მ. პ.-ზე ქმარი პერმანენტულად ძალადობდა. პოლიციას რამდენჯერაც მიმართა, ქმრის მუქარის ქვეშ იმდენჯერ იმის უარყოფა მოუხდა, რომ მისგან იყო ნაცემი. საბოლოოდ, მოძალადემ შესანიშნავ გამოსავალს მიაგნო – ყველა მისი ძალადობრივი ქმედება დაუსჯელი რჩებოდა, რადგან, მ. პ.-ს, მისი მუქარის ქვეშ მიცემული ცრუ ჩვენებების გამო, იქით ელოდა სამართლებრივი სასჯელი.
ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“ ავრცელებს.
მ. პ.: ერთ დღესაც, სახლში რომ მივედი, ჩემმა ქმარმა უცაბედად კარი გადაკეტა, ფანჯრები მიხურა, ტელევიზორს ხმა აუწია და ჩემს ცემას შეუდგა. აზრზეც ვერ მოვედი, ნამდვილი შოკი იყო. მეუბნებოდა, ხმა არ ამოიღო, უნდა მოგკლა, სახლიდან ცოცხალი ვერ გახვალო. ამას გარდა, ფულს მთხოვდა, 2000 ლარი უნდა გადამიხადოო.
ისე მოხდა, რომ სახლიდან გამოქცევა მოვახერხე. გავრბოდი, ის კი უკან მომდევდა. მეგობრის ოჯახში შევაფარე თავი, შემდეგ საავადმყოფოში გადამიყვანეს, თუმცა არც ამ დროს შემეშვა: ტელეფონზე დამირეკა და იმუქრებოდა, რომ თუ გაბედავ და იტყვი, რომ ეს ყველაფერი მე ჩავიდინე, შენ გაგამწარებ, შენს შვილს კი მოვკლავო. მამაჩემი ავადმყოფია და მასაც გადასწვდა – მის მოკვლასაც დამპირდა.
ამ ზეწოლის ფონზე, სხვა არაფერი დამრჩენოდა, თუ არა ის, რომ პოლიციაში ამ ინციდენტის შესახებ არაფერი მეთქვა.
ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ორსულად ვიყავი, თუმცა მისთვის ამას ხელი არ შეუშლია. სამსახურისთვისაც დამანებებინა თავი, ყველანაირი შეზღუდვა დამიწესა. ნათესავებთან ურთიერთობაც კი ამიკრძალა. საკუთარ შვილთან ურთიერთობასაც კი მიშლიდა, რომელიც პირველი ქორწინებიდან მყავს. ყველაზე მწვავე კონფლიქტი მაშინ მოხდა, როდესაც მითხრა, შვილთან არ წახვიდე, არაფერი გაუკეთო, საერთოდ არ მიეკაროო. მისი დაჟინებით, 17 წლის შვილთან ურთიერთობა სამუდამოდ უნდა გამეწყვიტა. მუდმივად იმეორებდა, ფული მაქვს, პოლიციაში მივალ და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ, ვერავინ შემეხება, პასუხს ვერავინ მომთხოვს, სუფთა ვარ, კრიმინალური წარსულიც არ მაქვსო.
რეალურად ჰქონდა რამის/ვინმეს იმედი, თუ თქვენს დასაშინებლად იმუქრებოდა?
სამწუხაროდ, საქართველოში მართლა ყველა იყიდება… ამა წლის თებერვალში სახლიდან წამოვედი, რადგან მასთან ცხოვრება სრულიად გაუსაძლისი იყო. მორიგ ჯერზე მითრია თმით, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი შვილის შეჯიბრზე არ უნდოდა, წავსულიყავი.
დედამისმა და მისმა დამ ყველაფერი იცოდნენ. ვუთხარი, რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო, რომ ჩვეულებრივი მონა ვიყავი ამ სახლში.
მყავდა ადვოკატი მეგობარი. დავუკავშირდი, დახმარება ვთხოვე. თუმცა, როგორც ჩანს, მას ჩემი ქმარიც დაუკავშირდა და სავარაუდოდ, ფული გადაუხადა. ყოველ შემთხვევაში, სულ მალე, ჩემი ადვოკატი მის მეგობრებში აღმოჩნდა. შედეგად, ჩემზე ფიზიკური ძალადობის ინციდენტებზე საქმეც არ აღძრულა, საბუთებიც კი არ წარადგინა (ფოტოები მაქვს, რა მდგომარეობაშიც ვიყავი).
აფექტურად ძალადობდა თქვენზე თუ ამას თანმიმდევრული ხასიათი ჰქონდა?
