Digest Logo

ისლამი მივიღე და ცოლად გავყევი - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც ISIS-ს წევრს სირიაში გაჰყვა

1610620421
ისალმური სახელმწიფოს ამბები

სირიასა და ერაყში დაწყებულმა ომებმა ასიათასობით ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და კეთილდღეობა შეიწირა... ჩვენ ახლა მოგიყვებით რუსეთში მცხოვრები ქართველ გოგონაზე, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა და ტერორისტებს სასწაულებრივად გადაურჩა.

27 წლის სოფო, მშობლებთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა და სწავლობდა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე, დაღესტნელი სტუდენტი გაიცნო და მაშინ დაიწყო მისი პრობლემებიც...

- მეგობრების დახმარებით გავიცანი ნარგილი და თავისი მამაკაცური თვისებებით, მზრუნველობით, ყურადღებითა და სიმშვიდით მალე შემაყვარა თავი... ერთხელ მითხრა, - ოჯახის წევრები ქრისტიან ქალს ცოლად არ მომაყვანინებენო... ჩემი მშობლებიც გაგიჟდებოდნენ, როცა მასზე გაიგებდნენ, მაგრამ რა მექნა, ძალიან მიყვარდა და ცოლად სხვას ვერასდროს გავყვებოდი...

- რა გამოსავალი იპოვეთ?

- შევთავაზე, - ისლამს მივიღებ-მეთქი... გაუხარდა, თან დამამშვიდა, - ღმერთი ყველას ერთი გვყავსო... მოკლედ, შევუღლდით. ვიდრე მოსკოვში ვცხოვრობდით, ბედნიერები ვიყავით, თუმცა, როგორც კი მის სახლში წავედით, ყველაფერი შეიცვალა... ნარგილი მახაჩყალიდან დაშორებულ სოფელ ხუმში, მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობდა. ჩემი ქმარი მათთან ერთად ძალიან თავდაჭერილი, იყო, მათ არ შეუძლიათ საზოგადოებაში ცოლის მიმართ სითბო და სიყვარული გამოხატონ, ეს კაცის სისუსტედ ითვლება... ერთმანეთს მხოლოდ ღამე ვესაუბრებოდით... თავიდან ყველას რუსი ვეგონე და ვერ მიტანდნენ, ავუხსენი, - ქართველი ვარ, უბრალოდ რუსეთში ვცხოვრობ-მეთქი. უფრო გაიხსნენ, - ისეთი კარგი ქვეყნიდან ყოფილხარ, აქ რა გინდოდაო... ნარგილი ღამე, როდესაც ჩვენს ოთახში მარტო დავრჩებოდით, პატიებას მთხოვდა. კიდევ ცოტა მოითმინე, ასე სწრაფად წასვლა არ შეიძლება, მერე კი ისევ მოსკოვში დავბრუნდებითო... როცა დავფეხმძიმდი, ანგარიში გამიწიეს და მოსკოვში დაგეგმილზე ადრე წამოვედით... გზაში ნარგილმა ჩამაწვეთა, რომ ძალიან მალე საოცრად კარგ, მშვიდ, მდიდარ და სამართლიან სახელმწიფოში ვიცხოვრებდით...

- მიხვდით, რასაც გეუბნებოდათ?

- თავიდან ვერ მივხვდი, შემდეგ, როდესაც ჩვენთან ერთნაირად ჩაცმული და მოშვებულწვერიანი ბიჭები შევნიშნე, ეჭვი გამიჩნდა. ისინი ჩემთვის უცნობ ენაზე საუბრობდნენ. ღამღამობით ჩემი ქმარი არაბულს სწავლობდა, მათთან რომ ესაუბრა... თურმე დაღესტანში წასვლამდე გადაუბირებიათ. წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. ერთხელ მომახარა, იმ ქვეყანაში უნდა წავიდეთ, რომელზეც ადრე გითხარიო - ოცნებებში იყო წასული... 7 თვის იყო ჩემი ბიჭი, როცა სირიაში ჩავედით... აქ დაიწყო ჩემი ტანჯვა... ვიდრე იმ კონკრეტულ ადგილამდე მივიდოდით, სადაც ჩემს ქმარს ფიცი უნდა მიეღო და შემდეგ ISIS-ის რიგებში ჩაწერილიყო, რამდენიმე კვირა ფარდულში, სხვებთან ერთად გავატარეთ... არ მქონდა ნორმალური ჩასაცმელი, საკვები, საწოლი, სადაც ბავშვს დავაძინებდი... ბავშვი ბუნებრივი კვებაზე მყავდა და პურის გარდა არაფერს ვჭამდი, რომ უნებურად რამე არ დამეშავებინა მისთვის... მაინც სულ ტიროდა, ჭირვეულობდა... თავბედს ვიწყევლიდი.

