სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ქალებზე ძალადობის სხვადასხვა ისტორიას ავრცელებს.
ერთ-ერთი ამბავი 22 წლის ქალს გადახდა, რომლის ვინაობაც ანონიმურია.
„ეს ამბავი 2016 წლის 20 თებერვალს მოხდა. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური, პარალელურად ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურსა და მათემატიკაში, ამიტომ საღამოობით გვიან ქავთარაძიდან სოლოლაკში მიწევდა ხოლმე წასვლა, ღამე კი, დაახლოებით 12 საათისთვის დიღმის მასივში, სახლში დაბრუნება.
იმ დღესაც, დიდუბის მეტროდან სახლამდე ფეხით გადავწყვიტე წასვლა, რადგან ტაქსისთვის ფულის მიცემა დამენანა და ვიფიქრე ფეხით ჩამოვიდოდი, მით უმეტეს შიში არ მქონია, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე.
სახლისკენ რომ მივდიოდი, გზად ვიღაც ტიპი ამეკიდა – სახელს მეკითხებოდა. რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. გადმოვიარე ხიდი და უკვე გამგეობასთან ვიყავი, როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვები მომაძახა. ძალიან გავმწარდი და მეც ასევე ვუპასუხე. რამდენიმე წუთში დავინახე, ვიღაც ორ სხვა ბიჭთან ერთად მომყვებოდა უკან. ერთი ძალიან პატარა ბავშვი იყო, ხოლო მეორე – დაახლოებით, 15-16 წლის იქნებოდა. დამიჭირეს. ყვირილი იმ შუაღამით არავის გაუგია.
დამიჭირეს და ჩამათრიეს გამგეობის უკან, ნაძვნარში. გამაუპატიურეს. ერთ მომენტში ქვას მივწვდი და ვეცადე ბიჭისთვის ჩამერტყა. როგორც მერე გავიგე, ასცდა. ამის შემდეგ ის ჩემს დახრჩობას ცდილობდა. შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი. რომ ამბობენ, სიკვდილის წინ ყველაფერი თვალწინ გაგირბენსო, ზუსტად ეგ გავიარე.
არც მიფიქრია, რომ სასწაული მოხდებოდა და გადავრჩებოდი. ამ ყველაფერს იმ პატარა ბავშვს აყურებინებდნენ. საბოლოოდ, თანხა რაც მქონდა წამართვეს, გამძარცვეს და წავიდნენ.
წამოვდექი და იმ წამსვე პოლიციაში წავედი. პოლიციის შენობა გამგეობასთან ახლო მანძილზეა. რომ მივედი, კაბა ჩამოხეული მქონდა, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, საშინლად გამოვიყურებოდი. პოლიციელებმა რომ შემხედეს, არ დამიჯერეს, არ ჰგავხარ შენ სახლის გოგოსო. ძალიან გავმწარდი, ყვირილი დავიწყე, წავიდეთ იმ ადგილას და ვნახოთ რა და როგორ მოხდა-მეთქი.
„5 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ბიძაშვილი სექსუალურად მავიწროვებდა“... - უცნობი ამბავი
ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ჩემი ნივთები ეყარა, ტრუსიც იქ იყო დაგდებული. ამის ნახვისას ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ამის გახმაურება და თქმა, ცხოვრებას გაიფუჭებო. ამის თქმა და ჩემი ღრიალი ერთი იყო. რას ამბობ, ეს როგორ უნდა დავმალო-თქო – ვუყვიროდი.
ყველა ელოდა, რომ უნდა მეტირა, მექვითინა და დასწავლული ქცევა მქონოდა, მაგრამ არ მეტირებოდა. ბრაზი მახრჩობდა.
საბოლოოდ, საქმე აღიძრა. დამნაშავეები მალევე იპოვეს. შემდეგ უკვე დეტექტივებთან მქონდა ურთიერთობა, ისინი კი უკეთ მეპყრობოდნენ და დამოკიდებულებაც სხვა იყო. ერთ-ერთმა დეტექტივმა თავისი მობილურიც კი მათხოვა, რადგან იმ პერიოდში ყველა ჩემი ნივთი, ბარათები, ტანსაცმელი და მობილური ნივთმტკიცებებად იყო გამოყენებული. 10 წლის ბავშვი არ დაუჭერიათ, ის ორი ტიპი დაიჭირეს. არასრულწლოვანს 6 წელი, უფროსს კი 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სასამართლო
როგორც მოგვიანებით გავიგე, ეს 15 წლის ბიჭი მათხოვარი იყო, მეორე ასაკით უფროს კაცს კი ცოლი და სამი შვილი ჰყავდა.
უფროსი ბოლომდე არ აღიარებდა, რომ გამაუპატიურა და მას მხარს მისი ქალი ადვოკატიც უჭერდა, რომელსაც არანაირი სოლიდარობა არ გამოუჩენია ამ ამბის მიმართ, არასრულწლოვან ბიჭზე სრული უმწეობისა და საცოდაობის განცდა მქონდა, რადგან წერა-კითხვა, საკუთარი დაბადების თარიღი არ იცოდა.
საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ვერ ახდენდა. ხელმოწერის ადგილას ჯვრებს სვამდა. მასთან როგორ უნდა მეკამათა საერთოდ. ვფიქრობ, დასჯასთან ერთად სხვა პრევენციის საშუალებებიც უნდა არსებობდეს. იჯდება 6 წელი ციხეში, გამოვა და მერე რა მოხდება?
სასამართლო პროცესებზე ძალიან უსიამოვნო იყო, რომ მოწმეც მე ვიყავი და დაზარალებულიც. ასევე გაუპატიურებად არ ითვლება ის ქმედება, თუ უშუალო პენეტრაცია არ მოხდა. ამიტომ, პროცესზე კომიკური სიტუაცია იქმნება, როცა ამ ყველაფერს უცხო ხალხთან ლამის სანტიმეტრებით ამტკიცებ.
პროცესებზე დასწრება სულ მინდოდა, მაგრამ არავინ მაფრთხილებდა ხოლმე, როდის იმართებოდა, დრო თუ იცვლებოდა და ა.შ.
არასრულწლოვნის პროცესზე არ შემიშვეს, დახურული სხდომა იყო, თურმე. იმ უფროსი კაცის ოჯახმა კი შემომითვალა, საჩივარი გამოიტანე და ცოლად მოგიყვანსო.
როდესაც სასამართლომ საბოლოოდ გამოაცხადა, რომ ამ ტიპს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მისი ცოლი შენობაში დამედევნა და თმებში მწვდა, ცემა დამიწყო.
ორსულობა
ერთი თვის თავზე მადა, მგრძნობელობა მომემატა. აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. ეს საერთოდ შოკის მომგვრელი იყო. ბავშვის დატოვებაზე არ მიფიქრია, მაგრამ რომც მეფიქრა, გარშემომყოფებისგან იმხელა წნეხი მოდიოდა, რომ ამას ვერ შევძლებდი, ვერ გავბედავდი. მახსოვს, ახლობელი, ასაკით დიდი ქალი, მელაპარაკებოდა და მკითხა: რა გინდა, ნაბიჭვარი უნდა გაზარდოო?
აბორტი გავიკეთე. ყველაფერს ის ფაქტიც აფუჭებდა, რომ ჩემი ყველა ბარათი, სადაც თანხა მქონდა დარიცხული, პოლიციაში იყო. ფაქტობრივად ისეთი დღეებიც ყოფილა, რომ სახლში საჭმელიც არ გვქონია. რომ არა ჩემი ნათესავი, რომელიც ფულით დამეხმარა, არ ვიცი რა მოხდებოდა.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გაუპატიურებით დაზარალებულებს, აბორტის შემთხვევაში, თანხით უნდა ეხმარებოდეს.
ხალხი
ის, რაც თავს გადამხდა, არ დამიმალავს. ყველას მოვუყევი რაც მოხდა. გაოცებული დავრჩი, როდესაც ძალიან ბევრი ქალისგან მოვისმინე ჩუმად ნათქვამი იგივე ამბები. ქალებისგან, რომლებმაც მაშინ დუმილი ამჯობინეს, ან მოძალადეზე დააქორწინეს. ისეთ ადამიანებზე გავიგე, რომ მსგავსი ჰქონდათ გამოვლილი, ვისზეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები იყო: მეგობრები სულ გვერდში მყავდნენ, მოდიოდნენ და ისე ხდებოდა, რომ სულ ისინი ტიროდნენ ჩემს ამბავზე, მე კი ვამშვიდებდი. სამსახურშიც დავდიოდი, სადაც არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავს და მოვალეობის განცდამ ბევრი ცუდი რაღაცისგან მიხსნა.
იმ პერიოდში შეყვარებული მყავდა, რომელმაც მითხრა, შენ ადგილას თავს მოვიკლავდიო. ეს ალბათ ყველაზე საშინელი გადასატანი იყო ჩემთვის. ამას ისიც დაემატა, რომ დამადანაშაულა, ჰო გაფრთხილებდი პნევმატური იარაღი გეყიდა და იმით გევლო, თავს მაინც დაიცავდიო.
ზოგი ახლობელი მეუბნებოდა, არავის უთხრა ეს ამბავი, თავს ნუ გაიუბედურებო. ამის მთქმელებს ძალიან გაბრაზებული ვუღრიალებდი, როგორ მიბედავთ ამის თქმას საერთოდ-თქო. საოცარია, კიდევ აქეთ უნდა იდანაშაულებდე თურმე თავს და კიდევ აქეთ უნდა გრცხვენოდეს.
რა გამოდის, რომ ისევ მე ვარ დამნაშავე? კულტურასა და ლიტერატურაშიც გაუპატიურებულ ქალს ნამუსახდილს უწოდებენ, თითქოს კიდევ შენ არ გაქვს ნამუსი და არა მოძალადეს.
არც ამ ამბის შემდეგ რეალიზებული ქალის მოდელი არსებობს. ყველა მათგანი ან თავს იკლავს ან ცხოვრება ენგრევა. არადა ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცი, რომ ყველაფერი შეიძლება გააგრძელო, იბრძოლო და გადარჩე. ბრძოლა ბევრი და ხანგრძლივი იყო.
დეპრესიასთან, უძილობასთან, საშინელ სიზმრებთან გამკლავება დღემდე მიწევს. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მსხვერპლი კი არა, გადარჩენილი ვარ“,- წერს ანონიმური წყარო.