თეონა კონტრიძე გენიალური მომღერალია, ნამდვილი ბომბია სცენაზე, რომელიც შიგნიდან ყველა უჯრედს გიფეთქებს და თავისთან ერთად მიჰყავხარ ტრანსში...
მისი შემხედვარე, ძნელია, წარმოიდგინო, როგორ ამზადებს სუპებს ქმრისთვის და პატარა კონტეინერებით ატანს სამსახურში ან როგორ აყენებს მაწონს შვილებისთვის.
ჰოდა, დღეს მისი სკანდალური და ეპატაჟური ცხოვრების შესახებ გიამბობთ, რაზეც თეონა ხმამაღლა და დაუფარავად საუბრობს ჟურნალისტებთან.
რუსეთიდან საქართველოში
იანვარში, როდესაც ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვედი, ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრობა შემომთავაზეს. იმდენად დიდი იყო ჩემი საქართველოში მიმოსვლის სურვილი, რომ მარტივად დავთანხმდი.
არანაირი გათვლა იმაზე, რომ შოუს ასეთ მძაფრ ელემენტად შევდგებოდი, არ მქონდა. საქმის გარეშე, ასე ტუტუცურად მიდი-მოდი, არ შემიძლია და მომეცა შანსი, თბილისში ხშირად ჩამოსვლის, რომელიც კარგი ფონი იქნებოდა. პირველი მოტივაცია სწორედ ეს იყო.
არაორდინალურობა
ადამიანი შეიძლება იყოს გულწრფელი და იმეორებდეს იმ აზრებს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცი პროცენტი ეთანხმება – ეს არ გამოიწვევს იმ რეაქციას, რასაც მე. სხვა ქვეყანაში მოხდა ჩემი ჩამოყალიბება, თუმცა სტანდარტული აზროვნება არც მაშინ მქონია. ეს არ იწვევს ჩემში არც სიამაყეს, არც არანაირ ვიბრაციას. მაგრამ ფაქტი ასეთია – არაორდინარული ვარ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთში. ბავშვობიდან ვგრძნობდი ამას.
კომუნიკაბელურობა
ჩემს კონფლიქტურ ხასიათს პარალელურად ყოველთვის ერთვოდა კომუნიკაციის საოცარი ნიჭი. უზომოდ კომუნიკაბელური ვარ და თუ ეს მე მინდა, შემიძლია, კონტაქტი დავამყარო ყველასთან – გეიდან დაწყებული კანონიერი ქურდით დამთავრებული. მხოლოდ თუ ეს მე მსურს. თუ არ მსურს, რაც არ უნდა ხდებოდეს, ადამიანთან არანაირ კონტაქტში არ შევალ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება პროფესიონალურ მხარეს. მომღერლობის გარდა, ჩემი კოლექტივის მენეჯერი ვარ, რაც ითვალისწინებს მილიონ კომპრომისს. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, ვიცი, რომ ჩემს გარდა, კიდევ შვიდი ადამიანის ბედს ვწყვეტ, რომელიც ჩემს კოლექტივშია. ამის გამო, თავს ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევ.
„აგრესიას ვიწვევ“...
მაქვს რეალიზებულობის ხუთი ძირითადი და აუცილებელი კომპონენტი, ესენია: ქალი-დედა; ქალი-მეუღლე; ქალი-შვილი, ანუ იმ ოჯახის წევრი, სადაც დაიბადა; ქალი-მეგობარი და ქალი-პროფესიონალი. ამ ხუთივე მიმართულებაში შემდგარი ვარ. მე – ოთხმოცკილოიანი, მეტრი და ორმოცდაჩვიდმეტი ქალი.
ამიტომ, მე რომ ქალებში აგრესიას ვიწვევ – ეს არ მიკვირს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ქვის სროლაში ყველაზე მეტად კაცები არიან ჩართული. კაცი არ ეხმაურება ქალის დაჩაგვრას – ეს საშინელებაა.
მეუღლე
მომავალ მეუღლეს მაშინ შევხვდი, როდესაც დოპინგების მიღებას, მოსაწევს და მაიმუნობებს თავი დავანებე.
უბრალოდ, კლუბში შევხვდით ერთმანეთს. გავიარე და დავაბნელე, საიდანღაც გადმოვვარდი, ხელებში ჩავუვარდი და მერე ერთად ვითვლიდით ვარსკვლავებს, – ასეთი რამ არ ყოფილა.
