Digest Logo

„სპეციალური აღჭურვილობა“ - გრძელი ფრჩხილები ძვირფასი ქვების დასამალად და ქუსლიან ფეხსაცმელში გაკეთებული სამალავი - ქურდი ქალები, რომლებიც ოჯახებს არჩენდნენ

1625136006
ქურდი ქალები

„მდიდარს ართმევენ ღარიბს აძლევენ“... ხშირად, ჩვენდა საუბედუროდ, გვიწევს იმის გაკეთება, რაც არ გვინდა... რატომ? გარემო გვაიძულებს. დიახ, არსებობს გარემოებები, რაც გაიძულებს იყო ის, ვინც არ ხარ.

დღეს გიამბობთ ქალებზე, რომლებმაც ქურდობა გარემოებების გამო გადაწყვიტეს.

ოქროსხელებიანი სონკა

XIX საუკუნის პეტერბურგში ყველაზე ცნობილი ავანტიურისტი, აფერისტი და ლეგენდარული ქურდი იყო...

სიმპათიური ქალი, ოქროსხელებიანი სონკა. შეინდლია-სურა სოლომნიაკი ვარშავის მიყრუებულ დაბაში დაიბადა. მამამისი მოპარულის შემსყიდველი და გამავრცელებელი იყო. კონტრაბანდასაც ავრცელებდა. სხვათა შორის, პატარა სურა, მამასთან მოსულ გადამყიდველებსაც კი ქურდავდა.

მისი უფროსი და ადგილობრივი მეძავი და წვრილ-წვრილი ქურდი იყო. ფეიგას სამი ოფიციალური ქმარი ჰყავდა. მაგრამ პატარა დამ ყველაფერში აჯობა. მას მარტივად შეეძლო მამაკაცებისთვის თავბრუსდახვევა, მათი მოტყუება და გაძარცვა.

მისი აფერისტული სქემა პოლიციისთვის ამოუხსნელი რჩებოდა. მისი ნიჭისა და ძლიერი სულის მამაკაცებს შურდათ კიდეც. ამასთანავე, სონკა ჭკვიანიც იყო (5 უცხო ენა იცოდა) და არტისტულიც. მოგზაურობის დროს თავს ხან ბარონესად ასაღებდა, ხან ვიკონტესად.

პირველად შეინდლია 1864 წელს, 18 წლის ასაკში, გათხოვდა. ცოლად გაჰყვა მდიდარი ვაჭრის ვაჟს, ისააკ როზენბანდს და ვარშავაში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონას, სურა-რივკას გაჩენის შემდეგ ქალმა ქმარი გაქურდა (500 მანეთი გაიყოლა თან, რაც იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხა იყო), გაიქცა და შვილიც მას დაუტოვა. შემდეგ რამდენიმე ხანი საროსკიპოში „იმუშავა“, სადაც ფრანგული და გერმანული ენები და დახვეწილი მანერები შეისწავლა. მეორედ ბებერ, მაგრამ მდიდარ ებრაელს შელომ შკოლნიკს გაჰყვა, რომელიც ისე გაძარცვა, რომ მამაკაცს ვალები დაედო. მესამედ მიხეილ ბლიუვშტეინის ცოლი გახდა. მის გვარს სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. თუმცა, მანამდე ხან სოფია (ეს სახელი თავად შეირქვა) რუბინშტეინი იყო, ხან სოფია შკოლნიკი და სოფია ბრენერი. სულ ოთხი შვილი ჰყავდა. ბოლო ორი ბლიუვშტეინისგან.

დედა-მარჩენალი

მიხეილი ოდესელი ქურდი და კარტის მოთამაშე იყო. დაქორწინების შემდეგ წყვილს ორი შვილი ეყოლა. მათ ოჯახში ხან იმდენი ფული იყრიდა თავს, რომ ვერ ითვლიდნენ, ხან კიდევ ვალებს იღებდნენ. ქმარი ცოლის სცენარებით ჯიბგირობდა, მაგრამ ერთ დღესაც პოლიციამ დააკავა. შვილების გამოსაკვებად „ოჯახური ბიზნესი“ დედამ გააგრძელა და ქურდულ გზას დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ტანით პატარა იყო - 153 სმ და არც ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, მამაკაცებს მაინც თავბრუს ახვევდა. ერთადერთი შემთხვევა, როცა პოლიციამ ფაქტზე დააკავა 1866 წლის 14 აპრილს მოხდა. სონკამ მატარებელში გაცნობილი იუნკერის ჩემოდანი მიითვისა, მაგრამ ჭაბუკს იმდენად შეაყვარა თავი, რომ აღიარებინა, თითქოს, თავად მას შეეშალა ჩემოდნები. პეტერბურგში ჩასული თავდაპირველად დამოუკიდებლად მოქმედებდა. შემდეგ ბანდა ჩამოაყალიბა, რომელშიც კანონიერი ქურდები გაწევრიანდნენ. თავად კი იმ პერიოდის პრესტიჟული კრიმინალური კლუბის „გულის ვალეტის“ წევრი გახდა.

