ბავშვობაში, დედა რომ დაგვსჯიდა და ცრემლები ღაპაღუპით მოგვდიოდა, ჩვენს საყვარელ თოჯინას ვუყვებოდით, როგორ გვეჩხუბებოდნენ და გვატირებდნენ...
ალბათ, ხშირად გვიოცნებია, რომ ისინი ცოცხალი არსებები ყოფილიყვნენ და ლაპარაკი შესძლებოდათ.
თოჯინების გაცოცხლებაზე თქვენც მულტფილმი „სათამაშოების ისტორია“ გახსენდებათ?
დარწმუნებული ვარ, წამით მაინც გიფიქრიათ და ღამით ერთხელ მაინც გაგიღვიძიათ იმის სანახავად, თოჯინა მართლა ცოცხლდება თუ არა თქვენი არყოფნისას ან ძილისას...
შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ და არ იფიქროთ იმაზე ცოცხალია თუ არა თქვენი თოჯინა, რადგან ირმა ფრანგიშვილმა უკვე „გააცოცხლა“ ისინი და „აალაპარაკა“.
ფრანგიშვილის თოჯინები იმდენად რეალისტური და ნამდვილია, რომ „გელაპარაკებიან“, თავიანთ ისტორიას გიყვებიან...
თითოეული დეტალი, სახის ნაკვთები, მიმიკები... ისინი იმდენად „ადამიანურები“ და რეალისტურები არიან, რომ ვერც წარმოიდგენ მათ „თოჯინობას“.
„დაიჯესტი“ დაინტერესედა ირმა ფრანგიშვილის შემოქმედებით და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:
როდის გაგიჩნდათ იდეა გაგეკეთებინათ მსგავსი თოჯინები?
4 წლის წინ ფოლკლორის ცენტრში ხელნაკეთი თოჯინების გამოფენაზე ვიყავი. ნანახმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, დარბაზიდან გამოსვლა აღარ მინდოდა. არ მეთმობოდა ამ ზღაპრული გარემოს დატოვება. გადავწყვიტე შემესწავლა ასეთი თოჯინების დამზადება. ცნობილმა მეთოჯინემ იულია სოროკინამ მაზიარა ამ ჯადოსნურ ხელოვნებას,რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ მისი.
მანამდე რას საქმიანობდით?
23 წელია ვასწავლი სკოლაში, ხელოვნების პედაგოგი ვარ. ძალიან მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა.
წარმოიდგენდით თუ არა მსგავსი საქმით დაკავდებოდით?
მეთოჯინეობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ყოველთვის რაღაც ახალს ვეძებდი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხატვა, კერვა, ქსოვა, ძერწვა და სხა.
რაღაც გარკვეული პერიოდი კოლაჟებით დავინტერესდი, შემდეგ ვმუშაობდი თექაზე, ვქმნიდი სხვადასხვა აქსესუარებს, სამოსს, ნახატებს, ვამზადებდი ნიღბებს...
აგრეთვე, სკოლაში მოსწავლეებს ხშირად ვამზადებინებდი რბილ თოჯინებს. ერთხელ სპექტაკლიც დავდგით „დედაშვილობა“. თითქოს თავისით მოვიდა ინტერესი თოჯინების მიმართ.
ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა თოჯინების ზღაპრულმა სამყარომ. მათი დახმარებით ძალიან ბევრი ხელოვანი მეგობარი შევიძინე, ადამიანები, რომლებსაც ხელოვნება უყვართ და სიამოვნებას იღებენ ჩემი შემოქმედებით. ჩემი თოჯინები ჩემი სულის ანარეკლია და ჩემი ზღაპრული სამყაროა.
🔘 რატომ მაინცდამაინც პორტრეტული თოჯინების კეთება?
ჩემი შემოქმედება მრავალფეროვანია. პირველად შექმნილი თოჯინები ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
გამიჩნდა სურვილი ჩემი შვილიშვილის, მათეს, პორტრეტული თოჯინა გამეკეთებინა.
საინტერესო აღმოჩნდა, ძალიან მიხაროდა მსგავსებას რომ ვხედავდი. მათეც ძალიან ბედნიერი იყო. სამოსი ერთად შევარჩიეთ და შედეგმაც არ დააყოვნა. თოჯინა ძალიან ჰგავს მათეს.
ამის შემდეგ დავამზადე ცნობილი ადამიანების პროტოტიპები. ფრიდა კალო, დევიდ გარეტი, კოკო შანელი, მერი შერვაშიძე და რიმა ერისთავი.
ამის შემდეგ მოჰყვა მამის პორტრეტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აგრეთვე, ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემი ფანტაზიით, გემოვნებით და შინაარსით ვქმნი თოჯინებს. ერთ-ერთი იყო „შანელის სამყარო“ და „ჩემი ზღვა“.
„შანელის სამყარო“ - თბილისის თოჯინების საერთაშორისო ფესტივალისთვის გავაკეთე, რომლის გამარჯვებულიც გახლავართ.
„ჩემი ზღვა“ - კონკურსისთვის დავამზადე, რომელიც ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო გადაიდო.
რამდენად შრომატევადია? ერთ თოჯინაზე, დაახლოებით, რამდენი ხანი მუშაობთ?
თოჯინის შექმნა საკმაოდ შრომატევადია და ძალიან ბევრი საქმის ცოდნას მოითხოვს. ერთ თოჯინას დაახლოებით 20-30 დღე სჭირდება.
სამომავლოდ რას აპირებთ?
ვფიქრობ, პერსონალური გამოფენაზე. იმედია პანდემია მალე გადაივლის. სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებში.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
როგორ გადავარჩინოთ ახალი წელი ანუ როგორ შევხვდეთ 2021-ს? ტოპ 3 იდეა
არიან თუ არა რისკჯგუფში ალერგიული პაციენტები - ექიმის რჩევები