დოკუმენტური ფილმი „ანთიმოზ ივერიელი” გიული ჭოხონელიძის ყველაზე სერიოზული ნამუშევარია, რომლის ღირებულებაც მსოფლიო კინობაზარზე 15 მილიონი დოლარია.
დღეს სწორედ ამ ფილმის გადაღების პროცესის შესახებ გიამბობთ, რის შესახებაც ჭოხონელიძე ჟურნალისტებთან თავად საუბრობს.
15 მილიონად შეფასებული ფილმი
„მოსფილმში” გადავიღე რუსეთის დაფინანსებით მხატვრული ფილმი „სპირალი”, შემდეგ – „ანთიმოზ ივერიელი”.
ამისთვის ბუქარესტს ვეწვიე, სადაც შვიდი ქვეყნის პატრიარქი იყო ჩასული. ტექნიკურად ძალიან რთული გადასაღები იყო. ფაქტობრივად, ამ თემის გარშემო მასალა არ გაგვაჩნია. ანთიმოზ ივერიელის გვარიც კი არ ვიცით.
როცა ფილმის გადაღება გადავწყვიტე, ბევრი ვეძიე და გვარი ვერ მოვიპოვე, მაგრამ, რუმინეთს მდიდარი მასალა ჰქონდა ამ პიროვნებაზე, რაც ძალიან დამეხმარა.
ედუარდ შევარდნაძემ წამიყვანა რუმინეთში და რუმინეთის პრეზიდენტ ილიესკუს შემახვედრა.
მოვილაპარაკეთ, რომ ნახევარს ისინი დააფინანსებდნენ, ნახევარს – ჩვენ.
მათ ამ სურათში 2,5 მილიონი უნდა გადაეხადათ, ჩვენ, როგორც ღატაკ ქვეყანას – 400 ათასი ლარი. ვერც ერთმა მხარემ ვერ შევძელით ამ თანხის გადახდა და ამიტომ ფილმს ცხრა წელი ვიღებდი.
მაშინ დიდი არეულობა იყო რუმინეთში, ხალხი შიმშილით იხოცებოდა. სურათზე მუშაობის პერიოდში 13 მსახიობი გარდაიცვალა.მსახიობებს ფულს ვერ ვუხდიდი. ხან ვის ვთხოვდი დახმარებას, ხან – ვის და ასე, წამებით დავამთავრე ფილმი.
„გვირაბმშენის“ უფროსი დაგვეხმარა. ტურიზმის დეპარტამენტის მმართველი ომანიძე რუმინეთში ტურბაზას დაუკავშირდა და 60 კაცი უფასოდ მიგვიღეს.
რუმინეთის პატრიარქმა რამდენჯერმე თავის სასტუმროში გვაცხოვრა. ჯარი დამჭირდა და დამახმარეს. დავით გარეჯი რომ დაგვჭირდა, ამაშიც ომანიძე დაგვეხმარა.
ბოლოს, სურათის დასამთავრებლად შევარდნაძემ მომცა 120 ათასი ლარი. ფილმი სულ 400 ათასი ლარი დაჯდა. კინობაზარზე კი 15 მილიონად არის შეფასებული. მოგეხსენებათ, ანთიმოზ ივერიელი რუმინელი ხალხისთვის იგივეა, რაც ჩვენთვის შოთა რუსთაველი. ეს ადამიანი 12 ენას ფლობდა, საოცრად განათლებული და უდიდესი ორატორი იყო. ტაძარში გადაღების სცენა დამჭირდა.
პატრიარქის სამოსით ვიყავი და ტაძარში შემოსული ხალხი ყველა კურთხევას მთხოვდა – ეგონათ უცხო ქვეყნის პატრიარქია ჩამოსულიო. ხომ ვერ ავუხსნიდი ამ ადამიანებს, რომ მსახიობი ვარ და ფილმს ვიღებთ-მეთქი, ამიტომ, შესაბამისად, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც საჭირო იყო. ერთი მონაზონი დაეჭვდა და სადაც წავიდოდი, სულ დამყვებოდა. გადაღება რომ დამთავრდა, ტაძრიდან გამოვედი და წვერი მოვიხსენი.