„საქმეზე“ მუდამ შენიღბული დადიოდა. პარიკი, დასაწებებელი წარბები, მკვეთრი მაკიაჟი, ფრანგული შლაპები და ძვირფასი ქურქები. ასე ელეგანტურად ჩაცმულმა სასტუმროების გაქურდვა დაიწყო. პოლიციელებმა საქმეს კოდური სახელი „გუტენ მორგენ“ შეარქვეს. ქალი ნომერში შედიოდა და ძვირფასეულობას ეძებდა, თუ შეუსწრებდნენ, გაკვირვებას გაითამაშებდა, თითქოს ნომერი შეეშალა.

მატარებლებში დიდგვაროვანს ან მდიდარ ქვრივს განასახიერებდა. მგზავრებს უშინაურდებოდა, ეკეკლუცებოდა და ჩაძინებულს ქურდავდა. თუ ადამიანს არ ეძინებოდა, ძილის წამალი მუდამ თან ჰქონდა. მატარებლიდან ყველაზე დიდი „კუში“ ორჯერ მოხსნა. ერთხელ ციმბირელ ვაჭარს 300 ათასი რუბლი მოჰპარა; მეორედ გენერალს - 213 ათასი. ოდესელ ბანკირს, კი რომელსაც სოფია სან-დონატოდ გაეცნო, „სასწარაფო საქმეების“ გამო მატარებლით მოსკოვში დაემგზავრა. გვიანობამდე ისაუბრეს და დილით გაღვიძებულ მამაკაცს ჩანთში აღარც 43 ათასი რუბლი დახვდა და აღარც მნიშვნელოვანი საბუთები.

იუველირების ქურდი

მისი ფოტოები რუსეთისა და ევროპის ყველა პოლიციაში იყო გამოკრული. 1880 წლის 30 სექტემბერს პოლიციამ დააკავა. თავად სონკა კი არა, პოლიცია მისი საყვარლის კვალს მიჰყვა. ამჯერად ქალმა თავი 20 წლის ოდესელ აფერისტსა და ქურდს ვოლფ ბრომბეტს შეაყვარა. მამაკაცმა ქალს ოდესელი იუველირისგან ნაყიდი (ლანჟერონში სახლის ნახევარი გადაუფორმა) ლურჯი ალმასის კოლიე მიართვა. საღამო კოლიე იუველირს დაუბრუნა. დამწუხრებულმა უთხრა, რომ სამკაული მის სატრფოს არ მოეწონა. ფული დაიბრუნა და გაუჩინარდა. როცა იუველირმა აფერა აღმოაჩინა, პოლიციას მიმართა, მათ მამაკაცი მალევე დაიჭირს, ვოლფმა კი სოფია „ჩაუშვა“, რომ ქვაც მან მისცა და სცენარიც მან მოიგონა. ქალი დააპატიმრეს და ირკუტსკის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც ქალი გაიქცა, ისევ ძარცვავდა იუველირებს, ბანკირებს, მეწარმეებს. მის ხმაურიან საქმეებზე მთელი რუსეთი ალაპარაკდა.

სოფიას „სპეციალური აღჭურვილობა“ ჰქონდა. მაგალითად, გრძელი ფრჩხილები, რომლის ქვეშაც ძვირფას ქვებს მალავდა, კაბა იმგვარად ჰქონდა შეკერილი, რომ ძვირფასი ქსოვილის მთელი ნაჭერი შეეძლო დაემალა. ქუსლიან ფეხსაცმელში კი სპეციალური სამალავი ჰქონდა.

ერთ დღეს იუველირ კარლ ფონ მელიას მდიდრულად ჩაცმული მანდილოსანი ეწვია. თავი ცნობილი ფსიქიატრის მეუღლედ გააცნო, 30 ათასის ღირებულების ბრილიანტის სამკაულები შეარჩია, ჩეკი გამოწერა და საღამოს გასანაღდებლად შინ დაიბარა. როცა იუველირი ფულის მისაღებად ფსიქიატრს აღნიშნულ მისამართზე ეწვია, კარი ფსიქიატრის ცოლმა გაუღო, როცა მამაკაცმა ფული და უფრო მეტიც, „ნამდვილ ცოლთან“ შეხვედრა მოინდომა, სანიტრებმა გაკოჭეს და სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს, როცა სიმართლე გაირკვა, სონკა უკვე შორს იყო.

