ეჭვიანობის ნიადაგზე, პარტნიორი ნანას იმ ზომამდე დაუპირისპირდა, რომ მისი დახრჩობა სცადა. ნანამ მობილიზაცია გაუკეთა ფიზიკურ ძალებს და მოძალადის გაუვნებელყოფა მხოლოდ სამზარეულოს დანით დაჭრის გზით მოახერხა. ნანა პარტნიორის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობაშია ბრალდებული.
ამის შესახებ ინფორმაციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“ ავრცელებს.
ნანა გოგალაძე: ეს ადამიანი ავადმყოფურად ეჭვიანი იყო. ეჭვიანობის ნიადაგზე, ისე, რომ თავადაც არ ვიცოდი, დამიბლოკა ყველა კონტაქტი ტელეფონში, სოციალური ქსელებიდან ამომიშალა ბავშვობის მეგობრები, ჩემ პირველ მეუღლეზე, ბავშვების მამაზეც საშინლად ეჭვიანობდა. ამის გამო, მთელი სკანდალები გვქონდა. ფსიქოლოგიურად დამამუშავა მთელი მასთან ურთიერთობის მანძილზე, რომ მართლა დავიწყე იმის დაჯერება, რომ მის გარეშე ცხოვრებაში სულ დავიკარგებოდი.
ახალი წლის იმ ავბედით დილას, ბავშვები მამას ტელეფონით ესაუბრებოდნენ. საუბრის წუთების დათვლა დაიწყო, ამდენი ხანი რატომ ელაპარაკებოდით ამ კაცსო. მე ვუპასუხე, ამ ადამიანთან ურთიერთობა რომ მდომოდა, შენთან, ორი ბავშვით თბილისში არ წამოვიდოდი-მეთქი.
მოკლედ, იმ ღამეს საშინელი აგრესია ვეღარ გააკონტროლა, ფიზიკურად დამიპირისპირდა იმ დონემდე, რომ ლამის საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო.
დედაჩემიც სწორედ ასე მოკლეს, მძარცველებმა დაახრჩვეს.
წარმოიდგინეთ, რა საშინელი შეგრძნებაა, როდესაც ადამიანი, რომელსაც ცხოვრება დაუკავშირე, სიცოცხლეს დახრჩობით გასრულებინებს. იმ წამს, დედას ამბავმაც გამიელვა თვალწინ, და ამან ჩემი სასოწარკვეთილება კიდევ უფრო გაამძაფრა. ისიც კი ვიფიქრე, რა ენით აუწერელი საშინელება ელოდათ ამ ამბის შემსწრე ჩემ შვილებს – ეს ყველაფერი ხომ თავად მაქვს გამოვლილი…
როდესაც ამ ყველაფერმა წამიერად თვალწინ გამირბინა, მივხვდი, რომ თავდასაცავად უკანასკნელი ძალები უნდა მომეკრიბა – სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. ასეც მოხდა, მოგერიების მიზნით, ეს ადამიანი სამზარეულოს დანით დავჭერი. მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ მანამდე გამოძახებული პატრული 45 წუთის დაგვიანებით მოვიდა. პოლიცია დროულად რომ მოსულიყო, ალბათ ეს ინციდენტიც არ მოხდებოდა და თავს მოსაკლავადაც ვეღარ დამესხმებოდა.
დაგვიანებით მოსულმა პატრულმა ჩემი დამშვიდება სცადა და მითხრა, რომ სანერვიულო არაფერი მქონდა. უბრალოდ თავს იცავდი, ადვოკატი არაფერში გჭირდებაო.
…და მართლა ასე მოხდა?
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ დამიბარეს და ბრალი წამიყენეს. სრულ გაუგებრობაში აღმოვჩნდი, იურიდიულად ბევრი არაფერი მესმოდა, რა ხდებოდა ჩემს თავს. პარალელურად, ჩემი დამშვიდება არ შეუწყვეტიათ, ნუ ღელავთ, დიდი-დიდი, პირობითი მოგცენ, რადგან აქამდე არანაირი კრიმინალური ქმედება არ ჩაგიდენიათო.
მიუხედავად ამ დამშვიდებებისა, მოგვიანებით კარგად მივხვდი, რომ განვითარებული მოვლენები მშვიდად ყოფნის საფუძველს ნაკლებად მაძლევდა.
