გოჩა ესებუამ წინაპართა სკივრიდან ამოღებული რაინდის ჯვრიანი სამოსელი მოირგო და გაეროს დამკვირვებლები მძევლად აიყვანა.
მეგრული სტუმართმოყვარეობის ფონზე მიმდინარე ერთკვირიანი ტრაგიკომედია, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდა, ბედნიერად დასრულდა, ხოლო გოჩა ესებუა 1998 წლის 31 მარტს, თავისი სათაყვანებელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე მოკლეს.
სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში გოჩა ესებუას შესახებ მომზადებული სტატიის ამონარიდს აქვეყნებს:
„ჯიხასკარში განვითარებულ მოვლენებს, თითქმის, მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს. ქართველი ტერორისტები არ ითხოვდენენ მილიონებს და თვითმფრინავს სადმე გასაფრენად, მათი მოთხოვნები იმდენად გულუბრყვილო იყო, რომ ბევრის მნახველი ექსპერტებიც კი საგონებელში ჩააგდო.
ესებუა შევარდნაძესა და კანონიერ ხელისუფლებას შორის დაუყოვნებლივ მოლაპარაკებათა დაწყებას ითხოვდა.
სანამ ხელისუფლება ტერორისტების მოთხოვნებზე ფიქრობდა, უცხოელი მძევლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ მასპინძლებით.
ყოველ საღამოს ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს სადღეგრძელოს სვამდნენ და ესებუასთან სტუმრობას მომავალშიც აპირებდნენ.
ამასობაში დრო გაიწელა, დაძაბულობა მატულობდა და არავინ იცოდა, ასეთი იდილია კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა.
20 თებერვალს ზუგდიდში სამხარეო უშიშროების უფროსის, თემურ გაბუნიას კაბინეტში, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნები შეიკრიბნენ.
– რა პასუხი აქვთ ჩვენს შეთავაზებაზე ტერორისტებს? – იკითხა უშიშროების მინისტრმა.
– იარაღის დაყრასა და დანებებაზე უარს აცხადებენ. – უპასუხა აფხაზეთის უშიშროების უფროსმა თემურ ხევსურიანმა, – გარდა ამისა, ჩვენ დათმობაზე წავედით. შევთავაზეთ აფხაზეთის მხარეს დერეფნის მოწყობა და მათი უსაფრთხოდ გაშვება.
– რაო მერე? – დაინტერესდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
– უარი თქვეს! ჩვენ ტერორისტები არა ვართო. თუმცა მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.
– პრეზიდენტის ბრძანებაა, ყველაფერი უსისხლოდ და მშვიდობიანად დამთავრდეს. ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი კი მზად არის, შუამავლის როლი იკისროს ხელისუფლებასა და ტერორისტებს შორის, მაგრამ მოვლენების სხვაგვარად განვითარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად… – აღნიშნა ჯემალ გახოკიძემ.
– ყველაფერია შესაძლებელი, – საუბარში შინაგანი ჯარების უფროსი გია შერვაშიძე ჩაერთო, – საქმე იმაშია, რომ ზუგდიდსა და ჯიხასკარის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი შეიარაღებული პირი იმყოფება და არა მხოლოდ შინაგანი ჯარის ნაწილები.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეიარაღებული მხარდამჭერები მეორე მხარესაც ჰყავს, ამიტომ პროვოკაციის შანსი დიდია!
გარდა ამისა, სამწუხაროდ, არის ადგილები, საიდანაც ტერორისტები საჭიროების შემთხვევაში გაპარვას შეძლებენ…”- წერს მანჩო გიორგობიანი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„სანაიას მკვლელი“ და გივი თარგამაძის „აფეთქების“ ორგანიზატორი - ჭიჭიაშვილის გაუხმაურებელი ისტორიები
ქართველი, ნახევრად ქრისტიანი ჯიჰადისტის, „წითური გენერლის“ გაუხმაურებელი ისტორიები