საგარეჯოში, 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა. ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს. 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მოძალადემ ბავშვს უთხრა, რომ ცოლად უნდოდა. იმავე ღამეს, ძალადობით კიდევ ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი.
ბიჭის ნათესავებმა, დილით, გოგო თავის სახლში დააბრუნეს. მსხვერპლმა მშობლებს ყველაფერი მოუყვა და უთხრა, რომ თუ იმ ბიჭზე გაათხოვებდნენ, თავს მოიკლავდა. გოგოს მშობლებმა პოლიციას მიმართეს.
საგარეჯოს პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. დანაშაული 7-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება. მსხვერპლმა პოლიციაში დეტალურად აღწერა, დანაშაული როგორ მოხდა. დაასახელა დანაშაულში მონაწილე ყველა პირი.
მოძალადემ გამოძიებას თავი აარიდა. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, ის მიიმალა. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
დანაშაული 2015 წლის 7 დეკემბერს მოხდა. საქმის არსებითი განხილვა სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 21 ივლისს დაიწყო.
ამ პერიოდში, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატმა ლია ხუროშვილმა, რომელიც დაზარალებულის ინტერესების დასაცავად საქმეში 2016 წლის ოქტომბერში ჩაერთო, საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით, სიღნაღის რაიონულ პროკურატურასა და სასამართლოს რამდენჯერმე მიმართა.
არც პროკურატურამ და არც სასამართლომ დაზარალებულის ადვოკატს საქმის მასალები არ გააცნეს. უფრო მეტიც, ადვოკატს რამდენიმე წერილობითი მიმართვა დასჭირდა, რათა მიეღწია, რომ მისთვის სასამართლო სხდომების დროის შესახებ მაინც ეცნობებინათ.
გაუპატიურების შემდეგ ძალადობის მსხვერპლ გოგოს 2 წელი სკოლაში აღარ უვლია. მას მოსწავლის სტატუსი შეუწყვიტეს, ფსიქოლოგიური დახმარება კი არავის გაუწევია. 2017 წელს, მშობლებმა ბავშვი მეზობელი სოფლის სკოლაში შეიყვანე
ადვოკატის თქმით, მსხვერპლ გოგოზე სისტემატურად ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაშინება, რომ 16 წლის გახდებოდა თუ არა, ის მოძალადეზე იძულებით გათხოვდებოდა. გოგო მშობლებს აფრთხილებდა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მას ცოცხალს ვეღარ ნახავდნენ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2018 წლის 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ მიმართა მთავარ პროკურატურას. ადვოკატი ბრალდებულის დაკავებას და დანაშაულის გადაკვალიფიცირებას ითხოვდა, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გაუპატიურებას, რადგან არასრულწლოვანს თავისუფლება აღუკვეთეს ჯგუფურად, მასზე განხორციელდა ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა.
დანაშაული 10-დან 13 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ძალადობის მსხვერპლი გოგო სასამართლოში 2018 წლის 20 დეკემბერს დაიკითხა. დაზარალებულმა კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენა, რა და როგორ მოხდა სამი წლის წინ. ისევ დაასახელა დანაშაულში მონაწილე ყველა პირი, ბრალდებული, მისი ბიძაშვილები და ახლობლები, ფერმის ყარაულიც, რომლის თანდასწრებითაც ოთახში ჩაკეტეს და მთელი ღამის განმავლობაში თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი.
მას (მოძალადეს) ვიცნობ, მამაჩემის ბიძაშვილის შვილია, ძალიან ახლოს ვცხოვრობთ. მთელი ცხოვრებაა მას ვიცნობ. მისი ოჯახის წევრებსაც ვიცნობ, ისიც იცნობს ჩემი ოჯახის წევრებს. მის დასთან ვიყავით სანახავად, მეგობრებმა წამიყვანეს. იქ მოვიდა. მითხრა, მამაშენმა დაგირეკა ტელეფონზე, დამალაპარაკეო. მე ვუთხარი, მამაჩემს დარეკვა თუ უნდოდა, მეც მაქვს ტელეფონი და აქ დარეკავდა მეთქი. მან ხელი წამავლო და გარეთ ძალით გამიყვანა.