ერთ დღეს საიუველირო მაღაზიას ბარონესა სოფია ბუკსგევდი ეწვია, მამასთან, ჩვილთან და ბავშვის ძიძასთან ერთად. ქალბატონმა 22 ათასი რუბლის სამკაული იყიდა, მაგრამ „ბავშვის გადამკიდეს, სიჩქარეში საფულე ალბათ შინ „დარჩა“. სოფია სამკაულებით მაღაზიიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი მხლებლები კი, „ფულის გაკეთების მსურველი“ დაქირავებული მსახიობები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ნათესავები და ძიძა განასახიერეს.

დასასრულის დასაწყისი

1885 წელი სოფიას ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. თითქოს იღბალმა ზურგი აქცია. რამდენიმე საიუველიროს გაძარცვის შემდეგ ქალი დაიჭირეს და სახალინში გადაასახლეს. სამწლიანი კატორღა მიუსაჯეს. იქიდანაც კი სამჯერ სცადა გაპარვა. ერთხელ მასზე შეყვარებული უნტერ-ოფიცერი დაეხმარა. სახალინზე ქალებს თავისუფლად გადაადგილების ნება ჰქონდათ. იქ კანონიერი ქურდი ბლოხა („რწყილი“) გაიცნო და მასთან ერთად გაქცევია დაგეგმა. სოფია ჯარისკაცად გადაცმული კონვოი იყო, ბლოხა - ტუსაღი. პირველი მამაკაცი დაიჭირეს, მერე სონკა, 40 მათრახი გადასხეს და პირველი პატიმარი ქალი იყო, რომელსაც ხელ-ფეხი ჯაჭვებით დაუბეს.

აღმოჩნდა, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო და ნაყოფი დაკარგა. მესამედ გაქცევის მცდელობის შემდეგ მარტო გამოკეტეს საკანში და არც მათრახს აკლებდნენ. მას სტუმრობდნენ მოგზაურები, რეპორტიორები, მწერლები. ერთხელ ანტონ ჩეხოვიც კი ესტუმრა. არტისტიზმი სოფიას აქაც გამოადგა. მნახველებს მხატვრულად უყვებოდა საკუთარ თავგადასავლებს.

სოფიამ ვერ გაუძლო პატიმრობის მკაცრ წესებს და 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ერთ-ერთი ვერსიით. მეორე ვერსიით, ქალმა თავისუფლების მოპოვება შეძლო, ის ოდესაში დაბრუნდა და თავის საქმიანობას აგრძელებდა. ეს ჭორი იმ ფაქტმაც ააგორა, რომ სოფიასნაირი თაღლითი გამოჩნდა. მისი ხელწერა იყო თუ მისი ასლი არავინ იცის. ფაქტია, რომ შეინდლია-სურა სოლომნიაკი მართლა ოქროსხელებიანი აღმოჩნდა თავის საქმეში. მის ცხოვრებაზე მრავალსერიიანი ფილმია გადაღებული.

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ სახალინზე გარდაცვლილი ქალი, რატომღაც მოსკოვის ცენტრში, პრესტიჟულ სასაფლაოზე აღმოჩნდა დაკრძალული. მისი სასაფლაო ცალკე „მოვლენაა“. აქ მუდმივად აწყვია ცოცხალი ყვავილები, მარმარილოს ქანდაკებაზე კი მილიონოთ მინაწერია ზოგი „ქურდების დედას“ საქმეში დახმარებას სთხოვს, ზოგი კი ბანდის სახელით მოკითხვას უთვლის...

ბრილიანტების ქურდი ქალი

დორის პეინი უკანასკნელად ციხეში 83 წლის ასაკში გამოამწყვდიეს. 60 წლის განმავლობაში ნადირობდა მასზე ამერიკის, ევროპისა და აზიის პოლიცია. მას იჭერდნენ, ათავისუფლებდნენ, მაგრამ მისი გამოსწორება შეუძლებელი იყო.

ამერიკელების უმეტესობა მას დამნაშავედ არ მიიჩნევს. ის ღარიბებს არ ძარცვავდა, არავინ მოუკლავს. ის იდეალურად განასახიერებდა მილიონერების ცოლებს და ძვირფას საიუველირო სალონებს ქურდავდა. დორის პეინის ცხოვრებაზე ფილმიც კი გადაიღეს.

