Digest Logo

პოეტი, მომღერალი და არაჩვეულებრივი თამადა - ინოლა გურგულიას უცნობი ისტორიები

1610390451
ინოლა გურგულია

„მომიტევებდე ცოდვასა ჩემსა, მხევალსა შენსა, ინოლა ამინ“.... სიმღერის „მადლობელი ვარ“ მოსმენის შემდეგ შეუძლებელია არ შეიცვალო... დიახ, შეუძლებელია, სულის სიმებს არ შეეხოს...

ამ სიმღერის ავტორი და შემსრულებელი ინოლა გურგულიაა...

ბიოგრაფია

1929 წლის 25 ივლისს თბილისში დაიბადა ქართველი კომპოზიტორი, პოეტი და მომღერალი ინოლა გურგულია.

ინოლა ქართველი ერის ბულბულია... მისი შექმნილი კომპოზიციები ღირებულ კატეგორიებზე ქადაგებს და ადამიანს აკეთილშობილებს...

ბავშვობა თბილისის ძველ უბანში გაატარა, ხოლო ყოველ ზაფხულს სოხუმში და ზუგდიდის რაიონის სოფელ ოშაჩონას სტუმრობდა... იქ სწორედ ძიძამ ასწავლა გიტარაზე, დაკვრა...

სკოლის დამთავრების შემდეგ ინოლა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაირიცხა, სწორედ აქ ჩამოაყალიბა პირველი ქალთა ვოკალურ-საკრავიერი ტრიო „სამაია“ გიული დარახველიძესა და მედეა სიხარულიძესთან ერთად.

ტრიო ძირითადად ინოლას დაწერილ სიმღერებს ასრულებდა.

ინოლა გურგულიას სიმღერებს სრულიად განსხვავებული შესრულების მანერა ჰქონდა, რომელშიც ერთდროულად იგრძნობოდა ქართული ფოლკის, რომანსის, სვინგის ინტონაციები და ქალაქური სიმღერების სტილი.

სამწუხაროდ ინოლას სიცოცხლის მანძილზე ვერ მოხერხდა ვერცერთი ოფიციალური გრამფირფიტის ჩაწერა.


ინოლას სიმღერა „ქარი კვლავ არხევს“ ჟღერს კინოფილმში „დღე უკანასკნელი დღე პირველი“...

ინოლა შესანიშნავ საბავშვო სიმღერებს წერდა, რომელსაც თავის შვილს დათო შუღლიაშვილს უძღვნიდა.

სიმღერების წერის პროცესი

საგანგებოდ არასდროს წერდა. შეიძლებოდა, ქუჩიდან „გამოჰყოლოდა“ რაღაც მელოდია და შინ შემოსვლისთანავე როიალზე აეწყო ან სამზარეულოში, კერძის კეთება მიეტოვებინა, როიალს მისჯდომოდა, ჩვენთვისაც მოეხმო სამღერად და ასე შეექმნა მელოდიაცა და ტექსტიც...

მუზაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ჰყავდა. პირველ მეუღლესთან, ანზორ სალუქვაძესთან ცხოვრებისას დაწერილი სიმღერები სწორედ ანზორს ეძღვნებოდა.

საბავშვო სიმღერები, რა თქმა უნდა, შვილების გავლენით დაიწერა. მაგალითად, დათოს დაბადებას საგანგებოდ მიუძღვნა "ნანა" - „პატარა ბიჭო, გენაცვალოს დედა...“

მისი სიმღერების უმეტესობას სევდა დაჰყვება, თუმცა ცხოვრებაში საკმაოდ ხალისიანი იყო.

გარდაცვალება

ინოლა გურგულია მძიმე სენით დაავადებული 1977 წლის 9 აპრილს გარდაიცვალა...

საბედნიეროდ სიკვდილს წინ მის სახლში ე.წ. „ბაბინებიან“ მაგნიტოფონზე თავისი სიმღერები ჩაიწერეს....

ინოლა გურგულია თბილისში საბურთალოს პანთეონშია დაკრძალული.

მოგონება

10 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა, მაგრამ ბევრი რამ მახსოვს.

ხალისიანი იყო, „ხულიგანიც“ კი:

გადმოცემით ვიცი, რომ სკოლაში ხშირად ჩოხითა და ფაფახით დადიოდა...

შეეძლო, ქუჩაში უცებ ხელი გაეშალა და ეცეკვა ან სამარშრუტო ტაქსიში ეთხოვა ჩემთვის და დათოსთვის, ვიმღეროთო.

არაჩვეულებრივად თამადობდა, თურმე.

დედის გარდაცვალების შემდეგ „ინოლას სამყარო“ ჩემთვის მამუკა იყო, განსაკუთრებულად პოეტური ჩემი უფროსი ძმა დედის პირველი ქორწინებიდან.

სიმართლე გითხრა, დედის გარდაცვალება ისე მძიმედ ვერ აღვიქვი, რადგან პატარა ვიყავი, როგორც მოგვიანებით - მამუკას დაკარგვა. მამუკა ძმაც იყო და მეგობარიც, რომელიც სულიერ საზრდოს მაწვდიდა. ის რომ გარდაიცვალა, მეგონა, მეორედ მომიკვდა ინოლა...

დათოს თითქოს, ინოლას სიკეთე აქვს მოჭარბებულად, მე უფრო მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, - ვერ გეტყვი, ეს პოზაა, კომპლექსი თუ რა. არადა, სინამდვილეში, მეც საკმაოდ ვგავარ ინოლას... თუნდაც, ბედისწერით.

ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი დამთხვევაა:

მეც დამენგრა პირველი ოჯახი და მასაც: დედა პირველად 21 წლისა გათხოვდა და მეც;

38 წლისამ გამაჩინა მეორე მეუღლისგან, მეც უმცროსი ვაჟი - ანდრია ამ ასაკში გავაჩინე მეორე მეუღლისგან...

დედის გარდაცვალებამ დაღი დამასვა - სწორედ ამან გამოიწვია ჩემი კომპლექსები. ინოლას სილაღე მომაკლდა. ძალიან თბილი და მოსიყვარულე მამა მყავდა, მაგრამ კონსერვატორიც იყო.

ცეკვა-სიმღერისთვის ჩვენი მოცდენა დროის კარგვად მიაჩნდა. ჩემგან მეტ სერიოზულობასა და გულმოდგინე სწავლას ითხოვდა, ამიტომაც დავკომპლექსდი და მამასთან არც ვმღეროდი. მეგონა, ჩემი სიმღერა არ მოეწონებოდა.

პირველად, 15-16 წლის ვიყავი, მეზობლის დაბადების დღეზე შემთხვევით შემოსწრებულმა რომ მომისმინა და გაოცდა“,- იხსენებს ინოლას ქალიშვილი ია შუღლიაშვილი.



აგრეთვე წაიკითხეთ:

შვილის ცხედარი მამისეული სახლის აივანზე აღმოაჩინეს - ცნობილი რეჟისორის ტრაგიკული ისტორია

დანგრეული ოჯახი, ორი ქორწინება, გარდაცვლილი შვილი - მარინე თბილელის უცნობი ისტორიები