ეზოში ორნი იყვნენ, კართან თეთრი ფერის მანქანა იდგა. იქაც მისი ორი ბიძაშვილი იყო. მანქანაში ძალით ჩამსვეს. ეზოში ვინც იყვნენ, დაინახეს, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. შველას ვთხოვდი, თუმცა არ დამეხმარნენ. ღამე, დაახლოებით 8 საათი იქნებოდა, ბნელოდა, მინდვრისკენ წამიყვანეს. ფერმა იყო, იქ მიმიყვანეს. არავინ იყო, შველა რომ მეთხოვა.
ფერმაში კაცი დაგვხვდა. კარი გააღო. ერთმანეთს იცნობდნენ. ოთახში ძალით შემიყვანეს, ვყვიროდი და არ მივყვებოდი. შუქი არ იყო. ღუმელი იდგა და ცეცხლი ანათებდა მხოლოდ. ოთახში მე და ის ბიჭი დაგვტოვეს. კარი გარედან ჩაკეტეს, იმიტომ, რომ ერთხელ თვითომ რომ გავიდა გარეთ, დაუკაკუნა და ისე გაუღეს.
როდესაც ჩემზე ძალადობას აპირებდა, წინააღმდეგობას ვუწევდი. იქვე, ახლოს, ტელევიზორი იდგა, ხელი ვკარი, გადავარდა და გატყდა. მარცხენა მხარეს, სახეში ძლიერად დამარტყა. ტელევიზორის ნამტვრევებზე დავეცი. ტანსაცმლის გახდა დამიწყო, საშუალებას არ ვაძლევდი. ყურიც დამიხია. მერე ხელები შემიკრა, საწოლზე მიმაბა და გამაუპატიურა.
როდესაც ჩემზე ძალა იხმარა, მერე გარეთ გავიდა. ცოტა ხანში ისევ შემოვიდა. კიდევ ძალა იხმარა ჩემზე, სქესობრივი კავშირი დაამყარა. მერე ცოტა დაიძინა. მე შეშინებული ვიყავი. აღარაფერი შემეძლო. მერე ადგა და გავიდა. კარი ისევ გარედან ჩაკეტეს. ოთახს ფანჯარა ჰქონდა, მაგრამ ფიცრებით იყო დაკეტილი და ვერ გავიდოდი.
უკვე თენდებოდა. მესამედ იხმარა ჩემზე ძალა. ისევ დაამყარა სქესობრივი კავშირი. ვუძალინდებოდი, მაგრამ აღარ შემეძლო. ყველაფერი მტკიოდა. მეუბნებოდა, ცოლად უნდა წაგიყვანო და ოქროს გიყიდიო. ყველამ იცოდა, რომ მე 14 წლის ვიყავი.
დილით გარეთ გამიყვანეს, წინა ოთახში. ჩაი შემომთავაზეს, არ დავლიე. ისევ იმ ოთახში დამაბრუნეს. ორი ხელი დაბმული მქონდა და საწოლზე მიმაბა. ცოტა ხანში ბიჭის მამიდა და ძმა მოვიდნენ. თეთრი მანქანით სახლში წამიყვანეს. დედასთან და მამასთან რომ მივედი, ყველაფერი მოვუყევი, – აღნიშნავს დაზარალებული სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც გამოცემა „რეგინფომ“ მოიპოვა.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 2015 წლის 7 დეკემბერს ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, გოგო გაუპატიურებულია. ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, გოგოს ტანსაცმელზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალა, ბრალდებულის სისხლის ნიმუშის იდენტურია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
მსხვერპლებისგან დამზადებული საპონი და ნამცხვრები - სერიული მკვლელის ამბავი