მსახიობი და კინორეჟისორი გიორგი გურგულია, თავისი სახასიათო როლებიდან გამომდინარე, უმეტესობაში განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. მიაჩნია, რომ სამსახიობო კარიერის გზაზე, რთული პერიოდი შეხვდა და ამის გამო, თავისი შესაძლებლოებებისა და ნიჭის ბოლომდე რეალიზება ვერ მოახდინა.
დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ, ის ჟურნალისტებთან პირად თემებზე გულღიად საუბრობს.
კაცთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია
„ციხეები გადავსებულია მამაკაცებით, რომლებიც ოჯახური კონფლიქტების გამო სხედან. ყველგან ყველას იცავენ: ქალებს, ბავშვებს, ცხოველებს, ტყეებს და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ, არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მამაკაცების უფლებებს დაიცავს. ის, რაც ევროპიდან გადმოიღეს – მაშინვე პოლიციაში დარეკეთ ოჯახური კონფლიქტის დროსო. დიდი შანსია, რომ ასე ბევრი ქართული ოჯახი დაინგრეს. იქ მითითებაა, რომ პირდაპირ მამაკაცი გაამტყუნონ. მართალიც რომ იყოს, ასე მოიქეცითო. თითქოს ევროპის წინაშე გეგმა აქვთ შესასრულებელი. არ არსებობს ოჯახი, რომელშიც კონფლიქტი არ ხდება. ყველას ციხეში გამოკეტვა, მგონი, არასწორია“.
ინტერვიუს ნაწყვეტი:
– მეუღლემ ფიზიკური ძალადობა დაგდოთ ბრალად?
– ოდესღაც, ხუთი წლის წინ ბავშვის თანდასწრებით ხელით შემეხოო. სასამართლოდან იმიტომ გამომიშვეს, რომ ორი გამოძახება იყო და არცერთი ფიზიკური ძალადობა. ადრეც ჰყავდა პოლიცია გამოძახებული. ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო.
– მაშინ უკვე დაშორებულები იყავით?
– დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. მაგრამ მივდიოდი და როცა შვილი მთხოვდა, ვრჩებოდი. ამ კონფლიქტამდე სამი დღე ჩემთან ცხოვრობდნენ. გაშორებულები კი ვართ, მაგრამ ადამიანი რომ მოვა, სახლიდან ხომ არ გააგდებ?! ახლა ძალიან ნანობს, მაგრამ ვიღაცები აღიზიანებენ, რატომ თქვი ასეო. განცხადება დაწერილი აქვს, არ მინდოდა, ჩემი მეუღლე დაეკავებინათ, უბრალოდ, მინდოდა, პოლიცია ჩარეულიყო. მინდა, რომ კონფლიქტი მეგობრულად მოვაგვაროთ, ჩემს შვილს მამა ძალიან უყვარსო. საჩივრის გამოტანაც უნდოდა, მაგრამ თუ გამოიტან, მაშინ შენ დაგიჭერთო და ამ მიდგომის გამო ბევრი არასწორი რამ ხდება.
– არაერთხელ იყავით დაქორწინებული, ამჯერადაც დაგენგრათ ოჯახი, რა არის ხოლმე მიზეზი?
– ჩემი ცხოვრების სტილი. ყველა ცოლმა უნდა იცოდეს, რომ ხელოვანი ადამიანი ცხრიდან ექვსამდე არ მუშაობს და მერე სახლში არ ჯდება. არ ვარ სტანდარტული მეუღლე, მუდმივად მეგობრებთან ერთად ვარ. პროფესიის გამო შეიძლება, ქვეყნიდანაც ხშირად გავიდე. სანამ ცოლად გამომყვებიან, მანამდეც ხომ შეუძლიათ თქვან, რომ ეს არ მოსწონთ, ყველა ცდილობს, მერე გადამაკეთოს, რაც არ ხდება.
სანამ შვილი გვეყოლება, ჩემთან ერთად დადიან მეგობრებთან, მერე მათი ცხოვრება იცვლება, სახლში უწევთ ჯდომა და ჰგონიათ, რომ მე სულ დროსტარებაში ვარ, არადა მეგობართან ერთად შეიძლება, ჭადრაკს ვთამაშობდე. ანუ, მე უარი უნდა ვთქვა იმაზე, რაც მიყვარს. დაახლოებით, ათი წელია, უმუშევარი ვარ და მეგობრები მინახავენ, ფოკუსებით ვცხოვრობ. ცოლს რომ შვილისთვის რაღაცის ყიდვა უნდა, მერე უკვე კონფლიქტი იწყება. ისიც არ უნდოდა, რომ ჩემს შვილს, რომელიც წინა ქორწინებიდან მყავს, ჩვენთან ეცხოვრა, დედამისთან იყოსო.
– ცხოვრებაში რა არ გამოგიცდიათ და ვისთან არ დაგილაგებიათ ურთიერთობა. ქალებთან რატომ არ გამოდის?
– მე ვთვლი, რომ გამომდის. ყველასთან, ვისთანაც ოჯახი მქონდა, დღეს მეგობრული ურთიერთობა მაქვს, შვილებს ვზრდით. ყურადღებიანი მამა ვარ, ყველაზე მეტად შვილები მიყვარს. მათ გამო ბევრ რამეს ვითმენ. კაცებიც ხომ ბევრს ითმენენ, მაგალითად, მუდმივ ჩხუბს.