ეს რომ დაინახა, შეცბა, ხელში ჯვარი ეჭირა და სატანაო – გაიძახოდა.
მოსკოვში ვიყავი კინოფესტივალზე, ბევრი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ჩემი ფილმი რომ ნახეს, ყველა მეკითხებოდა, როგორ ვიყიდოთ თქვენი სურათიო. როგორ უნდა იყიდონ, როცა ასლი არ გაგვაჩნია, მხოლოდ ორიგინალი გვაქვს. ფილმი უნდა გადავიტანოთ ვიდეოფირზე და დაიყოს ოცდახუთ-ოცდახუთ წუთად, სხვადასხვა ენაზე გახმოვანება სჭირდება... აქ დიდ თანხაზეა ლაპარაკი, რომელიც დიდ შემოსავალს მოგვიტანს.
კარგი ქურდი
„დღე პირველი, დღე უკანასკნელში” ქურდის როლი არ იყო. მაშინ ხრუშჩოვი ისვენებდა სოჭში და ვიღაც ქურდმა წერილი მისწერა:
ქურდი ვარ, მაგრამ, ქურდობა აღარ მინდა და თუ შეიძლება, სამსახურის მოძებნაში დამეხმარეთო.
ეს წერილი გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა, რომელიც სიკო დოლიძემ ნახა და ფილმში გამოიყენა. მითხრა – სწორედ შენ უნდა ითამაშო ქურდის როლიო. ფილმი რომ გამოვიდა ეკრანებზე, რესტორანში წავედით და აღვნიშნეთ.
ჩვენს მოპირდაპირე მხარეს, მაგიდასთან ქურდები ისხდნენ. მიცნეს და მთხოვეს – თუ შეიძლება, ჩვენთან გადმოჯექითო. ცოტა, რომ დალიეს ერთ-ერთმა მითხრა:
როცა ქურდების ცხოვრება არ იცი, არ უნდა ითამაშოო. მაინც რატომ-მეთქი, – დავინტერესდი. ღია კარში რომ შედიხარ, მასე სად არის. როცა ჩვენ ვინმეს გაქურდვა გვინდა, პატარა ბიჭებს ვგზავნით და ყველა კარში ასანთის ღერებს არჭობენ; მერე დავივლით, რომელ კარშიც ასანთის ღერი დარჩენილია, ესე იგი, იქ არავინაა და ვიწყებთ იმ ბინის „დამუშავებასო”.
ცნობილი კინორეჟისორი კოლია პიპინაშვილი სიკო დოლიძესთან დადიოდა ხოლმე სტუმრად. სიკოსაც და კოლიასაც თეთრი ფერის „ვოლგები” ჰყავდათ.
ერთხელ კოლია, ჩვეულებრივ, ესტუმრა სიკოს. რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე კაკუნის ხმაა. სიკომ გააღო კარი და ვიღაცამ წერილი გადასცა. წერილში ის ეწერა, რაც ქურდებმა მითხრეს რესტორანში:
რატომ ეხებით ქურდების ცხოვრებასო. ცოტა ხანში ბატონი კოლია ქვემოთ ჩავიდა და რას ხედავს – მანქანა ადგილზე არ დგას.
რამდენიმე დღის შემდეგ მანქანა ყაზბეგის ქუჩაზე იპოვეს. შიგნით წერილი იდო, რომელშიც ეწერა: დიდ ბოდიშს გიხდით, ბატონო კოლია, სიკო დოლიძის „ვოლგა” გვეგონა და ამიტომ წავიყვანეთო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
შურიანი ძმა, ფეხსაცმლის გამყიდველობა, საქმროს მეგობართან ღალატი - ჯულია რობერტსის უცნობი ამბები
ძალადობა ძმის მხრიდან, დედისგან უარყოფილი, სექს-მუშაკობა - მადონა კიპაროიძის უცნობი ამბები