თქვენვე განსაჯეთ, სოციალური ქსელებით სარგებლობაც კი დამიბლოკა, სრულ იზოლაციაში ვყავდი მოქცეული.
თქვენი ორსულობა როგორ მიმდინარეობდა ამ პირობებში?
თავს მეგობრის ოჯახში ვაფარებდი, ჩემი ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამასობაში, ბავშვიც დავკარგე… საშინელი სტრესის ფონზე, ეს ამბავი ჩემთვის კიდევ უფრო მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა. მუდმივად ვტიროდი, ცუდად ვიყავი, რაც ჩემი დედამთილისთვის იმის თქმის საფუძველი გახდა, რომ „ფსიქიკურად ჯანმრთელი არ ვიყავი“.
რა გამოსავალი გესახებოდათ შექმნილი მდგომარეობიდან?
ვერ წარმოიდგენთ, როგორ უიმედო მდგომარეობაში ვიყავი იმ მომენტში. ქმრისგან კი წამოვედი, მაგრამ ჩემმა ადვოკატმა ჩემს დასაცავად არაფერი მოიმოქმედა. პოლიციაშიც კი მივედი დახმარების სათხოვნელად, მაგრამ განყოფილების უფროსმა განმიცხადა, ჭკვიანად იყავი, ეგ საქმე შენს წინააღმდეგ არ შემოგიბრუნდეს და ციხეში წასვლამ არ მოგიწიოსო.
სწორედ ამ პერიოდში, შემთხვევით ნათესავმა დამირეკა, მომიკითხა. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. მან მაშინვე მითხრა, რომ ბაია პატარაიასთვის და მისი ორგანიზაციისთვის მიმემართა.
ამ მდგომარეობაში მყოფმა მივწერე ბაია პატარაიას. შაბათ-კვირის დასვენებები იყო, „საფარის“ ადვოკატის ელისო რუხაძის ნომერი მომცა.
ელისომ სასაუბროდ დამიბარა, მაგრამ ისეთ უკიდურეს სტრესში ვიყავი, რომ მასთან მისულს ლაპარაკის უნარი წართმეული მქონდა. განუწყვეტლივ ვტიროდი, ვერ ვუხსნიდი, რაში იყო საქმე.
პირველი, რაც ელისომ გააკეთა, ფსიქოლოგს დამაკავშირა, რომ ცოტათი მაინც გონს მოვსულიყავი. შემდეგ, ელისო პოლიციაში და ექსპერტიზებზე გამომყვა. დიდი ხნის მანძილზე, ელისოს ვურეკავდი და ჩემს პრობლემებზე ვესაუბრებოდი. საშინელი შიში მქონდა იმისა, რომ როგორც პოლიციაში მითხრეს, მე არ აღმოვჩენილიყავი ბრალდებული, რადგან მანამდე, ჩემი ქმრის ზეწოლით, როგორც გითხარით, ცრუ ჩვენება მქონდა მიცემული, რომ დაზიანებები კიბიდან დაგორების შედეგად მივიღე და არა – ჩემი ქმრისგან. ჩემი ეს ჩვენებები ძალიან არეულია, ჯერ ვამბობ, დამაყაჩაღეს და ამის გამო დავზიანდი-მეთქი, შემდეგ – კიბიდან დაგორების შესახებ ვსაუბრობ. ჩემმა ამჟამინდელმა გამომძიებელმა ისიც კი მითხრა, გამომძიებელი რომ ხარ და ადამიანი დღეში სამჯერ ცვლის ჩვენებას, ზეწოლის ნიშნები კი უნდა შეამჩნიო საქმეშიო. სახეზე ნაცემი ვიყავი, ყელში წაჭერის ნიშნები მქონდა, სხეული – დაზიანებული, და პოლიციელმა ჩამსვა მანქანაში ყოფილ ქმართან ერთად და ასე ერთად წავედით პოლიციაში. და ამ ფონზე, მე განვაცხადე, ჩემზე ძალადობა არ ყოფილა-მეთქი.
ანუ, სანამ ჩემს საქმეში „საფარი“ არ ჩაერია, პოლიციის მხრიდან ჩემ მიმართ მუდმივად იყო აგდებული საუბარი და უგულებელმყოფელი დამოკიდებულება. ჩემი ყოფილი ქმარი ფიზიკურად მაღალი არაა, და პოლიციაში მუდმივად იმას მიმეორებდნენ, კარგი ახლა, ეს როგორ მოგერია, არ გვჯერაო. ისე იყვნენ განწყობილნი, თითქოს მე ვიყავი მოძალადე და ჩემი ქმარი კი – მსხვერპლი.