- თქვენი უფროსი შვილი, ნარკოტიკების გამო ციხეში მოხვდა.
– ის ჩემ გამო მოხვდა ციხეში და ნარკოტიკი მხოლოდ საბაბი იყო. წინა ხელისუფლების დროს, მათთვის მიუღებელ სტატიებს ვწერდი. „სოდიან“ „კუდიანად“ გადამეკიდნენ და ის გაზეთიც დახურეს, სადაც ჩემი მასალა დაიბეჭდა. თბილისში ბევრი ნაცნობ–მეგობარი მყავს. გამაფრთხილეს, დაჭერას გიპირებენ და დატოვე სახლიო. ამის მერე, მეორე მასალაც დავბეჭდე და ჩემს ოჯახზე დაიწყეს ზეწოლა. თუ რამე ქონება გამაჩნდა, წამართვეს, გამიყიდეს, ვალებში გამჭედეს. ჩემი შვილი, ლუკა, დაიჭირეს. ჩადებული ორი აბი „სუბოტექსი“ უპოვეს ჯიბეში. აწვებოდნენ, ეს აბები შენია. ესა და ეს უნდა ჩაუშვა, თუ გინდა, ციხეში არ მოხვდე, დაადე ხელიო. არ ჩაუშვა და ამის გამო 12 წელი მიუსაჯეს. ამით დამსაჯეს და იძიეს ჩემზე შური. იჯდა გარკვეული წლები და მერე, მთავრობა რომ შეიცვალა, გამოვიდა.
– გიორგი, საკმაოდ ბევრი კრიზისული სიტუაცია გადაიტანეთ და დაძლიეთ პრობლემები. მაინც, რამდენჯერ დაიწყეთ ცხოვრება ახლიდან?
– ნებისმიერი ხუთწლედი და ათწლეული, ახალი ცხოვრების დაწყებაა. ადამიანის მსოფლმხედველობა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ იცვლება. თუ ასე ვიმსჯელებთ, 52 წლის ვხდები და ოთხჯერ დავიწყე ცხოვრება თავიდან. ოთხჯერ დავოჯახდი, ოთხ ცოლს გავუძელი, ოთხი შვილი მყავს და სამი შვილიშვილი.
ხიფათი
ალბათ, არ არსებობს სიკვდილის ფორმა, რომელიც არ გამომიცდია. რამდენჯერმე ავარიაში ვარ გადარჩენილი, დანით, იარაღით დაჭრილი. 15 წლის ვიყავი, პირველად რომ დამჭრეს, დანამ გულის პლევრა გაჭრა, მაგრამ ისე მოხდა, რომ გული შეიკუმშა და დანა გულში არ მომხვდა.
ისე, რაც გიწერია, ალბათ, ეგ არის ცხოვრება. სახლში გაზი ამიფეთქდა. რომ შევედი, ხმა გავიგე, რაღაც შიშინებს, მივედი გაზთან და სანთებელა ავანთე გასასინჯად, ალი კედელს აჰყვა, ფანჯრები დაიმსხვრა, აფეთქდა, თმა, წარბი, წამწამი, ყველაფერი დამეწვა.
15 მეტრიდან გადმოვვარდი, თავით დავეხეთქე. აფრიკაში კი, ოკეანეში ვიხრჩობოდი – 15-მეტრიან ტალღებში შევვარდი, სადაც ზვიგენებია და ვეღარ გამოვდიოდი. ყველანაირი სიკვდილისთვის ჩამიხედავს თვალებში.
ნარკოტიკები
ომებიც, გაჭირვებაც, ნარკოტიკებიც და ციხეც, ჩემს თაობას შეეხო ყველაზე მტკივნეულად. ჰიპური პერიოდი იყო. დედამიწაზე ყველაზე საინტერესო პერიოდში მომიწია ახალგაზრდობის გავლა. სწორედ, ამ ეპოქაში შემოვიდა საქართველოში ნარკოტიკები. ის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა – ახალი ხილი, რომელიც ჩვენი მამებისთვის წარმოუდგენელი გახლდათ და ადვილად ხელმისაწვდომი იყო. არც უშიშროება გიჭერდა და არც სამართალდამცველები დაგდევდნენ მარიხუანის მოწევის გამო. თუ მარიხუანას გიპოვიდნენ, წამოგარტყამდნენ და გეტყოდნენ, რატომ იშტერებ თავსო. ანდა მშობელს დაუძახებდნენ და გააფრთხილებდნენ, სისულეეებს ეწევა და მიაქციეთ ყურადღებაო.
მეც დავიწყე მოწევა. უბრალოდ, ნარკოტიკმა ფსიქიკურად ვერ დამანგრია. ბავშვობიდან მშობლები სხვანაირად მზრდიდნენ და ამ ოჯახურმა გავლენამ დიდი როლი ითამაშა. სულ ვმარხულობდი, დავდიოდი სპორტზე, ხელოვნებასთან ვიყავი ახლოს და ამან მიშველა. მე თუ მკითხავთ, ნარკომანია ჩვეულებრივი ავადმყოფობაა, რომელიც უნდა იკურნებოდეს საავადმყოფოში და არა ციხეში.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ერთად ბევრი მარცხი და წარმატება გამოვიარეთ“ - თემო ნიქაბაძისა და გივი პაპას უცნობი ამბები