ეს ამბავი, რეალური ფაქტია, რომლის მთხრობელიც გვაფრთხილებს, თავი დავიცვათ ნებისმიერ სიტუაციაში და არ ვენდოთ უცნობ პირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“ ავრცელებს.
„16 წლის ასაკში ჩემს ოჯახთან ერთად ერთ-ერთ მამათა მონასტერში მოვხვდი, სადაც 30 წლამდე ასაკის ბერი, მამა გაბრიელი, გავიცანი როგორც მე, ისე ჩემმა ოჯახმა.
მიუხედავად იმისა, რომ შესამჩნევად თავშეკავებული და გაწონასწორებული, მშვიდი კაცი იყო, საგრძნობლად აქტიურობდა ჩემთან დიალოგში. გარკვეულ მომენტში მარტოც აღმოვჩნდით, ზეთით სავსე პატარა შუშა გამომიწოდა, მამა გაბრიელის ზეთია, ყოველ საღამოს ჯვრის ფორმა გამოისახე შუბლზე ამ ზეთით, ოღონდ მენსტრუაციის პერიოდში ნუ გაიკარებო. ამის ხსენებაზე რაღაცნაირად დავიმორცხვე და ჩამეძია, ისე რამდენი წლის ხარ, გაქვს უკვე მენსტრუაციაო? ვუპასუხე, თავჩახრილმა.
ისე მოხდა, ტელეფონის ნომერიც გამომართვა ჩემი მშობლების თვალწინ, რომ დავკავშირებოდი, თუ ოდესმე ისევ მოვხვდებოდი ამ ტერიტორიაზე ოჯახთან ერთად.
იმ წამიდან, დღენიადაგ მწერდა. მეკითხებოდა ჩემს წარსულ და მიმდინარე ცხოვრებაზე, სამომავლო გეგმებზე. თვითონ აქტიურად მიყვებოდა, როგორი სავსე და ფერადი ცხოვრებით ცხოვრობდა, ვიდრე ბერი გახდებოდა, როგორ ჰქონდა, მათ შორის, სექსუალური, ურთიერთობები სხვადასხვა ქალთან, რომ მისთვის არ არსებობდა ზღვარი გართობისა და სიამოვნების მიღებისთვის აქტივობაში… ცხადია, ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდებოდა, სულაც არ იყო ნორმალური. თუმცა, მერიდებოდა სასულიერო პირის, რომელიც, ჩემი, ჩემი ოჯახისა და იმ საზოგადოების, რომელშიც ვცხოვრობდი, რწმენით, უნაკლო და სრულყოფილია, თავიდან მოშორება. მით უმეტეს, ვერაფერს გავუმხელდი ჩემს მორწმუნე მშობლებს, რომლებიც დღემდე არც ერთ ოთხშაბათსა და პარასკევს არ ჭამენ ხორცსა და რძის პროდუქტებს, არც რომელიმე კვირა დღეს აცდენენ წირვაზე ფეხზედგომით დასწრების გარეშე.
დაახლოებით ერთ წელიწადზე მეტხანს მწერდა, მირეკავდა, მიგზავნიდა თავის ფოტოებს შავ კაბაში…გამუდმებით მთხოვდა, მეც გამეგზავნა ჩემი ფოტოები. ხანდახან შუაღამით, ორ-სამ საათზე დამირეკავდა, უბრალოდ შენთან საუბარი მინდაო. როგორც თვითონ მიყვებოდა, ღამღამობით საბანს წაიფარებდა თავზე და იქიდან ჩამალული მწერდა, სხვა ბერებს რომ არ გაეგოთ, არც ხელი შეშლოდათ ძილში.
ბიბლიიდან მოტანილი ციტატებით მიხსნიდა, რომ ჩემი ქალწულობა უნდა შემენახა და დამეცვა, რადგან ამაზე ძვირფასი არც მე და არც, ზოგადად, ქალებს არაფერი გაგვაჩნია-რა.
მთხოვდა, შენთან ჩამოვალ და მოგაკითხავ სახლში, გნახავ, მომენატრეო. ეს უკვე მაშინ, როცა მარტო, ოჯახისგან მოშორებით გადავედი საცხოვრებლად. ყოველ ჯერზე უარზე ვიყავი სხვადასხვა, იმ წამს მოგონილი მიზეზით. ერთხელ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, მეგობრებთან ვიყავი გასული, ჩემთან მივიდა. სახლიდან დამირეკეს, მამა გაბრიელია მოსული და შენი ნახვა უნდაო. ტვინში ლამის სისხლი ჩამექცა. უცბად მოვიფიქრე, საქმე მაქვს, ვერ მოვალ-მეთქი და არ მივედი. თურმე მელოდა კარგა ხანს, წითელი ღვინოც გაწრუპა და წავიდა.
ნელ-ნელა თითქოს უფრო გამბედავი გავხდი და აღარ ვპასუხობდი. სხვადასხვა ნომრიდან მირეკავდა და მწერდა მონოლოგის რეჟიმში სენტიმენტალურ ტექსტებს – როგორ არ გებრალება მამა გაბრიელი, რომელსაც ძლიერ ენატრები და სხვა… ფეისბუკზე ყალბი ანგარიშებით მიმატებდა და მწერდა, როგორ ვემსგავსებოდი ქალს, მეკვეთებოდა დახვეწილი ფორმები, ვხდებოდი იმაზე მიმზიდველი, ვიდრე ვიყავი. არც ერთ მის წერილსა და ზარზე საპასუხო რეაქცია არ მქონია, რაც საბოლოოდ, როგორც ჩანს, მობეზრდა.
საერთოდ დავივიწყე ამ კაცის არსებობა ჩემს ცხოვრებაში. როცა კი მახსენდებოდა, ვცდილობდი, მარტივად და ხუმრობით შემეხედა ამ საკითხისთვის, აღმექვა და მიმეღო, როგორც გამოცდილება, რომ არასოდეს არავის ვენდო, მნიშვნელობა არ აქვს, ანაფორაში იქნება გამოწყობილი, თუ – ნებისმიერ სხვა, ერთი შეხედვით, სანდო და პატივსაცემ ფორმაში“.
აგრეთვე წაიკითხეთ:
სექსუალურად იძალადეს, დამაქორწინეს და ბორდელში ძალით მამუშავეს - უცნობი ამბავი
„საკუთარი ბავშვების წინაშე მომახრჩო, თავი სამზარეულოს დანით დავიცავი და დავჭერი“ - უცნობი ამბავი
ორსულობისას მუცელში წიხლს მირტყამდა და თმით მითრევდა, სუნთქვა გაქვს გახშირებულიო - უცნობი ამბავი