Digest Logo

ვინ იყო წმინდა გიორგი და რატომ არის გამოსახული მასთან ერთად ხატზე გველეშაპი - წმინდა გიორგის ისტორია

1637652952
წმინდა გიორგის ფრესკა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 23 ნოემბერს, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.

გიორგობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ - 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 ნოემბერს (ახ. სტილით 23 ნოემბერი) აღინიშნება. ეკლესია 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი – ბორბალზე წამების დღეს. წმინდანის წამების დღეს მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.

გადმოცემის მიხედვით, წმინდა გიორგი კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში, დაახლოებით 275 წელს დაიბადა. მისი მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო, რომელმაც სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა.

ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, თავის მამულში პალესტინაში გადასახლდა და ღმრთისმოშიშებით ზრდიდა შვილს.

გიორგიმ ახალგაზრდობაში დაიწყო სამხედრო სამსახური და ბრძოლაში გამორჩეულმა მეომარმა მალევე მიიპყრო იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება. იმპერატორმა იგი დაიახლოვა და მას მხედართმთავრის წოდებაც უბოძა.

დიოკლეტიანე პირველ ხანებში ქრისტიანებს არ დევნიდა, მაგრამ 15 წლის მმართველობის შემდეგ იმპერიაში შიმშილი, აჯანყებები და ეპიდემიები დაიწყო. ქურუმებმა და დიოკლეტიანემ გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანაში ქრისტიანების მომრავლების გამო მოხდა და მათი დევნა დაიწყო. იმპერიის ყველა პროვინციაში ქრისტიანთა მასობრივი, სასტიკი დევნა დაიწყო. ბევრმა ქრისტიანმა ტანჯვა-წამებას ვერ გაუძლო და ქრისტე უარყო.

ამ დროს, აშკარა საფრთხილის მიუხედავად, გიორგი მეფესთან შევიდა და მის წინაშე ქრისტიანობაი ქადაგა, კერპთა მიმდევარნი კი გაკიცხა. დიოკლიტიანემ წმინდა გიორგის გადაბირება ვერაფრით შეძლო, ამიტომ მისი წამება გადაწყვიტა. მეფემ თავდაპირველად მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა მაგრამ წმინდანის ხორცთან შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. შემდეგ დეოკლიტიანეს ბრძანებით, წმინდა გიორგი ბორბალზე დააკრეს, ქვემოთ კი მახვილები დააგეს, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაისერა. მაგრამ ღვთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა ქრისტეს რჯულზე მრავალი ადამიანი მოაქცია, მათ შორის მეფის მეუღლე ალექსანდრიაც, რომელმაც დეოკლიტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მაგრამ მეფის ბრძანებით დედოფალი დაატყვევეს. წმინდა გიორგი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ამ განსაცდელსაც გადაურჩა. მაშინ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელებით სირბილი აიძულეს და თან უმოწყალოდ გაშოლტეს.

ესეც არ იკმარეს, მას წლების წინ გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება მოსთხოვეს. წმინდა გიორგიმ ილოცა და მართლა გააცოცხლა ადამიანი, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდა. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შემატა ეკლესიას, თუმცა ბევრი მათგანი წამებით მოკლეს. ქურუმებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინააღმდეგ, ამიტომ დიოკლეტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.

წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი მრავალია. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ნიშანდობლივია:

ქალაქ ლასიაში მეფობდა ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი, კერპთმსახური სელინოსი. ქალაქის მახლობლად მდებარე ტბაში გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მისი მოკვლა ვერავინ შეძლო. დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ - რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. ასეც მოხდა: ყველა მოსახლემ გაიმეტა თითო შვილი და მეფის ასულის ჯერიც დადგა. შეწუხებულმა მამამ ხალხს უამრავი სიმდიდრე შესთავაზა ოღონდ კი ვინმეს აერიდებინა მისი ქალიშვილისთვის ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ ამაოდ, ხალხი მას არ თანაუგრძნობდა. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ქალი ტბიდან ვეშაპის გამოსვლას ელოდა, გზად წმინდა გიორგიმ გაიარა, დაინახა თვალცრემლიანი ქალიშვილი და ტირილის მიზეზი ჰკითხა.

ქალმა სთხოვა სწრაფად გასცლოდა ამ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ ის მას არ მიატოვებდა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა. მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ დაამშვიდა იგი და უთხრა, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხებაში დახმარებოდა. მალე ვეშაპიც გამოჩნდა, წმინდა გიორგიმ გამოსახა მასზე ჯვარი და შეევედრა უფალს:

„ღმერთო, ეს მხეცი ჩემს მორჩილად გადააქციე“. სულიწმიდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი მოქალაქენი წმინდანმა დაამშვიდა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს“. მეფემ და მისმა ქვეშევრდომებმა შეჰღაღადეს:

„გვწამს მამა, ძე და სული წმინდა“. წმინდა გიორგიმ იშიშვლა მახვილი, მოკლა გველეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ხალხი დაემხო წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდა.

სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც მხეცს კლავს. მხეცის განმგმირავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტიანობის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ.

საქართველოში უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მრცხვე­ნია ამას, რომ ვამ­ბობ, მაგ­რამ საჭ­მლის ფული არ მქონ­და... ამ­ჟა­მად ამერიკაში გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ - კობა სუბელიანი

🔵დღეს გიორგობაა

🔵„ძალიან მენატრება ის ხელი და ის შელოცვა" - რას იხსენებს გიორგი კეკელიძე