- უკან დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?

- ვეხვეწებოდი ქმარს, მაგრამ მეუბნებოდა პასპორტები უკვე ჩამომართვეს და შანსი არ არისო.

- იქ როგორი სიტუაცია დაგხვდათ?

- ქალაქ ჯერაბლუსში ვიყავით, რომელსაც მაშინ ISIS-ის წევრები აკონტროლებდნენ. ამჯერად ფარდულში კი არა, რაღაც შენობაში ვიყავით, სასტუმროს წააგავდა, ოღონდ გაძარცული იყო... რაც მთავარია, ოთახი ცალკე გვქონდა. ნარგილი ცხოვრების გასაგრძელებლად ემზადებოდა, ამისთვის კი ბრძოლა იყო საჭირო, ანუ იმათ, ვინც იბრძოდა, ავანსის სახით 100 დოლარს უხდიდნენ - თავიდან ასე იყო, შემდეგ ნაკლებსაც აძლევდნენ... ერთად ამზადებდნენ საკვებს, რომლის მირთმევამდე მორალურად ვემზადებოდი და ღმერთს ვეხვეწებოდი, არ მოვეწამლე... ყოველ დილა-საღამოს უფალს, ჩემს ღმერთს, იესოს ვთხოვდი, ჩემი ქმარი ცოცხალი დაბრუნებულიყო და როგორმე იქიდან გაგვეღწია...

- მეუღლე რას გეუბნებოდათ?

- ისედაც არ იყო დიდად მოლაპარაკე და საერთოდ დამუნჯდა. ნანობდა, თუმცა არ აღიარებდა. ღამე ვერ იძინებდა: ხან ლოცულობდა, ხან იარაღს წმენდდა... მერე ისევ საომრად მიდიოდა. შორიდან დაბომბვის ხმა მოდიოდა და სტრესისგან იმდენად ვიყავი ყოველგვარი ემოციისგან დაცლილი, რომ ასე მეგონა, ეს ყველაფერი სიზმარი იყო. ერთხელაც ბავშვი ავად გამიხდა და ნერვებმა მიმტყუნა. დავივიწყე ჩადრი, ტრადიციები, ISIS-ს ლიდერების უკუღმართი კანონები და ბავშვთან ერთად, გარეთ გიჟივით გავვარდი. ვიცოდი, ახლოს სამედიცინო პუნქტი იყო, სადაც დაჭრილები ჰყავდათ. არადა, მათი წესების თანახმად, იქ არ შეიძლება ქალი ქუჩაში მამაკაცის გარეშე გავიდეს, პატარა ბიჭი მაინც უნდა ახლდეს თან, თორემ არც მეტი, არც ნაკლები, თავს მოაჭრიან... ეზოში ერთი ინგუში ბიჭი შემომხვდა, წინ გადამიდგა და კედელს მიმანარცხა, - გამოფხიზლდი! თუ ხვდები, რომ სიკვდილზე მიდიხარო?! როდესაც საიდანღაც მოტანილი შარფი მომახვია, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რას გადავურჩი.

- ვინმე დაუსჯიათ თქვენი იქ ყოფნისას?

- ვიღაც ბიჭს ქურდობისთვის ხელი მოაჭრეს, ცოლ-ქმარს კი გაქცევის მცდელობისთვის, თავი მოჰკვეთეს...

- სკოლა ან რამე მსგავსი დაწესებულება, ან ცენტრი იყო?

- მათთვის განათლება პრიორიტეტული არ არის. რაღაც შენობა მეჩეთად იყო გადაკეთებული და ყოველ დილით იქ უნდა ვყოფილიყავით, ეს აუცილებლობა იყო... ჩემი ქმარი იტანჯებოდა, ფეხზე ძლივს იდგა, გახდა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, ვერ ჭამდა და ვერ იძინებდა... რამდენჯერ გამღვიძებია შეშინებულს - საწოლის თავთან დადგებოდა და გიჟივით გვაშტერდებოდა. ერთხელ მითხრა, - უფალმა თქვენი სახით საჩუქარი მომცა, მე კი ვერ შევირგეო...

