2018 წლის 13 აპრილს, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს საკუთარი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრეს.
თბილისში, ბარნოვის ქუჩის 77 ნომერში, საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ და ცხედარი აღმოაჩინეს.
1993 წელს დაბადებულ ქალს ყელის არეში ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.
„პირველი მე შევედი. ბავშვები ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ, ისინი მეზობელმა გაიყვანა გვერდზე სახლში.
მე რომ შევედი, ძირს გოგონა ეგდო, სისხლიანი, უკვე მკვდარი იყო.
იმ წამსვე დავრეკეთ 112-ში, მაგრამ ისინი ვერაფერს უშველიდნენ“,- ამბობდა თვითმხილველი ეკა მაისურაძე.
თვითმხილველის თქმით, მკვლელი ფანჯრიდან გადაძვრა და მიიმალა. მეზობლები ბინაში ბავშვების ყვირილის გამო მივიდნენ. კარი მცირეწლოვნებმა გაუღეს, თუმცა შიგნით შესულებს მკვლელი ადგილზე აღარ დახვდათ.
თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ დამნაშავე ფანჯრიდან გადახტა და ადგილი სახლის უკანა ეზოდან დატოვა.
25 წლის თამარ გამრეკელაშვილს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, მამინაცვალმა - ვეფხვია ბაქრაძემ მიაყენა.
მისი ვინაობის შესახებ ბავშვებისგან გახდა ცნობილი. მეზობლები იხსენებენ, რომ ბავშვები ყვიროდნენ სახელს „ვეფხვია“.
„ორ ბავშვთან ერთად იმყოფებოდა სახლში. ბავშვები ყვიროდნენ „ვეფხვია-ო“.
ამბობდნენ, რომ ვეფხვია მოკლულის დედის ყოფილი ქმარია, რომელიც ქალს ემუქრებოდა შვილის მოკვლით.
„რომ შევედით, ზურგიდან დავინახე, ფანჯრიდან გადახტა და უკანა ეზოდან გავიდა“, - აცხადებდა თვითმხილველი.
ეჭვმიტანილი 46 წლის ვეფხვია ბაქრაძე მოკლულის ყოფილი მამინაცვალია. მას და მსხვერპლის დედას, ნათელა გობაძეს, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.
ვეფხვია ბაქრაძე სასჯელს ნათელა გაბოძეზე ძალადობის გამო იხდიდა, თუმცა ციხიდან მალევე გამოვიდა.
ახლობლები ჰყვებოდნენ, რომ მამაკაცი ყოფილ მეუღლეს შვილის მოკვლით ემუქრებოდა.
ნათელა გობაძემ სამართალდამცველებს მიმართა და ვეფხვია ბაქრაძე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა.
პოლიციელებმა ვეფხვია ბაქრაძეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და ყოფილ მეუღლესთან კონტაქტი აუკრძალეს.
მკვლელობამდე დაახლოებით საათ-ნახევრით ადრე გამოწერილი შემაკავებელი ორდერი
ოქმის გამოწერიდან დაახლოებით საათ-ნახევარაში დამნაშავე მეუღლის საცხოვრებელ ბინაში მივიდა, რომელიც მას და მეორე შვილს, თათია გამრეკელაშვილს, ჰქონდათ ნაქირავები.
სახლში კი მხოლოდ დედასთან სტუმრად მყოფი თამუნა გამრეკელაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად დახვდა.
შელაპარაკებისა და დაპირისპირების შემდეგ მკვლელმა მას სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
„ერთხელ ისე გაამწარა ჩემი შვილი, კიდევ კარგი, მაშინ მიასწრეს და სიკვდილს გადარჩა. მერე გამოვიდა ციხიდან და რა გააკეთა? სამი წლის და ექვსი წლის ბავშვებს დედის სიკვდილი აყურებინა. არ ვაპატიებთ, მაგას რა უნდა გარეთ!”- ამბობდა თამარ გამრეკელაშვილის ბებია, მერი გობაძე.
„დაურეკა ნათიას შერიგებაზე და დაემუქრა შვილების დახოცვით. ფიზიკურ ძალადობაზე რომ გადავიდა, დაშორდა. მერე ისევ სთხოვდა შერიგებას, მიყვარხარ და შემირიგდი-ო. ნათიასთან ჩავიდა ბათუმში, სამსახურში ყვავილებით მივიდა - შემირიგდი-ო.
გამოიყვანა და ზღვაზე გასვლას სთხოვდა. უნდოდა, რომ დაეხრჩო. რომ არ გაჰყვა, რესტორნის გვერდით, ქვით გაუჩეჩქვა თავი. მაშინ გადაარჩინეს, ძლივს მიუსწრეს. ახლა კიდევ, შვილი მოუკლა“- იხსენებდა ოჯახის ნათესავი, ლია იმერლიშვილი.
სავარაუდო, მკვლელი ვეფხვია ბაქრაძე დაცვის პოლიციაში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.
ის ორჯერ არის ნასამართლევი. პირველი აპრილის შემდეგ სოლოლაკში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს და იქიდან სისხლიანი ტანსაცმელი ამოიღეს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელი, სავარაუდოდ, ბინაში მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ვეფხვია ბაქრაძე მკვლელობიდან 24 საათის შემდეგ, თელეთში დააკავეს. ამოღებულია მკვლელობის იარაღი - დანა.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵გოგონას ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე დიდი ლოდი ედო - გაუხმაურებელი ამბავი