პირველი ქურდობა

დორისი დასავლეთ ვირჯინიის პატარა ქალაქში დაიბადა. ფანერის სახლს ფანჯრების ნაცვლად მუყაო ჰქონდა მიფარებული. პატარა ოთხში მშობლები და 6 ბავშვი ცხოვრობდა. დორისი უმცროსი იყო. ბავშვებს სათამაშოები არ ჰქონდათ და გასართობად ოთახში მოცუნცულე თაგვებს იჭერდნენ და ერთმანეთს აშინებდნენ. აფროამერიკელი მამა მეშახტე გახლდათ, მუდამ ნასვამი იყო და ინდიელ დედას დაუნდობლად სცემდა. დედა შვილს კარგად სწავლას აიძულებდა და წასახალისებლად კინოში უშვებდა. ღამღამობით, მამის ხვრინვისა და თაგვების წრიპინის ფონზე, დორისი ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე ოცნებობდა.

16 წლისას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მას არ სურდა ფანერის სახლში ცხოვრება და ლოთი ქმარი, რომელიც ცოლს სცემს. დაბადების დღეზე დედამ ფული მისცა და სკოლის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად სუვენირის ყიდვა დაავალა. დორისი ქალაქში გაემგზავრა და შემთხვევით საიუველირო მაღაზიაში შევიდა, შემთხვევით სთხოვა გამყიდველს ოქროს საათის ჩვენება, შემთხვევით შემოვიდა მაღაზიაში თეთრკანიანი მამაკაცი და გაუწყრა გამყიდველს, რადგან მან მაღაზაში ფერადკანიანი შეუშვა, შემთხვევით გაიქცა დორისი მაღაზიიდან... ოქროს საათით ხელში. არ სურდა ქურდობა, მაგრამ მიხვდა, რომ ფული უნდა დაეგროვებინა და დედა სადისტი მამისგან დაეხსნა.

პარიზიდან მონაკომდე

თავდაპირველად, ღარიბულ კაბაში ჩაცმული დორისი ჰიპერმარკეტებში ქურდობდა. შემდეგ ოქროსა და ბრილიანტის ჯერი დადგა. ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონი უშიშრად შედიოდა ფეშენებელურ მაღაზიებში. თითოეული ქურდობა ერთი მსახიობის სპექტაკლს ჰგავდა:

„ვთხოვდები ბატონ რონერზე, პენსილვანიის ცნობილ ადვოკატზე. მას სურს, ბეჭედი მაჩუქოს, რომელსაც თავად ავირჩევ“. უამრავ ბეჭედს ირგებდა მოხდენილ თითებზე. „აი, ჩემი საქმროს მანქანამ გაიარა, ვერ დაინახეთ? სამწუხაროა“... სანამ გამყიდველი მანქანის დანახვას ცდილობდა, დორისმა ერთი ბეჭედი კაბის ჯიბეში ჩაიცურა. „საღამომდე მოვიფიქრებ“, - ეუბნება გამყიდველს და სწრაფად ტოვებს სალონს. 13 ათას დოლარად შეფასებულ ბეჭედს 8 ათასად ყიდის გადამყიდველზე.

ნაქურდალის გაყიდვის შემდეგ აღებული ფულით დორისი ავადმყოფ დედას და ორ შვილს ინახავდა. მისი ყოველი ქურდობა ნიჭიერებით განსახიერებული პატარა როლი იყო, რისთვისაც ჰოლივუდში „ოსკარით“ დააჯილდოებდნენ.

1974 წელს დორისი პარიზში გაემგზავრა. საუკეთესო მოდის სახლებში შეიკერა სამოსი, საუკეთესო სუნამოებს ისხამდა. შემდეგ ნიცაში გაემგზავრა, სადაც „კარტიეს“ სალონი ელოდა, მაგრამ მხოლოდ დატკბა სიმდიდრით, მოპარვით ვერაფერი გააყოლა ხელს. ნიცაშივე გაიცნო ლოველასი, რომელმაც მიატოვა და ქალმა მანიკიურის მაკრატლით სცადა ვენების გადაჭრა, მაგრამ გადაარჩინეს. საიუველირო სალონში ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი მოიპარა. თვალი 10-კარატიანი იყო, ქვითარზე 9 ნული ეწერა. დორისი პოლიციამ დააკავა, მაგრამ ქალმა ასთმის შეტევა გაითამაშა და საპირფარეშოდან გაიქცა.

როგორ ”მუშაობენ”კოლუმბიელი ჯიბის ქურდი ქალები


აგრეთვე წაიკითხეთ:

„როცა აყვავდა ნუში“ – საინტერესო ამბები ფილმის გადაღების პროცესიდან

„არც განათლება მიუღია, არც პროფესია ჰქონდა... მის გაუპატიურებასა და მკვლელობაში მაზლიც მონაწილეობდა...“ - გაუხმაურებელი ამბავი

„სახე დაუგრძელდა, ნაკვთები გაუმკაცრა, ხელები გაუუხეშდა და ქალური ფორმები გაუქრა“ - დედა, რომელიც „ყველაზე მახინჯი ქალის ტიტულს“ შვილების გამო იტანდა