საბედნიეროდ, ამ გასაჭირში მყოფს, მეგობარმა საფარისთვის მიმართვა მირჩია.
ამ ინციდენტის შემსწრე ბავშვები ახლა როგორ გრძნობენ თავს?
ბავშვები უსაშინლეს მდგომარეობაში იყვნენ. „საფარში“ მომართვის შემდეგ, ორგანიზაცია GCRT-ის ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან მუშაობამ მათი მდგომარეობა ოდნავ შეამსუბუქა, მაგრამ მათ გამო ახლაც ძალიან ვღელავ…
ვინ იყვნენ ისინი, ვინც გამშვიდებდათ და საქმის რეალურ სურათს გიმალავდათ?
ორი გამომძიებელი დაბეჯითებით მიმტკიცებდა, რომ „საშიში არაფერი იყო“ და „ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლიდა“, რადგან თავს ვიცავდი და სხვა არაფერი. სიტყვებით ყველაფერი ისე შეამსუბუქეს, რომ ერთი პერიოდი მართლა დავიჯერე, რომ ამ საქმეში ჩემთვის სანერვიულო არაფერი იყო.
და რა მოხდა სინამდვილეში?
უამრავ ქაღალდზე მომაწერინეს ხელი, მაგრამ ხელზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოუციათ. საქმეს მთლიანადაც კი არ ვიცნობდი. თურმე, ის მუხლი მქონდა წაყენებული, რომლის მიხედვითაც, ამ კაცის მოკვლა განზრახ მინდოდა, მაშინ, როცა აუცილებელი თავდაცვის მუხლი საერთოდ გამოირიცხა. ეს იყო საშინელი უსამართლობა! ასე ყოფილა ჩვენს სისტემაში – თუ დაინახეს, რომ ადამიანს კერძო ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ გააჩნია ან ნაკლებად იცის ქართული, თვალს არ დახუჭავენ, ისე აჩეჩებენ სრულიად არაადეკვატურ ბრალს. მხოლოდ იმაზე დარდობენ, თავიანთი საქმე წასწიონ წინ და „პაგონები“ მოიმატონ…
ჩემს შემთხვევაშიც ასე კოხტად გადააკვალიფიცირეს ყველაფერი… პროკურორი ჩემ მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და უხეშად მიღრენდა, ხომ გითხარი, მე რასაც გეტყვი, უნდა დამიჯერო, 5000-იან გირაოზე უნდა დათანხმებულიყავიო. მარწმუნებდა, დათანხმდი ამ გირაოზე და არანაირი პრობლემები არ შეგექმნებაო. მე ვუპასუხე, ნეტავ იცოდეთ, სად ვცხოვრობ, 5000 კი არა, 200 ლარის გადახდის საშუალებაც კი არ მაქვს-მეთქი. ეს რომ ავუხსენი პროკურორს, მუქარაზე და დედის გინებაზე გადავიდა, მე შენ გიჩვენებ სეირსო. წარმოგიდგენიათ? ადამიანი მტრად გადამეკიდა იმის გამო, რომ 5000-იანი გირაოს გადახდაზე უარი ვთქვი…
ამჟამად სად არის თქვენი პარტნიორი?
მართალი გითხრათ, არ ვიცი. რაც პატრულმა მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, მას შემდეგ ჩემ ირგვლივ არ გამოჩენილა. იმედია, მასთან ურთიერთობა საბოლოოდ დავასრულე.
„საფარს“ დიდი, დიდი წარმატებები მინდა, ვუსურვო. დიდი მადლობა, რომ ხართ! ჩემნაირი გაჭირვებული ადამიანი ძალიან ბევრია, ყველას ვინ გაწვდება, მაგრამ ყველას ვუსურვებ, ასე უმაღლესი ხარისხით დახმარებოდეთ, როგორც მე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ორსულობისას მუცელში წიხლს მირტყამდა და თმით მითრევდა, სუნთქვა გაქვს გახშირებულიო - უცნობი ამბავი
დოპინგები, მოსაწევი, კონტაქტი გეისთან და ე.წ. კანონიერ ქურთდან - თეონა კონტრიძის სკანდალები