გარდა ამისა, დიდი ზეწოლა იყო ჩემი დედამთილისგანაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური პრობლემები მქონდა და „შეშლილი ვიყავი“. აბა, როგორ შეიძლება ბავშვის დაკარგვის გამო ამდენი ნერვიულობაო? – უკვირდა.
რა მოხდა უშუალოდ „საფარის“ ჩარევის შემდეგ?
დღეს უკვე, ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ თუ ჩემ ირგვლივ ვინმე ქალს ან გოგოს შევამჩნევ, ვისზეც ძალადობენ, ყველას „საფარში“ მისვლას ვურჩევ. ელისომ მაქსიმალური გააკეთა, რისი გაკეთებაც ჩემს საქმესთან დაკავშირებით იყო შესაძლებელი, – ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზების მეთვალყურეობა, პოლიციაში დაუსრულებელი ვიზიტები, პროკურორთან მუშაობა და ა. შ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმედს მაძლევდა და მამშვიდებდა, რაც ჩემს მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის უდიდესი შვება იყო.
დღეს დაზარალებულად ვარ ცნობილი და ეს ყველაფერი ელისოს გაკეთებულია… ჩემთვის ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი „საფარმა“ ისე გამიკეთა, რომ ერთი თეთრი არ დამიხარჯავს…
ჩემმა ყოფილმა ქმარმა ერთის ნაცვლად ორი ადვოკატი აიყვანა, ჩემ მიმართ აგრესიული ვეღარაა, აღარ მემუქრება და პოლიციაშიც აღარ დადის ცილისმწამებლური განცხადებებით.
ჩემი დაზარალებულად ცნობის საკითხი ძალიან კი გაჭიანურდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მე – ნაცემი, ცხვირჩამტვრეული, ზედა ყბის ძვალგატეხილი, საშინლად დალურჯებული – კი აღარ ვარ ზეწოლის და იმის საფრთხის ქვეშ, რომ ისევ მე არ დამადანაშაულოს პოლიციამ, არამედ ვარ დაზარალებული. უკვე, პოლიციაში ხმის ტემბრიც კი შეცვლილი აქვთ, გამომძიებლით დაწყებული, უფროსით დამთავრებული. ელისომ მტკიცებულებების მოპოვებაზე იმდენი იშრომა, რომ ხანდახან ვფიქრობ, რომ გამომძიებლის საქმეც ნაწილობრივ მისი გაკეთებულია. როდესაც თავდაპირველად ვუთხარი, რომ არსებობს მოწმე, ვინც ამ მდგომარეობაში მნახა-მეთქი, არავინ ყურადღება არ მომაქცია მანამ, სანამ „საფარი“ არ ჩაერია. ველოდები, როდის წაუყენებენ ბრალს. იმედია, ყველა დანაშაულზე აგებს პასუხს.
ჩვენს ქვეყანაში „საფარის“ მუშაობა ძალიან საჭიროა. პოლიციაში მუდმივად გეკითხებიან, სახლში ვერ მოაგვარეთ პრობლემებიო?
როგორ უნდა მოაგვარო სახლში პრობლემა, როდესაც ადამიანი ორსულ ქალს მუცელში წიხლს გირტყამს და თმით გითრევს მხოლოდ იმის გამო, რომ სუნთქვა გაქვს გახშირებული? ერთხელ, ეკა ბესელიას კადრები გადიოდა ტელევიზიით და ვთქვი, არ მაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება-მეთქი, – ამის გამოც კი მცემა. ბოლოს უკვე ისე მქონდა ტვინი დაპროგრამებული, რომ მართლა ვფიქრობდი, ალბათ მე ვერ ვიქცევი სწორად და რაღაცას ისე არ ვაკეთებ, როგორც საჭიროა-მეთქი. შინამოსამსახურესავით ვყავდი, თმააკეცილი დავდიოდი, ფრჩხილის ლაქის წასმის უფლებაც კი არ მქონდა. დილით ადრე ავდგებოდი, სინით საჭმელს მივართმევდი და ცემა-ტყეპა მაინც გამოწერილი მქონდა. როდესაც ჩემს ამბავს იგებდნენ, ყველას უკვირდა, შენ, ასეთ მებრძოლ ადამიანს, ეს როგორ დაგემართაო. მთლიანად გამანადგურა ამ ადამიანმა.
ისეთი ტრავმები მაქვს მიღებული, რომ ალბათ სრული რეაბილიტაციისთვის დიდი დრო დამჭირდება, მაგრამ ახლა ისე მაინც ვარ, რომ სამსახურში სიარული შემიძლია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
დოპინგები, მოსაწევი, კონტაქტი გეისთან და ე.წ. კანონიერ ქურთდან - თეონა კონტრიძის სკანდალები