ძალიან მარტივად დაიწყო ყველაფერი. აბსოლუტურად განსხვავებული პოლუსები ვართ, არაფერში ვგავართ ერთმანეთს.
თანაც, ერთი-ორი კვირის დაშორებული ვიყავი „ბოიფრენდს“.
ჩემს მეუღლეს აუცილებლად ვუმზადებ სადილს, რათა სამსახურში წაიღოს. ბავშვობიდან კუჭის წყლული აქვს და სულ სჭირდება კონტროლი, რომ რაიმე არ გაურთულდეს. თუ არ მივხედე, სულ ნახევარ ფაბრიკატებს შეჭამს.
ამიტომ, ქორბუდასავით ვარ გადაფარებული. კონტეინერებში გემრიელად ჩალაგებული საჭმელები მიაქვს სამსახურში.
ასევე ბავშვებსაც, რა თქმა უნდა. საჭმელს კი არა, მაწონსაც თვითონ ვაყენებ.
ორი შვილი
საკმაოდ დიდი ვიყავი, როდესაც დედა გავხდი, აზროვნება უკვე სისტემას ექვემდებარებოდა. ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა და ფანტასტიკურად მაქვს დრო განაწილებული. თან, ქარხანაში არ ვმუშაობ, დილის 9 საათიდან 7 საათამდე სამსახურში არ ვარ. ყველაფერს ვახერხებ, ვასწრებ, რომ სახლში სუპი გავაკეთო...
საქართველოსთან დაკავშირებით ბავშვებმა ყველაფერი პოზიტიური იციან: რომ ბებია-ბაბუას საფლავები თბილისშია; რომ დედა ქართველია და ამის გამო სულ გვაქვს ურთიერთობა ქართულ სამზარეულოსთან – სახლშიც და გარეთაც; რომ, როცა დედა მიდის საქართველოში, ჩამოდის იქიდან ბედნიერი და ჩამოაქვს გემრიელობები, იციან, რომ მანდ მზეა და თბილა.
შვილებლებთან ვცდილობ ვიმეგობრო. ჩემმა გოგომ, ერთხელ ორი „ორიანი“ მოიტანა. დავსხედით და ვილაპარაკეთ ყველაფერზე, ცხოვრებაზე, როგორ ხდება რაღაცეები, რა ვიბრაცია შეიძლება შემოვიდეს მის ცხოვრებაში ამ „ორიანით,“ რას ნიშნავს „ორიანი“ და „ხუთიანი“ ცხოვრების მასშტაბით...
ჩვენ ჩვენი ურთიერთობა და ფილოსოფია გვაქვს. ცხოვრებაში სულ ორჯერ მაქვს ბავშვისთვის მირტყმული და ისე შემრცხვა, ისე ვინერვიულე, დილის ოთხ საათამდე ვბღაოდი.
ძალიან ცუდი „ტექნოლოგიაა“ და ამას არასდროს აღარ გავაკეთებ, საშინელი მეთოდია. ჩემი მთავარი მიზანია, რომ არანაირ მდგომარეობასა და სიტუაციაში არ მომატყუონ.
გაჭირვება
ისეთი დღეებიც ყოფილა ბოლო ათი მანეთი მქონია და იმით მიმოძრავია. ათი მანეთი – 20 თეთრია. ამ ფულით რა უნდა მეყიდა? არაფერსაც არ ვყიდულობდი, დავრბოდი მეტროთი, ხალხს ვხვდებოდი, ველაპარაკებოდი, საკუთარ თავს „ვატენიდი“, როგორც შემეძლო.
ჩაცმულობა
ჩემს მეგობრებს რომ ჰკითხოთ როგორ ვიცვამდი მთელი ცხოვრება, მოგიყვებიან, რომ ყოველთვის გიჟურად ვიცვამდი, „პანკური“ სულისკვეთება ბავშვობიდან მქონდა და არ ვიცი, პროტესტი იყო ეს, თუ რაღაც სულიერის გამოხატულება.
ბავშვობიდან მიყვარდა ყველას გაღიზიანება. ახლა გაღიზიანება აღარ მომწონს, ახლა კლოუნობა მომწონს.
⚪აგრეთვე წაიკითხეთ:
მოკლული მამა და საყვარელი ბიჭი, 2 ქორწინება - „სილამაზით დაფარული“ მაკა ასათიანის ტრაგიკული ამბები