ერთხელ მითხრეს, - როდესაც მეომარი ბრძოლაში იღუპება, მის ცოლს სხვაზე ათხოვებენო. ერთ კვირას აძლევდნენ მოსაფიქრებლად, რამდენიმე მეომრიდან უნდა ამოერჩია... ამის გაგების შემდეგ, დღე და ღამე ვლოცულობდი. სასოწარკვეთილებაში მყოფს, უფლის გარდა არავის იმედი არ მქონდა... ბავშვზე ვდარდობდი, თორემ გადაწყვეტილი მქონდა, თუ ნარგილს რამე მოუვიდოდა, იმ გარემოში თავს არ ვიცოცხლებდი. შვილი თან იმ ჯოჯოხეთისთვის მაძლებინებდა, თან გული მიკვდებოდა, რომ ბავშვობა წავართვი და იმ ჯოჯოხეთში მყავდა...

- მშობლებმა იცოდნენ, სადაც იყავით?

- დიახ, მათ თურქეთიდან მივწერე ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ... ერთ დღესაც ეზოში ცხედრები მოასვენეს. ქალები ჩამოვიდნენო, - ანუ ქმრები უნდა ამოეცნოთ. მე დამიძახეს. არ მახსოვს, იქამდე როგორ მივედი - ის ერთი, რომელიც ვერავინ იცნო, ნარგილი გახლდათ. მხოლოდ ის შევნიშნე, რომ ხელისგული გაგლეჯილი ჰქონდა, თითებით ვიცანი... გულის ჯიბეში ჩვენი საერთო ფოტო ედო, სისხლით დასვრილი. კიდევ ერთხელ, მიმტყუნა ნერვებმა და ყოველგვარი თავშეკავების გარეშე, ისტერიკულად, ემოციურად გამოვიტირე ჩემი ცხოვრება. ისევ იმ ინგუშმა გადამარჩინა - თითქმის გონებადაკარგული კიბემდე ამიყვანა, იქ ჩემი შვილი იჯდა და საცოდავი თვალებით მიყურებდა... სიმწრისგან თითები დავიკბინე... იმავე ღამეს დაიწყეს მსჯელობა, რომ „პატრონი“ მოეძებნათ ჩემთვის. ვთხოვე, დრო მომეცით მოსაფიქრებლად-მეთქი.

- რას აპირებდით?

- ყველაფრის ფასად ვაპირებდი გაქცევას. იმ ინგუშს, რომლის მხოლოდ სახელი ვიცი, როგორღაც დავუკავშირდი და ვუთხარი, - რამდენსაც მეტყვი, გადაგიხდი, ოღონდ აქედან გამიყვანე-მეთქი... ვიღაც უზბეკს იცნობდა, რომელსაც საომრად მომავალი მოხალისეები სატვირთო მანქანით მოჰყავდა თურქეთ-სირიის საზღვრიდან. ჩვენ შეუმჩნევლად უნდა გავყოლოდით და ამაში 5 ათას დოლარს ითხოვდა, 4 ათასი უზბეკს უნდაო... ეს იყო უდიდესი რისკი - თუ გვიპოვიდნენ, ყველას სიკვდილით დაგვსჯიდნენ... ყოველი შემთხვევისთვის, ბავშვს აბა დავალევინე და დავაძინე. რამდენიმე საათის განმავლობაში, მასთან ერთად მანქანაში ნახევრად ცოცხალ-მკვდარი ვიჯექი. როდესაც თურქეთის ტერიტორიაზე გადმოვედით, თითქოს ყველაფერი ერთად მომაწვა, შეშლილივით ავტირდი. ინგუში ჩუმად იჯდა. ცოტა ხანში მშობლებს დავურეკე. დედ-მამა სტამბოლის აეროპორტში სასწრაფოდ მოვიდა და მამამ ინგუშის ვალი გაისტუმრა...

თვეების განმავლობაში ვერ მოვედი გონს, მხოლოდ ვჭამდი და მეძინა, ბავშვი კი დედას ჰყავდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ქორწილი 80 წლის ასაკში, 15-წლიანი პატიმრობა - ასლან აბაშიძის პორტრეტი

2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

როგორ შეარცხვინა სასულიერო პირი ქართელმა პოლიგლოტმა და რა ეწერათ რუსეთის პატრიარქებს საზეიმო მოსასხამზე

წყარო: ჟურნალი გზა