყოს უფრო ერთფეროვანი. მაგალითად, ერთ კვებაზე მივირთვათ მხოლოდ ტკბილეული და არა შერეულად - ხორცი, დესერტი და ბოსტნეული. შეეცადეთ ერთ კვებაზე ნიგვზიანები მიირთვათ, შემდეგ ცილოვანი, ბოლოს ბოსტნეული და ა.შ. თავად დააბალანსეთ საკვები რომ კუჭ-ნაწლავმა იოლად გადაამუშაოს პროდუქტები.
- როგორ შეიძლება დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა როგორც ჭარბმა კვებამ, ისე ჭარბმა ალკოჰოლმა?
- სადღესასწაულო პერიოდში ჭარბად არის მაღალკალორიული და გლუკოზის შემცველი პროდუქტები. რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ჭარბი წონის პრობლემების მქონე პაციენტებსა და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში.
- სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, რამდენად რეკომენდებულია ე.წ. განტვირთვის დღეები?
- პაციენტებს სადღესასწაულო სუფრის დროს 1-2 დღე ვრთავთ დიეტის დარღვევის ნებას, გამონაკლისს ვუშვებთ, თუმცა 2 რიცხვიდან უკვე უნდა ვეცადოთ განტვირთვის დღის გაკეთება, რომ მიღებული კალორიები გამოიდევნოს ორგანიზმიდან.
- განტვირთვის რომელ საშუალებას გაუწევდით რეკომენდაციას?
- ზოგადად ძლიერი კვების შემდეგ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძლიერი შიმშილობა, აუცილებელია მინერალური წყლის მიღება საკმარისი რაოდენობით 1,5 - 2 ლიტრი წყალი და აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ხილი, თუნდაც 1 კილოგრამი, აუცილებლად ცილა - მაწონი, კეფირი ან ხაჭო 0,5 კგ და მცირე რაოდენობით ბოსტნეული - კიტრი, პომიდორი და სალათის ფურცლები. მოკლედ ხილი, ცილა, ბოსტნეული და წყალი. სადღესასწაულო სუფრის შემდეგ ადამიანს უმძაფრდება მადა, აქვს შიმშილის გრძნობა, აქედან გამომდინარე მოშიება არაა კარგი და ის განტვირთვის დღეებით უნდა დაბალანსდეს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ტკბილი სასმელები, ლიმონათები, შაქრის შემცველი წვენები. თუ მაინცდამაინც ჯობს ნატურალური წვენზე ან ნაკლებ შაქრიან კომპოტზე შეაჩეროთ არჩევანი და თავი შეიკავოთ გაზირებულ ქარხნულ წვენებზე.
- რამდენად კალორიულია ალკოჰოლი?
- ალკოჰოლი საკმაოდ კალორიულია, განსაკურებით ტკბილი ღვინო და ლიქიორი. მშრალი ღვინო, კონიაკი და არაყი შედარებით ნაკლებად კალორიულია. ზოგადად ჭარბი დოზით ალკოჰოლური სასმელების მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა წითელი საფერავი ან მშრალი ღვინოები არის ძალიან კარგი, ღვინოც უნდა იყოს ნაკლებად შაქრიანი, რაც შეხება უპირატესობას, ჩვენ ენდოკრინოლოგებს გვირჩევნია, ხოლმე უპირატესობა მივანიჭოთ მაღალ ალკოჰოლურ საშუალებებს - მაგალითად ვისკის და კონიაკს. თუ შემოვიფარგლებით 1-2 ჭიქა ღვინით, ან 200-250 გრამი კონიაკით მაშინ პრობლემა არ არის.
- რამდენად ნებადართულია ალკოჰოლი მაშინ, როდესაც ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება და მუდმივად იღებს მედიკამენტებს?
- სტანდარტულად, მედიკამენტებთან ერთად ალკოჰოლის დამატება რეკომენდებული არ არის.
- არსებობს თუ არა გამონაკლისები, როდესაც წამლის მიღების დროს შეიძლება მცირე დოზით ალკოჰოლის მიღება?
- კი ბატონო, არის გამონაკლისებიც, მაგალითად ბევრი პაციენტი ქრონიკულად იღებს ფარისებრის სხვადასხვა ჰორმონს, ასეთ დროს მცირე ალკოჰოლის მიღება შესაძლებელია, მაგრამ ანტიბიოტიკისა და მძიმე ქიმიური მედიკამენტების მიღების დროს, არ არის ალკოჰოლი სასურველი.
აგრეთვე, ქალების ნაწილი მუდმივად იღებენ კონტრაცეპტივებს, რა თქმა უნდა, ამ დროს არ არის მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღება პრობლემა.
- ახალი წლის შემდეგ ბევრი ადამიანის პრობლემა არის ნაბახუსევი, რომ გვითხრათ, რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან მარტივად გამოვიდეთ?
- ნაბახუსევის დროს ადამიანი რეალურად კარგავს მინერალებს და მინერალების დაკარგვაზე აქვს შემდეგ ორგანიზმს ცუდი რეაქცია, ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლის ზემოდან დამატება არ არის რეკომენდებული, ასეთ დროს, სჯობს, მინერალებით შეავსონ ორგანიზმი - მიიღონ წყალი, ცოცხალი ბოსტნეული და წვნიანი, მაგრამ არა ხორცის ნახარშით მომზადებული. სჯობს, ბოსტნეულის ნახარში მიიღონ, ცხარე და ნივრიანი კერძი, რა თქმა უნდა, მდგომარეობას შეამსუბუქებს“, - განუცხადა „დაიჯესტს“ შოთა ჯანჯღავამ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე