Digest Logo

„მე ხომ ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე...“ - 184 წლის წინ ილია ჭავჭავაძე დაიბადა

1636355766
ილია ჭავჭავაძე

კახეთი, თელავის მაზრა, ყვარელი.... 1837 წლის გიორგობისთვე... შუაღამისას სოფელში თოფი გავარდა... ყვარელს ლეკები შემოესივნენ... ძლივს მოასწრეს მშობიარე ქალის საგვარეულო ციხე-კოშკში შეხიზვნა. გათენებამდე გაგრძელდა ლეკებთან ბრძოლა... ცისკრის ჟამს  ციხე-კოშკში ვაჟი დაიბადა... ახალშობილს ილია დაარქვეს... 

სწორედ ილიამ შეცვალა ქვეყნის ისტორია და დაიწყო ახალი ეპოქა.

მისი ორიგინალური ლექსები, თარგმანები, პუბლიცისტური წერილები ჟურნალ „ცისკარში“ იბეჭდებოდა...

პერიოდული გამოცემის მკითხველთა შორის, სხვებთან ერთად, იყო ვინმე ოლღა გურამიშვილი...

1863 წლის 10 აპრილი, თბილისში, სამების ეკლესიაში, მცირერციხვოვან მოწმეთა თანდასწრებით, ახალგაზრდა პუბლიცისტმა და მისმა მკითხველმა საიდუმლოდ ჯვარი დაიწერეს.

პირველი ინიციატივა ოლღა გურამიშვილმა გამოიჩინა და თავისი მეგობრის ნინო ორბელიანის (ყაფლანაშვილის) ხელით ილიას წერილი გაუგზავნა, რაზედაც შემდეგი პასუხი მიიღო:

„მითხარით, – სად შევხვდეთ. დროის გამო ნუ სწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაცნობეთ. ი. ჭ.“ – ეს არის პირველი ბარათი ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს ოლღასათვის გაგზავნილი იმ 240-მდე წერილიდან, რომლებიც გამხმარ მინდვრის ყვავილებთან ერთად სათუთად შემოუნახავს ადრესატს.

ილია ჭავჭავაძის მეგობარი ივანე პოლტორაცკი იგონებდა:

„უკიდურესად გადარეული იყო ჩვენი ილია უმცროსი დის ოლღას მშვენებით, მაგრამ მაშინ ძლიერ ხელმოკლე თავადი ჭავჭავაძე და მასთან მწერალი და ლიბერალი სასურველ სიძედ ვერ ჩაითვლებოდა და თავის ტრფიალს მალავდა. ამის გამო ორ ახალგაზრდა მიჯნურთა შუა ჩუმი მიწერ-მოწერა იყო შუამავალი… მე მოწამე ვარ იმათი იდეალური სიყვარულის და რომანტიულის გატაცებისა… თაყვანება და ერთგულება თავის გენიალური ქმრისა ოლღას სიკვდილამდე არ შეუცვლია.“

და მართლაც მათ ჰქონდათ სიყვარული, რაზედაც შოთა წერდა: „სიყვარული აგვამაღლებს, თვით ეჟვანნიც ამას სწერენ...“

„შენ ძალზე ძვირფასი ხარ ჩემთვის, ჩემო ანგელოსო, უფრო მეტად ძვირფასი, ვიდრე შეგიძლია ივარაუდო“, „მე ხომ ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე“ – წერდა ილია მიჯნურს მას შემდეგ, როცა ბოლომდე შეიცნო მომავალი მეუღლის პიროვნული თვისებები...

„ჩემო გვრიტო ოლიკოჯან!

გაიხსენე, ჩემო ანგელოზო, რას გწერდი ჩემს სიღარიბეზე, ჩემს უჩინობაზე და ასე შემდეგ…

მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორცა გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისთვის სახსრები, ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ, მაგრამ მე ვცდილობდი, უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ.

იცი რატომ? იმიტომ, რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ყოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ არა როგორც ოქროებით გატენილ ზანდუკს ან ჯვრებითა და ვარსკვლავებით მორთულს აბრას, არამედ, როგორც ღვთის მიერ შექმნილს არსებას, რომელშიც უპირველესად ყოვლისა მისი სული უნდა მზიანობდეს.

დიახ, ოლიკოჯან, შენ ისე კარგი იყავი, რომ დამარწმუნე კიდეც იმაში, რაშიც ადრე მინდოდა დარწმუნება, ამით ისე მიმაჯაჭვე, რომ ვერავითარი ძალა ვეღარ დამაშორებს შენგან, რა თქმა უნდა, შენ თვითონვე თუ არ მოისურვე…

მე შენი ვარ ყოველგვარ ფათერაკში, უბედურებაში, სიღატაკეში, მანამდე, სანამ შენ მე თავისად მიგულებ.

შენი სამუდამოდ ილიკო, გაკოცებ მრავალჯერ!“ - ილიას წერილი ოლღა გურამიშვილს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵დიდი სიყვარული, „სკრიპკის“ გამო და ბულინგი, 2-ღმერთიანობა, ტანჯვა და აუხდენელი ოცნებები - გია ყანჩელის პორტრეტი

🔵პატიმრობა 17 წლის ასაკში, შვილის სუიციდი, კოლონიის დამლაგებლობაზე უარის თქმა და „ურჩი პატიმარი“ - „ერის სინდისის“ - მერაბ კოსტავას პორტრეტი

🔵44 წლის ასაკში ნაპოვნი სიყვარული, უბადლო მამა, ხიდან ჩამოვარდნა და სოლს შეწირული სიცოცხლე - გონაშვილის პორტრეტი

🔵2 ქორწინება, 14 წლით უმცროსი მეუღლე და კონსერვატორიიდან „გაგდებული“ - ვაჟა აზარაშვილის პორტრეტი

🔵შაჰის ცოლის ამბორი და გზა ახვლედიანების სიძეობამდე - დოდო აბაშიძის უცნობი ისტორიები